ფინეთი-შვედეთი-NATO

პესკოვი: ფინეთ-შვედეთთან დავა არ გვაქვს, უკრაინის NATO-ში გაწევრიანება რისკია კონტინენტისთვის

Natalia Kolesnikova / AFP / Getty Images

კრემლის სპიკერმა, დმიტრი პესკოვმა განმარტა, თუ რატომ განსხვავდება რუსეთის რეაქცია უკრაინისა და ფინეთ-შვედეთის NATO-ში გაწევრიანების შესახებ. პესკოვმა ყურადღება გაამახვილა, რომ რუსეთს არ აქვს ტერიტორიული დავა არც ფინეთთან და არც შვედეთთან მაშინ, როდესაც უკრაინა "შეიძლება გახდეს NATO-ს წევრი, შემდეგ მოსკოვს ტერიტორიული დავა ექნება ალიანსის წევრ სახელმწიფოსთან, რაც უზარმაზარ რისკებს შეიცავს მთელი კონტინენტისთვის".

"ჩვენ ყურადღებით დავაკვირდებით რა მოხდება, ყურადღებით ვადევნებთ თვალს განცხადებებს. იყო განცხადებები შვედეთისგან, რომ არ აპირებს უცხო სამხედრო ბაზების ან იარაღის სისტემების განთავსებას მათ ტერიტორიაზე, თუნდაც ის ალიანსის წევრი იყოს". – თქვა პესკოვმა.

15 მაისს NATO-ს გენერალურმა მდივანმა, იან სტოლტენბერგმა აღნიშნა, ის დარწმუნებულია, რომ ფინეთისა და შვედეთის NATO-ში გაწევრიანების საკითხზე თურქეთის წინააღმდეგობის მიუხედავად, ალიანსი შეძლებს დისკუსიისა და განხილვების შედეგად საერთო ენის გამონახვას და კონსენსუსის მიღწევას

თურქეთის პრეზიდენტი, რეჯეფ თაიფ ერდოღანი ფინეთისა და შვედეთის NATO-ში გაწევრიანების საკითხს პესიმისტურად აფასებს. ერდოღანის თქმით, გაფართოებაზე წევრი ქვეყნები ერთსულოვნად უნდა შეთანხმდნენ. ასევე, მისი აზრით, საბერძნეთის NATO-ში შესვლა შეცდომა იყო.

12 მაისს ფინეთის პრეზიდენტმა და პრემიერმინისტრმა საერთო განცხადება გამოაქვეყნეს, რომ ფინეთმა NATO-ში გაწევრიანების განაცხადი დაუყოვნებლივ უნდა შეიტანოს". რუსეთის უკრაინაში შეჭრამ უსაფრთხოების პოლიტიკის სასწრაფო გადახედვა გამოიწვია როგორც შვედეთში, ასევე ფინეთში.  

რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ, ფინეთში, საჯარო კვლევებში NATO-ში გაწევრიანება ქვეყნის უმრავლესობამ პირველად მოინდომა. მოსახლეობაში ალიანსის წევრობის სურვილი, წინა მონაცემებთან შედარებით, 19%-ით, 62%-მდე იყო გაზრდილი.

კომენტარები