მთიანი ყარაბაღის კონფლიქტი

ომი უკრაინაში და ყარაბაღის დაძაბულობა – როგორ სინჯავს ბაქო სამოქმედო ნიადაგს

მთიანი ყარაბაღის კონფლიქტი

ომი უკრაინაში და ყარაბაღის დაძაბულობა – როგორ სინჯავს ბაქო სამოქმედო ნიადაგს

მანამ, სანამ უკრაინაში ვლადიმირ პუტინის ბლიცკრიგის გეგმა ჩაიშალა და მთელი პროცესი გაჭიანურდა, აზერბაიჯანი ყარაბაღში მოქმედებისთვის ნიადაგს სინჯავს და მოსკოვს გამოცდას უწყობს. 

ყარაბაღში სიტუაციის დაძაბვასთან ერთად, ქართულ სოციალურ სივრცეში გავრცელდა მოსაზრებები, თითქოს ეს ყველაფერი ბაქოს მოსკოვთან შეთანხმების გარეშე არ მოხდებოდა და მოვლენების ესკალაცია იყო კრემლის გაფრთხილება სომხეთისთვის, რომელსაც რუსეთის უკრაინაში შეჭრასთან დაკავშირებით ნეიტრალური პოზიცია უჭირავს. 

დაძაბულობის პირველ დღეებში ეს თეორია, ალბათ, დამაჯერებელი ჩანდა, თუმცა, როგორც 25 მარტის შემდეგ განვითარებულმა მოვლენებმა გვაჩვენა, შესაძლოა, რეალური სიტუაცია სხვაგვარი იყოს. ბოლო მოვლენებზე საუბრამდე, საჭიროა გასული კვირის მოვლენების თანმიმდევრული აღწერა.

მოვლენების განვითარება

ყარაბაღში დაძაბულობას წინ უძღოდა იმ გაზსადენის დაზიანება, რომელიც სომხეთიდან ბუნებრივ აირს ე.წ. მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკის მოსახლეობას აწვდიდა. შემთხვევა 8 მარტს, აზერბაიჯანის კონტროლირებად ტერიტორიაზე მოხდა. ყარაბაღელი სეპარატისტები ავარიის მოწყობაში ბაქოს ადანაშაულებდნენ და შემთხვევას დივერსია უწოდეს.. გაზსადენის შეკეთებასთან დაკავშირებულ მოლაპარაკებებში ჩაერთო ერევანი და რუსი სამშვიდობოების კონტინგენტი. გაჭიანურებული პროცესის შემდეგ, მისი შეკეთება აზერბაიჯანულმა მხარემ 16 მარტს დაიწყო და 19 მარტს ბუნებრივი აირის მიწოდება აღდგა. თუმცა, არც თუ ისე დიდი ხნით, ორი დღის შემდეგ კვლავ შეწყდა, ე.წ. მთიანი ყარაბაღის ბრალდებით, აზერბაიჯანის პირდაპირი ჩარევით, რასაც ბაქო უარყოფს. 

ამ ყველაფრის შემდეგ, ყარაბაღში ესკალაცია დაიწყო. 24 მარტს სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ბაქომ დაარღვია ყარაბაღის მეორე ომის შემდეგ რუსეთის, სომხეთისა და აზერბაიჯანის 2020 წლის 9 ნოემბრის სამმხრივი განცხადება და დაიკავა რუსი სამშვიდობოების პასუხისმგებლობის ზონაში მყოფი სოფელი პარუხი. ერევანი აცხადებდა, რომ აქამდე აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალები მაღალკალიბრიანი იარაღით სამოქალაქო ინფრასტრუქტურას ბომბავდნენ. სომხეთმა რუს სამშვიდობოებს შესაბამისი ზომების მიღებისკენ და აზერბაიჯანელების საწყის პოზიციებზე დაბრუნებისკენ მოუწოდა.

