13 ივლისს ევროპის კავშირის საბჭო სომხეთისთვის ევროკავშირის საპარტნიორო მისიას (EUPM) წამოიწყებს, რომლის მიზანიც ჰიბრიდული საფრთხეების წინააღმდეგ ქვეყნის მდგრადობის გაძლიერებისა და უსაფრთხოების კუთხით არსებულ გამოწვევებთან გამკლავებისთვის მთავრობის მხარდაჭერაა.
პრესრელიზის მიხედვით, მისია, რომელიც ფორმალურად 2026 წლის 21 აპრილს ჩამოყალიბდა, გააძლიერებს სომხეთის უნარს, რათა შესაძლებელი იყოს ჰიბრიდულ გამოწვევებთან გამკლავება, მათ შორის კიბერსაფრთხეების, უცხოური ინფორმაციის მანიპულაციისა და გავლენის (FIMI) ოპერაციებისა და უკანონო ფინანსური ნაკადების წინააღმდეგ.
"კონკრეტულად, მისია სტრატეგიული რჩევებით, ტექნიკური ექსპერტიზითა და ინსტიტუციური შესაძლებლობებით უზრუნველყოფს სომხეთის სხვადასხვა ეროვნულ ინსტიტუციას." – ვკითხულობთ გავრცელებულ განცხადებაში.
სომხეთისთვის ევროკავშირის საპარტნიორო მისია ერევნის თხოვნით ჩამოყალიბდა და მისი ხანგრძლივობა ორი წელი იქნება. მისიის ხელმძღვანელად 2026 წლის 11 ივნისს კოსმინ ჯორჯ დინესკუ დაინიშნა, რომელიც წარსულში მოლდოვაში ევროკავშირის საპარტნიორო მისიის პირველი თავმჯდომარე იყო.
"სტრატეგიული რჩევების, სპეციალიზებული ექსპერტიზისა და შესაძლებლობების გაძლიერების უზრუნველყოფით, მისია სომხეთს დაეხმარება უკეთ აღკვეთოს, გამოამჟღავნოს და უპასუხოს ჰიბრიდულ საფრთხეებს ისე, რომ სრულად პატივცემული იყოს ქვეყნის საკუთრება და სუვერენიტეტი." – წერია პრესრელიზში.
ცნობისთვის, სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა 2025 წლის დეკემბერში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლისადმი მიწერილ წერილში ბლოკს სომხეთში სამოქალაქო მისიის გაგზავნისკენ მოუწოდა.




