აზერბაიჯანის სახელმწიფო მედიის ცნობით, რუბენ ვარდანიანს, სომეხ მილიარდერ ბანკირსა და ე.წ. მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკის ყოფილ სახელმწიფო მინისტრს, აზერბაიჯანის სასამართლომ 20 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
ვარდანიანი სამხედრო სასამართლოში ტერორიზმის, ომის დანაშაულებისა და კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულების ბრალდებებით გაასამართლეს.
ვარდანიანის ოჯახს მანამდე ნათქვამი აქვს, რომ ვარდანიანი არ აღიარებს მიმდინარე პროცესს და არაფერს ნანობს.
აზერბაიჯანული პროკურატურის მიხედვით, ვარდანიანმა 2022 წელს "ტერორისტული აქტებისა და დივერსიების მოწყობის მიზნით" უკანონოდ გადაკვეთა აზერბაიჯანის საზღვარი, რის შემდეგაც მთიან ყარაბაღში ფინანსურად ეხმარებოდა უკანონო შეიარაღებულ ფორმირებებს, რომლებიც "აწყობდნენ რეიდებს, რომელთა მსვლელობისას იღუპებოდნენ ადამიანები".
ცნობისთვის, რუბენ ვარდანიანი აზერბაიჯანელმა მესაზღვრეებმა 2023 წლის 27 სექტემბერს, სომხეთში გადასვლის მცდელობის დროს, დააკავეს.
რუბენ ვარდანიანი არაღიარებული მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკის ე.წ. სახელმწიფო მინისტრი 2022 წლის ნოემბერში გახდა. 2023 წლის თებერვალში ის თანამდებობიდან მოხსნეს. რუსეთის მოქალაქე ვარდანიანი მსხვილი საინვესტიციო ჯგუფ Тройка диалог-ის დამფუძნებელია. 2022 წლის სექტემბერში ბიზნესმენმა განაცხადა, რომ რუსეთის მოქალაქეობაზე უარს იტყვის და საბოლოოდ გადასახლდება მთიან ყარაბაღში.