საპასუხოდ, აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ ნახსენებ ზონაში არ მომხდარა არანაირი შემთხვევა ან შეტაკება და მიმდინარეობდა პოზიციებისა და დისლოკაციის ადგილების დაზუსტება. 

უკვე 25 მარტს, სომხური მედია ავრცელებდა ინფორმაციას, რომ აზერბაიჯანმა ყარაბაღში თურქული წარმოების Bayraktar TB2-ის ტიპის უპილოტო საფრენი აპარატები გამოიყენა. სეპარატისტები ამბობდნენ, რომ 24-25 მარტის თავდასხმებს 3 სომეხი კონტრაქტორის სიცოცხლე ემსხვერპლა.

იერიშებზე გავრცელებული ინფორმაციის შემდეგ, აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ ყარაბაღში სომეხთა შეიარაღებულმა ფორმირებებმა 26 მარტს დივერსიული ქმედებები სცადეს, რაზეც აზერბაიჯანმა მათ "უკან დახევა აიძულა".

სიტუაცია ჯერ სომხეთისა და რუსეთის ფედერაციის თავდაცვის მინისტრებმა, სურენ პაპაკიანმა და სერგეი შოიგუმ განიხილეს. შემდეგ კი, ორჯერ ისაუბრეს პრემიერმინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა და ვლადიმირ პუტინმა.

ბაქოს ხისტი დიპლომატიური ენა მოსკოვის მიმართ

ყარაბაღში არსებული ვითარება ნელ-ნელა ბაქო-მოსკოვის განცხადებების სიტყვა-პასუხში გადაიზარდა.

26 მარტს რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ გაავრცელა განცხადება, რომელშიც წერდნენ, რომ აზერბაიჯანელი სამხედროები “შევიდნენ რუსი მშვიდობისმყოფელების პასუხისმგებლობის ზონაში მთიან ყარაბაღში და დადგეს სადამკვირვებლო პოსტი. ფურუხის დასახლებულ პუნქტში მთიანი ყარაბაღის შეიარაღებულ ფორმირებებზე Bayraktar TB2-ის ტიპის უპილოტო საფრენი აპარატებით 4 იერიში მიიტანეს”. ასევე, აღნიშნული იყო, რომ რუსი სამშვიდობოების კონტიგენტი იღებდა ზომებს “სიტუაციის რეგულაციისთვისა და სამხედროების საწყის პოზიციებზე დაბრუნებისთვის” და “აზერბაიჯანულ მხარეს გაეგზავნა ჯარისკაცების გაყვანის მოწოდება”.

Bayraktar TB2 აზერბაიჯანის აღლუმზე, რომელიც ყარაბაღის ომის დასრულების აღსანიშნავად ჩატარდა. 2020 წლის 10 დეკემბერი.
Daily Sabah

საპასუხო განცხადება ბაქოს არ დაუყოვნებია. მათ რუსეთის სიტყვებთან დაკავშირებით მწუხარება გამოთხვეს და განცხადებას “ცალმხრივი” და “რეალობის არამსახველი” უწოდეს

აზერბაიჯანმა მკაცრად გააკრიტიკა რუსეთის მიერ გამოყენებული ტერმინები და მომავალში მათი სწორად დაწერისკენ მოუწოდა.

"აზერბაიჯანის ტერიტორიაზე არ არსებობს ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეული "მთიანი ყარაბაღის" სახელით. [რუსეთის] განცხადებაში ნახსენები სოფელის სახელი არის ფარუხი და არა ფურუხი… [რუსეთმა] არ გამოიყენოს გამოთქმა "მთიანი ყარაბაღი" და სწორად მიუთითოს აზერბაიჯანის ტერიტორიების დასახელებები”, - ეწერა განცხადებაში. 

