მთიანი ყარაბაღის კონფლიქტი

რუსეთის განცხადების დეტალები რეალობას არ შეესაბამება – ბაქო მოსკოვს პასუხობს

აზერბაიჯანელი სამხედროები ყარაბაღის კონფლიქტში გამარჯვებისადმი მიძღვნილ აღლუმზე, 2020 წლის 10 დეკემბერი
Aljazeera

26 მარტის განცხადების შემდეგ, აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრო რუსეთის თავდაცვის სამინისტროს 27 მარტის სიტყვების პასუხად, ახალ განცხადებას ავრცელებს და აღნიშნავს, რომ რუსეთის სიტყვები რეალობას არ შეესაბამება. 

"აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრო მწუხარებით იტყობინება, რომ რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტროს 2022 წლის 27 მარტის განცხადების ზოგიერთი პუნქტი არ შეესაბამება რეალობას. 

სოფელ ფარუხსა და მის გარშემო მყოფ მაღლობებზე, რომლებიც აზერბაიჯანის სუვერენული ტერიტორიაა, აზერბაიჯანის არმიის პოზიციებში ცვლილება არ ყოფილა. 

ინფორმაცია, აზერბაიჯანის არმიის დანაყოფების ამ პოზიციებიდან უკან დახევის შესახებ, არ შეესაბამება რეალობას. აზერბაიჯანის არმია სრულად აკონტროლებს სიტუაციას". – აღნიშნულია განცხადებაში. 

აქამდე, რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ მოლაპარაკების შემდეგ აზერბაიჯანმა ყარაბაღის სოფელი ფარუხიდან ჯარები უკან გაიყვანა. აზერბაიჯანის მხარის წინა შესწორების მიუხედავად, რუსეთმა ტოპონიმი ფარუხის ნაცვლად კვლავ "ფურუხი" გამოიყენა. 

"ჩატარებული მოლაპარაკებების შედეგად, აზერბაიჯანის მხარემ ფურუხის დასახლებული პუნქტიდან დანაყოფები გაიყვანა". – იტყობინებოდა რუსეთის მხარე. 

რუსეთის განცხადებით, დაფიქსირდა ცეცხლის შეწყვეტის დარღვევის ორი შემთხვევა და ორივე მხარეს დაიჭრა ორ-ორი სამხედრო. აზერბაიჯანი ამ ინფორმაციასაც უარყოფს. 

"რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში არსებული ინფორმაცია, აზერბაიჯანის მიერ ცეცხლის შეწყვეტის დარღვევის ბრალდებასთან დაკავშირებით, ასევე არ ასახავს რეალობას და არც აზერბაიჯანელ სამხედროებს შორის დაფიქსირებულა დაშავების შემთხვევა.

კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ აზერბაიჯანის ტერიტორიაზე არ არსებობს ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეული სახელად "მთიანი ყარაბაღი". 

გამოთქმა "მთიანი ყარაბაღის" გამოყენება რუსეთის თავდაცვის სამინისტროს 26 და 27 მარტის განცხადებებში არის საერთაშორისო საზოგადოების, მათ შორის რუსეთის ფედერაციის მიერ აღიარებული აზერბაიჯანის ტერიტორიული მთლიანობის უპატივცემულობა". – წერია განცხადებაში.

აზერბაიჯანმა რუსეთს კიდევ ერთხელ შეახსენა 2022 წლის 22 თებერვალს გაფორმებული შეთანხმება. 

"რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტროს შევახსენებთ, რომ ორი ქვეყნის პრეზიდენტის მიერ 2022 წლის 22 თებერვალს გაფორმებული  მოკავშირეთა ურთიერთქმედების დეკლარაციის პირველ მუხლში წერია, რომ: რუსეთის ფედერაცია და აზერბაიჯანის რესპუბლიკა აშენებენ ურთიერთობას მოკავშირეთა ურთიერთქმედების, დამოუკიდებლობის საერთო პატივისცემის, სახელმწიფო სუვერენიტეტის, ორი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისა და სახელმწიფო საზღვრის დაურღვევლობის, ასევე ერთმანეთის შიდა საქმეებში ჩაურევლობის, ასევე თანასწორობის, საერთო სარგებლის, დავების მშვიდობიანად გადაჭრისა და ძალის არგამოყენების ან ძალის გამოყენებით არდამუქრების საფუძველზე.

მეტიც, დეკლარაციის მე-18 მუხლის შესაბამისად, რუსეთის ფედერაცია და აზერბაიჯანის რესპუბლიკა აერთიანებენ ძალისხმევას საერთაშორისო ტერორიზმთან, ექსტრემიზმთან და სეპარატიზმთან ბრძოლისა და განეიტრალებისთვის". – ახსენებს ბაქო მოსკოვს 1 თვის წინ დადებული შეთანხმების პუნქტის შინაარსს. 

