მთიანი ყარაბაღის კონფლიქტი

POLITICO: უახლოეს კვირებში სომხეთში აზერბაიჯანის შეჭრაზე ბლინკენმა კონგრესმენები გააფრთხილა

აშშ-ს სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი 
Alex Brandon/AP

Politico-ს ინფორმაციით, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი შიშობს, რომ აზერბაიჯანი სამხრეთ სომხეთში უახლოეს კვირებში შეიჭრება. როგორ გამოცემა საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით წერს, ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა ამერიკელ კონგრესმენებთან ისაუბრა

Politico აღნიშნავს, რომ საუბარი სავარაუდოდ 3 ოქტომბერს შედგა, რა დროსაც ბლინკენმა წარმომადგენელთა პალატის წევრებთან განიხილა შესაძლო ზომები აზერბაიჯანის წინააღმდეგ მთიან ყარაბაღში მისი სამხედრო ოპერაციის საპასუხოდ. სხვა საკითხებთან ერთად ბლინკენმა აღნიშნა, რომ სახელმწიფო დეპარტამენტი არ გეგმავს იმ საკანონმდებლო მუხლის განახლებას, რომელიც 2002 წლიდან აშშ-ს ბაქოსთვის იარაღის მიწოდების უფლებას აძლევს.

ამასთან, ბრიფინგიდან რამდენიმე დღის შემდეგ, კონგრესმენმა ფრენკ პალონმა, X-ზე დაწერა, რომ აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი "მიიწევს თავისი მიზნისკენ, დაეუფლოს სამხრეთ სომხეთს", რადგან "მისი რეჟიმი გათამამდა მას შემდეგ, რაც ყარაბაღში მის ოპერაციას უმნიშვნელო შედეგები მოჰყვა". 

ამასთან, როგორც Politico აზერბაიჯანის საგარეო პოლიტიკის მრჩეველზე ჰიკმეტ ჰაჯიევზე დაყრდნობით წერს, აზერბაიჯანი უარყოფს სომხეთში შეჭრის შესაძლებლობას.

სომხეთის წარმომადგენელმა ევროკავშირში, ტიგრან ბალაიანმა ბელგიურ გამოცემა Brussels Signal-თან ინტერვიუში თქვა, რომ სომხეთში უახლოეს კვირებში აზერბაიჯანისგან თავდასხმას ელოდება. მისი თქმით, აზერბაიჯანი მთიანი ყარაბაღის საბოლოო კაპიტულაციისთვის სომხეთზე თავდასხმის შოკისმომგვრელ ეფექტს გამოიყენებს. ბალაიანის მტკიცებით, პოტენციური თავდასხმა ზანგეზურის დერეფანზე და მის სიახლოვეს ტერიტორიებზე კონტროლის მოსაპოვებლად დაიწყება. ზანგეზურის დერეფნით აზერბაიჯანი მის ექსკლავს, ნახიჩევანის ავტონომიურ რესპუბლიკას უკავშირდება. 


რამდენიმეთვიანი კრიზისის შემდეგ, აზერბაიჯანმა სამხედრო მოქმედებები ყარაბაღის ტერიტორიაზე 19 სექტემბერს დაიწყო. პრეზიდენტი ილჰამ ალიევი ამბობდა, რომ მოქმედებებს იქამდე არ შეწყვეტდა, სანამ სეპარატისტები იარაღს არ დაყრიდნენ.

20 სექტემბერს სეპარატისტული სტეფანაკერტი დათანხმდა აზერბაიჯანის მოთხოვნებს და ცეცხლი შეწყდა.

28 სექტემბერს ე.წ. მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკის ხელმძღვანელმა სამველ შაჰრამანიანმა ხელი მოაწერა განკარგულებას, რომლითაც 2024 წლის 1 იანვრიდან ე.წ რესპუბლიკა არსებობას შეწყვეტს.

მას შემდეგ, რაც აზერბაიჯანმა მთიან ყარაბაღზე ფაქტობრივად სრული კონტროლი დაამყარა, ადგილობრივმა მოსახლეობამ რეგიონის დატოვება დაიწყო. ყარაბაღიდან სომხეთში ათიათასობით ლტოლვილი ჩავიდა.

კომენტარები