მნიშვნელოვანია ისიც, რომ აზერბაიჯანი პირდაპირ ითხოვდა რუსეთის მხარის მიერ ყარაბაღიდან სომხეთის შეიარაღებული ძალებისა და უკანონო სომხური დაჯგუფებების ნაწილების გაყვანის უზრუნველყოფას. 

განცხადებაში ასახული მოვლენების აზერბაიჯანული ვერსიით, 2020 წლის 9 ნოემბრის შეთანხმება სომხეთმა დაარღვია და არა თავად. ხოლო რუსეთის სიტყვები 2022 წლის 22 თებერვალს გაფორმებულ მოკავშირეთა ურთიერთქმედების დეკლარაციასთან წინააღმდეგობაში მოდიოდა.

ე.წ. არცახის თავდაცვის არმიის T-72B-ს ტიპის ტანკები

განცხადებების გაცვლა აქ არ დასრულებულა. 27 მარტს რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ გაავრცელა კიდევ ერთი ცნობა, რომ დაფიქსირდა ცეცხლის შეწყვეტის დარღვევის 2 შემთხვევა და მხარეების შორის იყვნენ დაჭრილებიც. რუსეთის მტკიცებით, "ჩატარებული მოლაპარაკებების შედეგად, აზერბაიჯანის მხარემ ფურუხის დასახლებული პუნქტიდან დანაყოფები გაიყვანა". აღსანიშნავია, რომ აზერბაიჯანის მხრიდან წინა შესწორების მიუხედავად რუსეთმა სოფლის დასახელებად კვლავ სიტყვა “ფურუხი” გამოიყენა. 

მალევე გამოქვეყნდა აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს ახალი განცხადებაც, რომელშიც აღნიშნული იყო, რომ რუსეთის სიტყვები რეალობას არ შეესაბამებოდა და მათი ჯარებს სოფელ ფარუხსა და მის გარშემო მყოფ მაღლობებზე პოზიციები არ შეუცვლიათ. მათ კიდევ ერთხელ მოუწოდეს რუსეთს, აზერბაიჯანის ტერიტორიულ ერთეულებთან დაკავშირებით, სწორი დასახელებები გამოეყენებინათ. 

“გამოთქმა "მთიანი ყარაბაღის" გამოყენება რუსეთის თავდაცვის სამინისტროს 26 და 27 მარტის განცხადებებში არის საერთაშორისო საზოგადოების, მათ შორის რუსეთის ფედერაციის მიერ აღიარებული აზერბაიჯანის ტერიტორიული მთლიანობის უპატივცემულობა”, - ხაზი გაუსვა ბაქომ. 

აზერბაიჯანმა რუსეთს კიდევ ერთხელ შეახსენა 2022 წლის 22 თებერვალს გაფორმებული დეკლარაციაც. 

ნიადაგის მოსინჯვა ყარაბაღში

ზემოხსენებული ვერსია, თითქოს აზერბაიჯანი ყარაბაღში რუსეთთან შეთანხმების გარეშე არ იმოქმედებდა, ბოლო მოვლენების შემდეგ ნაკლებად სავარაუდოს ჰგავს. 

რეგიონში შეიქმნა ისეთი მოცემულობა, რომელშიც რუსეთი კავკასიიდან ჯარებს აქტიურად გზავნის უკრაინაში. მიმდინარე ომში კრემლის მიზნების ელვის სისწრაფით მიღწევის ჩავარდნისა და რუსეთის არმიის პრობლემების გამოჩენის გამო, მოსკოვი იძულებულია ფრონტის ხაზზე დანაკარგები საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ჩაყენებული ჯარებითა და სეპარატისტი კონტრაქტორიების მეშვეობით შეავსოს. უკვე ფაქტია, რომ აფხაზეთისა და ცხინვალის ოკუპირებული რეგიონებიდან მოხდა სამხედროების უკრაინაში გადატყორცნა. ამას გარდა, რუსეთი ცდილობს გარდაქმნას საკუთარი ეკონომიკა, რომელიც სანქციებითაა დამძიმებული. მოკლედ რომ ითქვას, მოსკოვის მთელი ყურადღება ამჟამად უკრაინის ფრონტსა და შეჭრის პასუხად დაწესებული შეზღუდვების მოგერიებაზეა გადასული. 

