რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

მარიუპოლის მერი: ბავშვთა საავადმყოფოს დაბომბვისას 50-მდე ადამიანი ცოცხლად დაიწვა

მარიუპოლი

მარიუპოლში, რუსი ოკუპანტების მიერ ბავშვთა საავადმყოფოს დაბომბვისას, 50-მდე ადამიანი ცოცხლად დაწვეს.  მარიუპოლის საქალაქო საბჭოს ცნობით, ამის შესახებ ქალაქის მერმა ვადიმ ბოიჩენკომ თქვა. 

მერის თქმით, მარიუპოლი, რომელიც ბოლო დრომდე განვითარების სიმბოლო იყო, ახლა თითქმის მთლიანად გაანადგურეს რუსმა დამპყრობლებმა. კერძოდ, განადგურებულია ქალაქის ინფრასტრუქტურის 90%-ზე მეტი. აქედან მინიმუმ 40% აღდგენას აღარ ექვემდებარება.

"მხოლოდ წინასწარი შეფასებით, მარიუპოლში ბლოკადის ერთი თვის განმავლობაში დაიღუპა 5000 ადამიანი, რომელთაგან დაახლოებით 210 ბავშვია. რუსეთის ტერორისტულმა ჯარებმა რამდენიმე ბომბი ჩამოაგდეს ბავშვთა საავადმყოფოზე, თითქმის 50 ადამიანი ცოცხლად დაიწვა. დრამატული თეატრზე თავდასხმა, სადაც იმ დროს 900-ზე მეტი ადამიანი იმალებოდა. ეს მარიუპოლის მშვიდობიანი მოსახლეობის მიზანმიმართული განადგურების მხოლოდ რამდენიმე მაგალითია".- ამბობს ბოიჩენკო.

რუსი ოკუპანტები უკრაინაში მშვიდობიან მოქალაქეებს ხოცავენ - მას შემდეგ, რაც უკრაინელებმა ბუჩა დაიბრუნეს, ოკუპანტებისგან გათავისუფლებულ სოფელში 300-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე მოკლული იპოვეს. რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ბრალდებებს უარყოფს და ამ ყველაფერს უკრაინის "უკანასკნელ პროვოკაციას" უწოდებს.  

ჰოსტომელის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის თქმით კი ქალაქში, სულ მცირე, 400 ადამიანია დაკარგული. მისივე ინფორმაციით, ოკუპანტები თავიანთი სისასტიკის კვალს ასუფთავებდნენ.

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო. პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ. პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ. 

კომენტარები