აზერბაიჯანის მხარის აზრით, რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადება არის უპატივცემულობის გამოხატვა თავად ფედერაციის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის მიერ ხელმოწერილი დეკლარაციის მიმართ.

"ასევე, რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადება გამოხატავს უპატივცემულობას იმ დეკლარაციის მიმართ, რომელსაც ხელი მოაწერა რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა, რუსეთის შეიარაღებული ძალების უმაღლესმა მთავარსარდალმა, ვლადიმირ ვლადიმირის ძე პუტინმა". – ვკითხულობთ სამინისტროს განცხადებაში.

აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრომ რუსეთს კიდევ ერთხელ შეუსწორა ტოპონიმი. 

"თავდაცვის სამინისტრო იმეორებს, რომ აზერბაიჯანის ხოჯალის რეგიონში არ არსებობს სოფელი სახელად "ფურუხი". ნახსენებ სოფელს ჰქვია ფარუხი. ვიმედოვნებთ, რომ შემდეგ განცხადებებში სოფლის სახელწოდება სწორად იქნება მითითებული". – ნათქვამია განცხადებაში.


24 მარტს ოფიციალურმა სომხეთმა განაცხადა, რომ აზერბაიჯანმა დაარღვია 2020 წლის ომის შემდეგ დადებული შეთანხმება და ყარაბაღში, რუსეთის ფედერაციის სამშვიდობო ძალების კონტროლის ზონაში ერთი სოფელი დაიკავა. 25 მარტს კი სომხეთმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ აზერბაიჯანმა მთიანი ყარაბაღის რეგიონში, რუსეთის სამშვიდობო მისიის პასუხისმგებლობის ქვეშ მყოფ ტერიტორიაზე თავდასხმები გააგრძელა. მათი ცნობით, 24-25 მარტს გამოყენებული იყო თურქული წარმოების Bayraktar TB2-ის ტიპის უპილოტო საფრენი აპარატები, რასაც 3 სომეხი სამხედროს სიცოცხლე ემსხვერპლა, 14 კი დაიჭრა. 

სომხეთი რუს სამშვიდობოებს შესაბამისი ზომების მიღებისკენ მოუწოდებდა. 

25 მარტს შემთხვევის შესახებ სომხეთის თავდაცვის მინისტრი, სურენ პაპიკიანი ესაუბრა რუსეთის ფედერაციის თავდაცვის მინისტრს, სერგეი შოიგუს. ამის შემდეგ საუბარი შედგა სომხეთის პრემიერმინისტრ ნიკოლ ფაშინიანსა და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს შორისაც.

ფაშინიანის ოფისის ცნობით, პუტინთან სატელეფონო საუბრისას ორმა ლიდერმა განიხილა "სიტუაცია, რომელიც მთიან ყარაბაღში რუსეთის ფედერაციის სამშვიდობო ძალების პასუხისმგებლობის ზონაში აზერბაიჯანული დანაყოფების შეჭრამ გამოიწვია".

26 მარტს რუსეთის თავდაცვის სამინისტრო დაადასტურა სომხეთის მხარის ჩივილი, რომ 24-25 მარტს აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალები რუსი სამშვიდობოების მიერ კონტრელირებად ტერიტორიაზე შევიდნენ და მთიანი ყარაბაღის შეირაღებულ ფორმირებებს Bayraktar TB2-ის ტიპის უპილოტო საფრენი აპარატებით დარტყმები მიაყენეს. განცხადებაში ნათქვამი იყო, რომ რუსი სამშვიდობოები იღებდნენ სიტუაციის ნორმალიზაციისთვის საჭირო ზომებს, ხოლო აზერბაიჯანს სამხედროების უკან გაყვანის მოწოდება გაეგზავნა. 

ამას მოჰყვა აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს განცხადება, რომელშიც გამოთქმული იყო მწუხარება "რუსეთის ფედერაციის ცალმხრივი განცხადების გამო". ბაქომ მოსკოვს მოუწოდა ყარაბაღის სომხური უკანონო შეიარაღებული ჯგუფებისგან დაცლისკენ, რაც, როგორც ამბობენ, სამმხრივი განცხადებით ნაკისრი ვალდებულებაა. ასევე, აზერბაიჯანმა აღნიშნა, რომ მათ ტერიტორიაზე არ არსებობს ერთეული სახელად "მთიანი ყარაბაღი" და ეს გამოთქმა არ უნდა იყოს გამოყენებული. შეასწორეს რუსეთის მიერ "ფურუხად" მოხსენიებული სოფელიც და აღნიშნეს, რომ ამ სოფელს ფარუხი ჰქვია. 

აზერბაიჯანის მხარის მტკიცებით, 26 მარტს ყარაბაღელ სომეხთა შეიარაღებული ჯგუფი დივერსიის მოწყობას ეცადა და მათ უკან დახევა აიძულეს. 

კომენტარები