ამ ყველაფრის შემხედვარე აზერბაიჯანს, შესაძლოა, გაუჩნდა სურვილი, გამოეცადა ყარაბაღში მყოფი რუსი სამშვიდობოების რეაქცია, მათი პასუხისმგებლობის ზონაში მოქმედების შემთხვევაში. მხოლოდ ის ფაქტი, რომ მშვიდობისმყოფელი მისია ამა თუ იმ რეგიონში დგას, არაფრის მომცემია, თუ ისინი მოქმედებისთვის მზად არ იქნებიან. ეს ისტორიული შემთხვევებითაც დამოწმებულია. მაგალითად, 1995 წელს ჰოლანდიელთა ბატალიონმა ვერანაირად შეძლო ბოსნია-ჰერცეგოვინაში, სრებრენიცაში რატკო მლადიჩის ძალების წინსვლის შეჩერება და ბოსნიელი მუსლიმების ხოცვა-ჟლეტვის თავიდან არიდება. მართალია, 2020 წლის მოცემულობით, ყარაბაღში 1 960 რუსი სამხედრო მშვიდომისმყოფელთა ეგიდით ჩადგა, თუმცა მათი ეფექტიანობა აქამდე რეალური გამოცდის წინაშე არ დამდგარა. 

რუსი სამხედრო ყარაბაღში, დადივანქის მონასტერთან.
ანდრეი დოროდულინ/AFP

2020 წლის წარმატების მიუხედავად, აზერბაიჯანი არ ჰგავს ისეთ ძალას, რომელსაც დამოუკიდებლად მსგავსი აგრესიული ქმედებების გადაწყვეტა შეუძლია, თუმცა იმის თქმა, თითქოს ბაქო ყარაბაღში მოქმედების ნაბიჯს რუსეთთან შეთანხმების გარეშე არ გადადგამდა, არამართებულს ჰგავს. ამის საპირისპიროდ, წარსული გამოცდილებიდან გამომდინარე, აშკარაა, რომ აზერბაიჯანი რეგიონში თამამ სვლებს მხოლოდ თურქეთის მხარდაჭერით აკეთებს.

ამას გარდა, ვერსია, თითქოს ამ გზით რუსეთს სომხეთზე ზეწოლა სურს, ასევე ნაკლებად რეალურია. ამ შემთხვევაში გაურკვეველია თუ, უკრაინაში მიმდინარე ომის პარალელურად, რატომ უნდა რისკავდეს მოსკოვი სიტუაციის დესტაბილიზაციას იქ, სადაც პოზიციები 2 წლის წინ გაიმყარა, იქ, სადაც მცირე შეცდომის შედეგად, სასწორი, შესაძლოა, მის რეგიონალურ მეტოქე თურქეთის მხარეს გადაიხაროს. ამ საფრთხეს ვერ გადაწონის მეორე მხარეს მყოფი სომხეთის არც თუ ისე მნიშვნელოვანი მხარდაჭერა. მართალია, ფაშინიანის დასავლური კურსის გამო სომხეთი 2020 წლის ყარაბაღის მეორე ომის დროს ფაქტობრივად რუსეთის მხრიდანაც დაისაჯა, თუმცა ამჟამად ერევანი უკვე მოსკოვის ორბიტაზეა დაბრუნებული, რაც კარგად აჩვენა ყაზახეთის მოვლენებმა და იქ ОДКБ-ს სამშვიდობო მისიაში სომეხი სამხედროების გაგზავნამ. საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე, სომხეთს, უკრაინასთან მიმართებაში, კვლავ ნეიტრალური პოზიციის შენარჩუნება მოუწევს და ამჟამად არც რუსეთს სცალია, იმისთვის, რომ ამ მოცემულობის შესაცვლელად მორიგი კონფლიქტის ესკალაციას შეუწყოს ხელი. 

