მთიანი ყარაბაღის კონფლიქტი

ალიევი: ყარაბაღის კონფლიქტის თემა საბოლოოდ დახურულია

ილჰამ ალიევი

აზერბაიჯანის პრეზიდენტის, ილჰამ ალიევის თქმით, მთიანი ყარაბაღის კონფლიქტი საბოლოოდ დასრულებულია. ამის შესახებ ალიევმა ყარაბაღში მდებარე ქალაქ ფუზულში, საზოგადოებასთან შეხვედრის დროს ისაუბრა.

"ბევრი იმეორებდა, რომ კონფლიქტის სამხედრო გზით გადაჭრის გზა არ არსებობდა. ჩვენ ვაჩვენეთ, რომ არსებობდა და ეს კიდევ ერთხელ ვაჩვენეთ, თემა დახურულია. ყარაბაღის კონფლიქტის თემა საბოლოოდ დახურულია". – თქვა ალიევმა.

ამას გარდა, როგორც ალიევმა აღნიშნა, 2026 წლამდე დასრულდება "დიდი დაბრუნების" პროგრამის პირველი ეტაპი.

""დიდი დაბრუნების" პროგრამის პირველი ეტაპის დასრულებამდე (2026 წლამდე) ფუზულის რაიონში იცხოვრებს 22 ათასი ადამიანი, ყარაბაღსა და აღმოსავლეთ ზანგეზურში, მთლიანობაში, 140 ათასი ადამიანი. ეს, ასე ვთქვათ, მინიმალური მაჩვენებელია". – აღნიშნა ალიევმა.

19 სექტემბერს აზერბაიჯანმა მთიან ყარაბაღში დაიწყო "ანტიტერორისტული ოპერაცია". იერიშები მიიტანეს სეპარატისტების დისლოკაციის ადგილებზე. ერევანმა მოვლენებში ჩართვისგან თავი შეიკავა.

20 სექტემბერს აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ შეიარაღებული ძალები ყარაბაღის ტერიტორიაზე სამხედრო მოქმედებებს შეაჩერებენ, რადგან მიაღწიეს შეთანხმებას და სეპარატისტები დანებდნენ. კონფლიქტის ფარგლებში დაიღუპა რუსეთის სამშვიდობო კონტინგენტის რამდენიმე წევრი, მათ შორის მისიის მეთაურის მოადგილე, 1-ელი რანგის კაპიტანი ივან კოვგანი, რომელიც რუსეთის ჩრდილოეთის ფლოტის წყალქვეშა ძალების მეთაურის მოადგილეც იყო. მომხდართან დაკავშირებით ილჰამ ალიევმა ვლადიმირ პუტინს ბოდიში მოუხადა.

ყარაბაღი 100 000-ზე მეტმა ეთნიკურმა სომეხმა დატოვა. 

28 სექტემბერს თვითგამოცხადებული არცახის, იგივე მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკის ე.წ. პრეზიდენტმა, სამველ შაჰრამანიანმა ხელი მოაწერა განკარგულებას, რომლის მიხედვითაც 2024 წლის 1-ელი იანვრიდან სეპარატისტული რეჟიმი არსებობას შეწყვეტს.

პარალელურად, სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სამშვიდობო ხელშეკრულება ამ დრომდე არ გაფორმებულა. 

კომენტარები