მთიანი ყარაბაღის კონფლიქტი

აზერბაიჯანი ყარაბაღზე: ვწუხვართ რუსეთის ცალმხრივი განცხადების გამო

აზერბაიჯანელი სამხედროები აღლუმზე

აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრომ გამოთქვა მწუხარება რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ ყარაბაღში არსებულ სიტუაციასთან დაკავშირებულ განცხადებაზე და მას ცალმხრივი უწოდა.

"აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრო გამოთქვამს მწუხარებას რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტროს 2022 წლის 26 მარტის ცალმხრივ, რეალობის არამსახველ განცხადებასთან დაკავშირებით". – წერია განცხადებაში. 

ოფიციალური ბაქო ასევე ამბობს, რომ რუსეთის განცხადება წინააღმდეგობაში მოდის მათთან 2022 წლის 22 თებერვალს გაფორმებულ ორმხრივი ურთიერთობის შეთანხმებასთან.

"თავდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ეს განცხადება ეწინააღმდეგება ორ ქვეყანას შორის 2022 წლის 22 თებერვალს გაფორმებულ ორმხრივი ურთიერთობისა და მოკავშირეული ურთიერთქმედების დეკლარაციის ხასიათს". – აცხადებს სამინისტრო. 

აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრო რუსეთის ფედერაციას მოუწოდებს ყარაბაღიდან სომხური შეიარაღებული დაჯგუფებების სრულად გაყვანისა და გეოგრაფიული სახელების სწორად მოხსენიებისკენ. 

"აზერბაიჯანის ტერიტორიაზე არ არსებობს ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეული "მთიანი ყარაბაღის" სახელით. [რუსეთის] განცხადებაში ნახსენები სოფელის სახელი არის ფარუხი და არა ფურუხი.

ზემოხსენებულთან დაკავშირებით, აზერბაიჯანის რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტრო მოუწოდებს რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტროს, სამმხრივი განცხადების დებულებების შესაბამისად, უზრუნველყოს საერთაშორისო საზოგადოების მიერ აღიარებული აზერბაიჯანის ტერიტორიებიდან სომხეთის არმიის ნაწილებისა და უკანონო შეიარაღებული სომხური ფორმირებების გაყვანა, ჩვენი ქვეყნის სუვერენულ ტერიტორიაზე აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალების გადაადგილება არ წარმოაჩინონ არასწორად, არ გამოიყენოს გამოთქმა "მთიანი ყარაბაღი" და სწორად მიუთითოს აზერბაიჯანის ტერიტორიების დასახელებები". – წერია განცხადებაში.

აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს თქმით, რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტროს ცნობები ყარაბაღში 24-25 მარტს აზერბაიჯანის არმიის მოქმდებებთან დაკავშირებით სიმართლეს არ შეესაბამება და მათი მტკიცებით, 26 მარტს რეგიონში სამხედრო მოქმედებები სომეხთა შეიარაღებულმა ჯგუფებმა დაიწყეს. 

"25 მარტს, თავდაცვის მინისტრ გენერალ-პოლკოვნიკ ზაქირ ჰასანოვსა და რუსეთის ფედერაციის თავდაცვის მინისტრს, არმიის გენერალ სერგეი შოიგუს შორის სატელეფონო საუბრისას განხილულ იქნა სიტუაცია, რომელიც განვითარდა აზერბაიჯანის ტერიტორიაზე, სადაც დროებითაა განლაგებული რუსეთის სამშვიდობო კონტინგენტი. საუბრის ფარგლებში, აზერბაიჯანულმა მხარემ განაცხადა, რომ საგუშაგოებზე პოზიციები და ლოკაციები ზუსტდებოდა. 

ამისდა მიუხედავად, 26 მარტის დილით, უკანონო სომხური შეიარაღებული დაჯგუფებების წევრებმა აზერბაიჯანის არმიის ქვედანაყოფების წინააღმდეგ დივერსიის განხორციელება სცადეს. გადაუდებელი ზომების შედეგად, უკანონო სომხური შეიარაღებული დაჯგუფებების წევრები იძულებული გახდნენ უკან დაეხიათ.

თავდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ აზერბაიჯანი 2020 წლის 10 ნოემბრის სამმხრივი განცხადების ერთგულია და არ დაურღვევია მისი დებულებები.

სინანულით აღვნიშნავთ, რომ ამ განცხადების მე-4 პუნქტის შესაბამისად, სომხეთის არმიის ნაწილებისა და უკანონო შეიარაღებული სომხური ფორმირებების სრული გაყვანა აზერბაიჯანის ტერიტორიიდან ჯერ არ დასრულებულა. განცხადების დებულებებს სომხეთი არღვევს და არა აზერბაიჯანი". – წერია განცხადებაში. 

აქამდე, რუსეთის თავდაცვის სამინისტრო დაადასტურა სომხეთის მხარის ჩივილი, რომ 24-25 მარტს აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალები რუსი სამშვიდობოების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე შევიდნენ და მთიანი ყარაბაღის შეირაღებულ ფორმირებებს Bayraktar TB2-ის ტიპის უპილოტო საფრენი აპარატებით დარტყმები მიაყენეს. განცხადებაში ნათქვამი იყო, რომ რუსი სამშვიდობოები იღებდნენ სიტუაციის ნორმალიზაციისთვის საჭირო ზომებს, ხოლო აზერბაიჯანს სამხედროების უკან გაყვანის მოწოდება გაეგზავნა. 


24 მარტს ოფიციალურმა სომხეთმა განაცხადა, რომ აზერბაიჯანმა დაარღვია 2020 წლის ომის შემდეგ დადებული შეთანხმება და ყარაბაღში, რუსეთის ფედერაციის სამშვიდობო ძალების კონტროლის ზონაში ერთი სოფელი დაიკავა. 25 მარტს კი სომხეთმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ აზერბაიჯანმა მთიანი ყარაბაღის რეგიონში, რუსეთის სამშვიდობო მისიის პასუხისმგებლობის ქვეშ მყოფ ტერიტორიაზე თავდასხმები გააგრძელა. მათი ცნობით, 24-25 მარტს გამოყენებული იყო თურქული წარმოების Bayraktar TB2-ის ტიპის უპილოტო საფრენი აპარატები, რასაც 3 სომეხი სამხედროს სიცოცხლე ემსხვერპლა, 14 კი დაიჭრა. 

სომხეთი რუს სამშვიდობოებს შესაბამისი ზომების მიღებისკენ მოუწოდებდა. 

25 მარტს შემთხვევის შესახებ სომხეთის თავდაცვის მინისტრი, სურენ პაპიკიანი ესაუბრა რუსეთის ფედერაციის თავდაცვის მინისტრს, სერგეი შოიგუს. ამის შემდეგ საუბარი შედგა სომხეთის პრემიერმინისტრ ნიკოლ ფაშინიანსა და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს შორისაც.

ფაშინიანის ოფისის ცნობით, პუტინთან სატელეფონო საუბრისას ორმა ლიდერმა განიხილა "სიტუაცია, რომელიც მთიან ყარაბაღში რუსეთის ფედერაციის სამშვიდობო ძალების პასუხისმგებლობის ზონაში აზერბაიჯანული დანაყოფების შეჭრამ გამოიწვია".

კომენტარები