ამჟამად, როდესაც რუსეთის ყურადღება სხვა მიმართულებით არის გადატანილი, აზერბაიჯანი ყარაბაღში მოქმედების საფუძველს სინჯავს, ცდილობს გაარკვიოს არის თუ არა ეს პერიოდი შესაძლებლობის ფანჯარა, რომელშიც ბაქო ყარაბაღზე კონტროლის მოპოვებას სრულად ეცდება. რა თქმა უნდა, ალიევის რეჟიმი იმოქმედებს იმის მიხედვით, თუ როგორ განვითარდება პუტინის კამპანია უკრაინაში. ბოლო რამდენიმე დღეში მომხდარი შემთხვევები კი ამჟამინდელი მდგომარეობის შემოწმება იყო.

სამხედრო სამსახურში გამოძახებული აზერბაიჯანელი მოქალაქეები წვრთნებზე, განჯა, 2020 წლის 23 ოქტომბერი.
Reuters

მნიშვნელოვანია, რომ უკრაინაში ომის დაწყებიდან 2 დღით ადრე,  2022 წლის 22 თებერვალს ვლადიმირ პუტინსა და ილჰამ ალიევს შორის გაფორმდა მოკავშირეთა ურთიერთქმედების დეკლარაცია. დეკლარაცია მხარეებს, ფაქტობრივად, პირდაპირ მოკავშირეებად აცხადებს. ამის მიუხედავად, ეს კავშირი და ურთიერთთანამშრომლობა ჯერ კიდევ გამოსაცდელია. 

როგორც ჩანს, აზერბაიჯანი ცდილობს ორმხრივად ისარგებლოს უკრაინის გარშემო შექმნილი სიტუაციით. ჯერ კიდევ უკრაინაში ომის დაწყებამდე, ევროკავშირი რუსული ენერგორესურსების ალტერნატივად განიხილავდა კატარისა და აზერბაიჯანისგან რესურსების შესყიდვას. ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უშიშროების პოლიტიკის სფეროში, ჯოზეფ ბორელი ამბობდა, რომ თუ რუსეთი ევროპის ბუნებრივი აირით მომარაგებას შეამცირებს ან შეაჩერებს, ევროკავშირი, გაზთან დაკავშირებით, მოლაპარაკებებს აწარმოებს აშშ-სთან, კატართან და აზერბაიჯანთან. ახლანდელი რეალობის გათვალისწინებით ეს სიტყვები კიდევ უფრო საინტერესოა. კერძოდ, პუტინის გადაწყვეტილებით, რუსეთი “არამეგობრულ” ქვეყნებს გაზს მხოლოდ რუბლში მიყიდის, რაც რიგ ევროპულ ქვეყნებს დილემის წინაშე დააყენებს: იყიდონ თუ არა რუსული ბუნებრივი აირი მაშინ, როცა ამ ქვეყანას უკრაინაში ომი აქვს გაჩაღებული. ბორელის სიტყვების შესაბამისად, მოსალდონელია, რომ მოთხოვნა აზერბაიჯანის ენერგორესურსებზე გაიზრდება.ამას გარდა, უკვე არსებობს 2020 წელს დასრულებული სამხრეთის გაზის დერეფანი, რომლითაც აზერბაიჯანული ბუნებრივი აირი იტალიასა და სამხრეთ ევროპის ნაწილს მიეწოდება. რა თქმა უნდა, აზერბაიჯანის რესურსები და თუნდაც ეს პროექტი ევროპის ენერგობაზრის დასაკმაყოფილებლად არ კმარა, თუმცა ბაქოსთვის, მათ ენერგორესურსებზე მოთხოვნილების ზრდა დიდი მოგების მომტანი იქნება.

