მთიანი ყარაბაღის კონფლიქტი

რუსეთის თავდაცვა: აზერბაიჯანმა ყარაბაღში შეხების ხაზი დაარღვია

რუსი სამხედრო ყარაბაღში, დადივანქის მონასტერთან.
ანდრეი დოროდულინი/AFP

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, აზერბაიჯანმა მარტაკერტის (აზერბაიჯანულად აღდარას) რაიონში, იარმჯას დასახლებულ პუნქტში შეხების ხაზი დაარღვია.

რუსეთის თავდაცვის უწყების ინფორმაციის მიხედვით, მათი სამშვიდობო კონტინგენტის სარდლობა აზერბაიჯანისა და მთიანი ყარაბაღის წარმომადგენლებთან თანამშრომლობით ინციდენტის მოსაგვარებლად ზომებს იღებს.

"იარმჯას დასახლებული პუნქტის რაიონში აზერბაიჯანის მხარის მიერ დაფიქსირდა შეხების დადგენილი ხაზის დარღვევა. რუსული სამშვიდობო კონტინგენტის სარდლობა, აზერბაიჯანისა და მთიანი ყარაბაღის წარმომადგენლებთან თანამშრომლობით, ინციდენტის მოსაგვარებლად ზომებს იღებს.

უზრუნველყოფილია ლაჩინის დერეფნის გავლით აზერბაიჯანის რესპუბლიკის შეიარაღებული ძალების ოთხი კოლონის გაცილება: ორი ჩრდილოეთით, ორი სამხრეთით". – ნათქვამია რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში.


24 მარტს ოფიციალურმა სომხეთმა განაცხადა, რომ აზერბაიჯანმა დაარღვია 2020 წლის ომის შემდეგ დადებული შეთანხმება და ყარაბაღში, რუსეთის ფედერაციის სამშვიდობო ძალების კონტროლის ზონაში ერთი სოფელი დაიკავა. 25 მარტს კი სომხეთმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ აზერბაიჯანმა მთიანი ყარაბაღის რეგიონში, რუსეთის სამშვიდობო მისიის პასუხისმგებლობის ქვეშ მყოფ ტერიტორიაზე თავდასხმები გააგრძელა. მათი ცნობით, 24-25 მარტს გამოყენებული იყო თურქული წარმოების Bayraktar TB2-ის ტიპის უპილოტო საფრენი აპარატები, რასაც 3 სომეხი სამხედროს სიცოცხლე ემსხვერპლა, 14 კი დაიჭრა. 

სომხეთი რუს სამშვიდობოებს შესაბამისი ზომების მიღებისკენ მოუწოდებდა. 

26 მარტს რუსეთის თავდაცვის სამინისტრო დაადასტურა სომხეთის მხარის ჩივილი, რომ 24-25 მარტს აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალები რუსი სამშვიდობოების მიერ კონტრელირებად ტერიტორიაზე შევიდნენ და მთიანი ყარაბაღის შეირაღებულ ფორმირებებს Bayraktar TB2-ის ტიპის უპილოტო საფრენი აპარატებით დარტყმები მიაყენეს. განცხადებაში ნათქვამი იყო, რომ რუსი სამშვიდობოები იღებდნენ სიტუაციის ნორმალიზაციისთვის საჭირო ზომებს, ხოლო აზერბაიჯანს სამხედროების უკან გაყვანის მოწოდება გაეგზავნა. 

ამას მოჰყვა აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს განცხადება, რომელშიც გამოთქმული იყო მწუხარება "რუსეთის ფედერაციის ცალმხრივი განცხადების გამო". ბაქომ მოსკოვს მოუწოდა ყარაბაღის სომხური უკანონო შეიარაღებული ჯგუფებისგან დაცლისკენ, რაც, როგორც ამბობენ, სამმხრივი განცხადებით ნაკისრი ვალდებულებაა. ასევე, აზერბაიჯანმა აღნიშნა, რომ მათ ტერიტორიაზე არ არსებობს ერთეული სახელად "მთიანი ყარაბაღი" და ეს გამოთქმა არ უნდა იყოს გამოყენებული. შეასწორეს რუსეთის მიერ "ფურუხად" მოხსენიებული სოფელიც და აღნიშნეს, რომ ამ სოფელს ფარუხი ჰქვია. 

მხარეებმა განცხადებები მომდევნო დღესაც გაცვალეს

6 აპრილს ბრიუსელში გაიმართა შეხვედრა სომხეთისა და აზერბაიჯანის ლიდერებს შორის, რასაცს ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, შარლ მიშელი შუამავლობდა. მხარეები სამშვიდობო შეთანხმებაზე მუშაობასა და სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვრის სადემარკაციო კომისიის შექმნაზე შეთანხმდნენ. თუმცა, ამის მიუხედავად, შეხვედრიდან რამდენიმე დღის შემდეგ სომხეთის პრემიერმინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა აღნიშნა, რომ ბაქომ, შესაძლოა, მოლაპარაკებების ჩიხში შეყვანა სცადოს.

ვრცლად ყარაბაღის ამჟამინდელი დაძაბულობის შესახებ წაიკითხეთ აქ – ომი უკრაინაში და ყარაბაღის დაძაბულობა – როგორ სინჯავს ბაქო სამოქმედო ნიადაგს.

კომენტარები