დაძაბულობა სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის

სომხეთი და აზერბაიჯანი სამშვიდობო შეთანხმებაზე მუშაობას დაიწყებენ

ნიკოლ ფაშინიანი, ილჰამ ალიევი და შარლ მიშელი ბრიუსელში, 2022 წლის 6 აპრილი

სომხეთის პრემიერმინისტრი, ნიკოლ ფაშინიანი და აზერბაიჯანის პრეზიდენტი, ილჰამ ალიევი ბრიუსელში, 6 აპრილს გამართულ შეხვედრაზე, რომელშიც ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, შარლ მიშელიც მონაწილეობდა, შეთანხმდნენ სამშვიდობო შეთანხმებაზე მუშაობასა და სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვრის სადემარკაციო კომისიის შექმნაზე.

შეხვედრის შემდეგ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამი იყო, რომ ალიევმაც და ფაშინიანმაც გამოხატეს სურვილი "ჩქარი სვლით იმოძრაონ" სამშვიდობო შეთანხმებისკენ.

6 აპრილამდე ბაქოს პოზიციის მიხედვით, მათ სურდათ შექმნილიყო სამშვიდობო შეთანხმება, რომელიც გარკვეულ პრინციპებზე, მათ შორის ორი ქვეყნის მიერ ერთმანეთის ტერიტორიული მთლიანობის აღიარებაზე იქნებოდა დაფუძნებული. ნიკოლ ფაშინიანმა პასუხად აღნიშნა, რომ ეს ერევნისთვის მისაღებია, თუმცა მის ამ სიტყვებს მოჰყვა ოპოზიციის კრიტიკა, რომ პრემიერი მზადაა მთიან ყარაბაღზე აზერბაიჯანის სუვერენიტეტი აღიაროს. 

აღსანიშნავია, რომ ბრიუსელში გამართული შეხვედრა გასული თვის დაძაბულობის შემდეგ გაიმართა. მარტში, ყარაბაღში, რუსი სამშვიდობო ძალების პასუხისმგებლობის ზონაში აზერბაიჯანმა, სომხეთის ბრალდებით, ერთი სოფელი დაიკავა და იყო შეტაკებებიც, რასაც ე.წ. მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკის მხარეს მებრძოლი რამდენიმე სომეხის სიცოცხლეც ემსხვერპლა. დაძაბულობას მოჰყვა ბაქოსა და მოსკოვის ოფიციალური უწყებების მწვავე განცხადებების გაცვლაც.

ვრცლად ყარაბაღის გასული თვის დაძაბულობის შესახებ წაიკითხეთ აქ – ომი უკრაინაში და ყარაბაღის დაძაბულობა – როგორ სინჯავს ბაქო სამოქმედო ნიადაგს.

ამას გარდა, ყარაბაღის 2020 წლის ომის დასრულების შემდეგ, სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე მუდმივი დაძაბულობა და შეტაკებები იყო.

კომენტარები