ვლადიმირ პუტინისა და ილჰამ ალიევის შეხვედრა კრემლში, დეკლარაციის გაფორმებამდე. 2022 წლის 22 თებერვალი.

ამასთან ერთად, როგორც გასულ წელს გამოჩნდა, აზერბაიჯანი საკუთარ სურვილს მიაღწევს და, სომხეთზე ზეწოლის შედეგად, ზანგეზურის დერეფანს გახსნის. ეს გზა, სომხეთის სიუნიქის რეგიონის გავლით, აზერბაიჯანს, საკუთარ მოწყვეტილ ანკლავთან, ნახიჩევანის ავტონომიურ რესპუბლიკასთან, აქედან კი თურქეთთან დააკავშირებს. ეს მათი ეკონომიკური განვითარებისთვის ასევე მნიშვნელოვანი პროექტი იქნება. 

ყარაბაღის ვითარება და თურქეთი

რაც შეეხება ბოლო დღეების მოვლენებში თურქეთის როლს. როგორც უკვე ზემოთ იყო აღნიშნული, ბაქო ანაკარას მხარდაჭერის გარეშე ხისტ ნაბიჯებს ვერ გადადგამს. ამჟამად, თუ მათი ქმედებები უშუალოდ თურქეთთან კოორდინირებული არაა, ის მაინც ცხადია, რომ რეჯეფ თაიფ ერდოღანისგან ალიევს ყარაბაღში ქმედებასთან დაკავშირებით მწვანე შუქი აქვს ანთებული. ეს შეიძლება იყოს თურქეთის მცდელობა, უკრაინაში ომის პარალელურად, რუსეთს პრობლემები სხვა რეგიონებშიც შეუქმნას. უკრაინის ომი თუ კრემლისთვის სასარგებლო შედეგით დასრულდება, ეს იქნება დიდი დარტყმა ანკარასთვის, რომლისთვისაც რეგიონში ძალთა ბალანსი მის საწინააღმდეგოდ შეიცვლება. 

მთელი ამ ხნის განმავლობაში ერდოღანი ცდილობდა პუტინთან მეტ-ნაკლებად პარტნიორული ურთიერთობის დამყარებას, ალბათ პრინციპით “გყავდეს მეგობრები ახლოს, მტრები კი კიდევ უფრო ახლოს”, თუმცა ეს დიდხანს ვეღარ გაგრძელდება, თუ უკრაინაში წარმატებით რუსეთი შავ ზღვასა და მთელ რეგიონში გავლენას გააძლიერებს. ამიტომ, თურქეთს საზრუნავია პუტინის კამპანიის ჩავარდნა და ამისთვის ერდოღანმა ყველა შესაძლო რესურსი უნდა გამოიყენოს. თურქეთისა და რუსეთის, ქვყნების, რომელთაც ბოლო 3 საუკუნეში ერთმანეთთან უამრავი ომი ჰქონდათ, ინტერესების დაპირისპირების გაღრმავება მხოლოდ დროის საკითხია, უკრაინაში რუსეთის გამარჯვება კი ამ ყველაფრის კატალიზატორი იქნება. 

თურქი და აზერბაიჯანელი სამხედროები

თუმცა, საინტერესოა ის დეტალი, რომ სწორედ მოვლენების ესკალაციამდე, მარტის შუა რიცხვებში, თურქეთსა და სომხეთს შორის ურთიერთობების გაუმჯობესების ნიშნები გამოიკვეთა. კერძოდ, როგორც სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, არარატ მირზოიანმა თქვა, ერევანი მზადაა თურქეთთან დიპლომატიური ურთიერთობა დაამყაროს და საზღვარი გახსნას, რაც მათ საგარეო პოლიტიკაში დიდი ცვლილება იქნება. ეს სიტყვები მოჰყვა მირზოიანის 12 მარტის შეხვედრას თურქ კოლეგასთან, მევლუთ ჩავუშოღლუსთან, ანტალიის დიპლომატიურ ფორუმზე. ამ ყველაფერს წინ უძღოდა სომხეთისა და თურქეთის წარმომადგენლების ურთიერთობის ნორმალიზაციასთან დაკავშირებული შეხვედრა, რომელიც 14 იანვარს მოსკოვში გაიმართა და 24 თებერვალს მოჰყვა ვენაში გამართული მეორე რაუნდიც. 

აქამდე, აზერბაიჯანი საჯაროდ სომხეთ-თურქეთის ურთიერთობების ნორმალიზაციის ბოლო პროცესს “მხარს სრულად უჭერდა”, თუმცა საკითხავია, რამდენად რეალურია ეს მხარდაჭერა. ცხადია, ერევანსა და ანკარას შორის საუბრებზე ყარაბაღში ნებისმიერი სახის ესკალაცია უარყოფითად აისახება. 

როდესაც საუბარია სომხეთ-თურქეთის ურთიერთობის ნორმალიზაციაზე, აუცილებლად გასახსენებელია 2009 წლის ციურიხის პროტოკოლი – ეს იყო პროტოკოლი, რომელსაც ორივე მხარემ, სომხეთმაც და თურქეთმაც, ხელი მოაწერა და ითვალისწინებდა დიპლომატიური ურთიერთობების დამყარებას, საზღვრის გახსნასა და სომეხთა გენოციდის საკითხთან დაკავშირებით სპეციალური ისტორიული კომისიის შექმნას. შეთანხმების რატიფიკაცია ვერ მოხერხდა. ამ მოლაპარაკებების ჩაშლის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი სწორედ ბაქოს ზეწოლა და მთიანი ყარაბაღის საკითხი იყო. აზერბაიჯანი უკმაყოფილო იყო იმით, რომ სომხეთ-თურქეთის საუბრებში არ იყო ნახსენები ყარაბაღი. მაშინ ბაქოს მხრიდან დაიწყო საუბარი, რომ ეს პროცესი მათ ინტერესებთან წინააღმდეგობაში მოდიოდა, ხოლო ილჰამ ალიევმა თურქეთისთვის ბუნებრივი აირის მიწოდების გაძვირების შესაძლებლობაც ახსენა.

საგარეო საქმეთა მინისტრები, ედუარდ ნალბანდიანი და აჰმეტ დავუთოღლუ ხელს აწერენ ურთიერთობების ნორამლიზაციის შეთანხმებას. ციურიხი, 2009 წლის 10 ოქტომბერი.

თუ ახლა ბაქო დამოუკიდლად მოქმედებს, ეს შესაძლოა იყოს ერთი მხრივ თურქეთ-სომხეთის დიპლომატიური ურთიერთობის გაუმჯობესების საბოტაჟის მცდელობა, მეორე მხრივ კი – ყარაბაღში რუსეთის ძალების გამოცდა და მომდევნო მოქმედებებისთვის მომზადება. 

უკრაინაში მიმდინარე ომზე დამოკიდებულია ყარაბაღის ბედიც. რუსეთის წარუმატებლობა აზერბაიჯანს ამ ტერიტორიაზე შესაძლო მოქმედებების არჩევანს გაუფართოებს და შესაძლოა სეპარატისტული რეგიონის პრობლემა ბაქომ საბოლოოდ ძალითაც გადაჭრას. თუმცა მეორე მხრივ, რუსეთის წარმატების შემთხვევაში აზერბაიჯანი ეცდება თავი დაიზღვიოს 22 თებერვლის დეკლარაციით, იქამდე, სადამდეც ეს შეთანხმება ამის საშუალებას მისცემს. ალიევის მოქმედებას ყარაბაღში მომავალში განსაზღვრავს პუტინის მოქმედებები უკრაინაში.

კომენტარები