რუსეთ-უკრაინის 2022 წლის ომი

აზოვსტალიდან 264 სამხედრო გამოვიყვანეთ, უკრაინას თავისი გმირები ცოცხლები სჭირდება – ზელენსკი

ვოლოდიმირ ზელენსკი
UNIAN

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ თქვა, რომ უკრაინა ცდილობს გადაარჩინოს სამხედროები აზოვსტალის ტერიტორიიდან.

მისი თქმით, 211 ჯარისკაცი შემდგომი გაცვლისთვის ოკუპირებულ ტერიტორიაზე გადაიყვანეს, 53 მძიმედ დაჭრილი კი სამხედრო ნოვოაზოვსკის ტერიტორიაზე მდებარე ჰოსპიტალში გადაიყვანეს.

 "ეს არ არის ადვილი დღე. მაგრამ ეს დღე, ისევე როგორც ყველა სხვა, ჩვენი ქვეყნისა და ჩვენი ხალხის დაცვას ემსახურება. მადლობა უკრაინელი სამხედროების - უკრაინის შეიარაღებული ძალების, დაზვერვის, ასევე მოლაპარაკებების ჯგუფს, წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტს და გაეროს. ვიმედოვნებთ, რომ ჩვენ შეგვიძლია გადავარჩინოთ ჩვენი შვილების სიცოცხლე.

მინდა ხაზი გავუსვა, რომ უკრაინას ცოცხლად სჭირდება უკრაინელი გმირები. ეს არის ჩვენი პრინციპული მიზანი. ვფიქრობ, ყველა ადეკვატური ადამიანი გაიგებს ამ სიტყვებს".- ამბობს ზელენსკი. 

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ინფორმაციით, "აზოვსტალის ტერიტორიაზე დარჩენილი უკრაინის მცველების გადარჩენის ღონისძიება გრძელდება". 


უკრაინის ვიცეპრემიერის, ირინა ვერეშჩუკის ინფორმაციით, აზოვსტალიდან თავდაპირველად 60 ადამიანის გამოყვანაზე მოლაპარაკება მიმდინარეობს. მისივე ცნობით, რუსეთი ყველა ადამიანის ერთად გამოყვანას არ თანხმდება. 

16 მაისს რუსეთმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ აზოვსტალის ქარხნის ტერიტორიიდან დაჭრილი უკრაინელი სამხედროების გაყვანა დაწყებულია. 

12 მაისს გავრცელდა ინფორმაცია, რომ აზოვსტალიდან სამხედროების ევაკუაცია თურქეთის შუამავლობით იგეგმება. ბოლო ცნობებით, ქარხანაში 1 000-ზე მეტი უკრაინელი ჯარისკაცია, რომელთაგან ბევრი დაშავებულია. აზოვსტალის ქარხანა უკვე დატოვა ყველა ქალმა, ბავშვმა და მოხუცმა.

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო. პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

უკრაინაში შეჭრის პარალელურად, მსოფლიოს წამყვანი ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები