რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

"ძვირფასო შვილო, ისევ ცოცხლები ვართ, მთელი ქალაქი იწვის" – დედის წერილები მარიუპოლიდან

მარიუპოლის მკვიდრმა გამოაქვეყნა დედის მიერ გამოგზავნილი მესიჯები, რომელსაც ის ოკუპანტების მიერ ალყაში მყოფი ქალაქიდან შვილს უგზავნიდა. 

საბედნიეროდ, მათ თითქმის განადგურებული ქალაქიდან გაღწევა 18 მარტს შეძლეს. 

შვილო, გწერ იმ შემთხვევისთვის თუ კავშირი გამოსწორდა და მესიჯი გამოიგზავნება. ჩვენ კარგად ვართ, მხოლოდ გაზი მოგვეწოდება. გვეუბნებიან რომ ისიც მალე შეგვიწყდება. ძლიერად გვბომბავენ. წყალი და დენი უკვე ორი დღე არ გვაქვს, მაგრამ ვუძლებთ. დღეს (სახელი) მოვიდა, საჭმელი გავუყავით, ყველაზე საშინელება იმის არ ცოდნაა, თუ რა ხდება. ძალიან გვიყვარხარ, იმედია ყველაფერი კარგად გაქვს. 

 


დილა მშვიდობისა შვილო! ახლა დილის 8:20 საათია, 4 მარტი. ჩვენ კიდევ ერთი ღამე გადავიტანეთ. თითქმის არ გვიძინია, მთელი ღამე ძლიერ გვბომბავდნენ. მგონი ძალიან ახლოს. ძალიან შეგვეშინდა სიკვდილის და შენი მარტო დატოვების, მაგრამ უკვე დილაა, ჩვენ ცოცხლები ვართ. გაზი, მადლობა ღმერთს გვაქვს. სხვა არაფერია. ძალიან ძლიერ გვიყვარხარ, თავს გაუფრთხილდი, ჩვენო ძვირფასო!


შვილო, ახლა 9:33-ია, ჩვენ ნორმალურად ვართ, ბინაში 15 გრადუსი იყო მაგრამ გავისარჯეთ და გავათბეთ და კიდევ ერთხელ გავიხარეთ ჩვენი მარაგით. ვნახეთ ყუთი ელემენტებით და ფანარი. ახლა დენი გვაქვს. თუ ჩვენი ტელეფონები დაჯდა, მოდი შევთანხმდეთ რომ ბებოს ტელეფონზე გააგრძელებ დარეკვას 12 საათიდან 9 საათამდე. ამ პერიოდში ჩავრთავთ. გვიყვარხარ!


ყოველდღე მეშინია, ხვალინდელის მეშინია, დაძინების მეშინია, მეშინია, რომ ხვალ დაგვბომბავენ და წყლის რიგში დამალვას ვერ მოვასწრებთ. გულისამრევები არიან ეს მაროდიორები, რომლებიც პირველ დღეებში ყველაფერს ძარცვავდნენ გზად. იპარავდნენ ჩანთებს სუნამოებით, ქურთუკებს, კომბოსტოს ვედროებით და ბავშვის პამპერსებს. ჩვენი სახლიდან კატის საჭმელიც კი წაიღეს. საშინელებაა რომ ასეთი ხალხის გვერდით ვცხოვრობთ. ეს იმიტომ ხდებოდა, რომ პოლიცია ფრონტის ხაზზე იყო. ახლა მამაშენმა გაარკვია, რომ პატრულირებენ და მათ ბოძებზე აკრავენ შარვალჩახდილებს. ძალიან გვიყვარხარ, ძალიან! თავს გაუფრთხილდი ჩვენი ძვირფასო! ყველაზე მეტად ველი იმ მომენტს, როდესაც შენს ჩახუტებას შევძლებ და ძლიერ მიგიკრავ გულთან, მაშინ ეს ჯოჯოხეთი დასრულდება. გკოცნით მე და მამა, ხვალამდე, ჩემო ძვირფასო.


შვილო, ჩემო ძვირფასო, გამარჯობა. ჩვენ ცოცხლები ვართ და ჯოჯოხეთი გრძელდება. დღეს 10 მარტია. ღამე (სახელი) სარდაფში გავატარეთ და მადლობა მათ, რომ 4 კაცი შეგვიფარეს. წუხელ საშინელი აფეთქება იყო. ვერტმფრენიდან ჩამოაგდეს ბომბი მესამე საავადმყოფოსთან. ჩვენი ფანჯრები ჩაიმსხვრა სამზარეულოში და შემოსასვლელი კარის ჩამოვარდა. ჩვენ ამ დროს ვიწექით საძინებელში და დივანზე. წინდებით გამოვვარდით და მერე გავაცნობიერეთ, რომ ჩვენთან თუ ასეა, ბებოსთან როგორ იქნებოდა?! მამა გაიქცა ქუჩაში და მათ ფანჯრებს შეხედა. გავიქეცით, საბედნიეროდ ყველაფერი რიგზე ჰქონდათ, მაგრამ ისტერიკაში იყვნენ. უკვე გამზადებული ჩანთებით იდგნენ ბინასთან, უფრო სწორედ მის ნარჩენებთან. ისეთი ძლიერი აფეთქება იყო, რომ მათი აივანი და ფანჯრები მთლიანად ჩამოინგრა. დავტაცეთ ჩანთებს ხელი და ჩვენთან წამოვედით შიშისგან აკანკალებულები. ჩვენს გარშემო ბევრს სახლს შავი ხვრელები აქვს. გვერდით ერთოთახიან ბინაში კარი ჩამოინგრა. 


დავბრუნდით ნივთების ასაღებად, რაც გარშემო ვიპოვეთ ავიღეთ და ჩავსხედით მანქანაში და მოვედით აქ. სარდაფში ძლიერი სიცივეა. ყველანი ვკანკალებდით, მიწაზე ვიწექით საბანში გახვეულები. რაღაც პლედები ავიღეთ მაგრამ 4 კაცს არ გვეყო. საჭმელიც ცოტა ავიღეთ, რაც მომზადებული გვქონდა. ჩვენი ლოჯი სულ ნამსხვრევებითაა სავსე. დღეს გვინდოდა გავსულიყავით პროდუქტებისთვის, მაგრამ ვერ შევძელით, ისევ დაფრინავენ და ბომბებს ყრიან. საჭმლის მომზადებაც არ შეგვიძლია, სარდაფში ვსხედვართ. ასეთი საშინელებაა. დღეს რაკეტა ჩვენთან ახლოს მდებარე, 9-სართულიან კორპუსს მოხვდა, მერვე სართულს. ძალიან ცივა სარდაფში, მამა თირკმელზე ნერვიულობს. არ ვიცი, გადავრჩებით რო? იმედი გვაქვს რომ შენ კარგად ხარ, თავს გაუფრთხილდი ჩემო ძვირფასო. 


გამარჯობა შვილო, ჩემო ძვირფასო, როგორ ხარ? კარგად ხარ? ძალიან ვნერვიულობთ შენზე. თქვენთანაც ავიაბომბებია, გავიგეთ. იმედი გვაქვს რომ უსაფრთხოდ ხარ. ჩვენ ისევ ცოცხლები ვართ. დღეს ორშაბათია, ჩვენ ისევ სარდაფში ვსხედვართ. დღითიდღე უარესდება. თუ წუხელ და გუშინ ღამით გავრისკეთ სახლში წასვლა, დღეს ზემოთ, პირველ სართულზე ტუალეტში გასვლაც კი საშიშია. ცაში ისევ ფაშისტების ვერტმფრენები დაფრინავენ. საშიშია. ჩვენ პრაქტიკულად ვერაფერს ვამზადებთ, ამისთვის გარეთ გასვლა გვიწევს და ეს ძალიან სახიფათოა. წყალი მთავრდება და მოტანის ყველას ეშინია. ცოტას ვჭამთ, ერთ ულუფას ორად ვყოფთ, მამა სულ მშიერია. 


წუხელ ძლიერი სროლები იყო, ჩვენ დავყარეთ კარტოფილი და გავიქეცით, სადარბაზოში ვიმალებოდით. ისე შეგვეშინდა, ვკანკალებდი და დიდი ხანი ვტიროდი შიშისგან, უიმედობისგან. მენანება ჩვენი სახლი, წასასვლელი აღარსად გვაქვს, ყველაფერი განადგურებულია. კარები და ფანჯრები ჩამონგრეულია. მაროდიორებს თავისუფლად შეუძლიათ შესვლა. რამის გაკეთება სახიფათოა. წყალი საიდანაც მოგვქონდა, უკვე ორი დღეა აღარ მოაქვთ და იქ დგომაც საშიშია. 


შვილო, ჩემო ძვირფასო, მამის ტელეფონიდან გწერ. ჩემი უკვე დიდი ხანია დამჯდარია. დღეს 13 მარტია, ჩვენ ჯერ კიდევ ცოცხლები ვართ. კაი ხანია არ მომიწერია, ელემენტებს ვუფრთხილდები. არ ვიცი რით დავიწყო, როგორ აღვწერო ის ჯოჯოხეთი, რომელშიც ვიმყოფებით. მგონი, ქალაქი თითქმის განადგურდა. გუშინ ბომბი შენობას დაეცა, რომელსაც ხალხი აფარებდა თავს. ორ ნაწილად გაიყო. არ ვიცი, ვინმე თუ გადარჩა. მაშველიც არავინაა. ჩვენ ორჯერ გავრისკეთ და სახლში გავიქეცით პროდუქტებისთვის და საბნებისთვის. 2 ტომარა კარტოფილის მოტანაც კი შევძელით. ორცხობილები, ჩაი და ტკბილეული მოვიტანეთ. ვცდილობთ. 


შვილო, ჩემო ძვირფასო, დღეს 17 მარტია, ჩემს ტელეფონში ცოტა ელემენტი აღმოჩნდა. ჩვენ ისევ ცოცხლები ვართ, თუმცა უკვე რამდენჯერმე ძლივს გადავრჩით. ჯოჯოხეთში ვართ. ყველაფერს გვესვრიან, ერთი მთელი შენობა არ დარჩა. მთელი ქალაქი იწვის. სარდაფიდან ამოსვლის გვეშინია, რომელსაც მთელი უბანი ვაფარებთ თავს. სარდაფი სავსეა ბავშვებით. თითქმის არ გვძინავს, ვდგავართ კუთხეში და ვლოცულობთ სხვებთან ერთად. მანქანის მინები აფეთქების ძალამ ჩაამსხვრია. გასვლა შეუძლებელია. არ ვიცით ხვალ რა იქნება, გადავრჩებით რო? ღმერთო, რატომ ეს ყოველივე? ვევედრებით, რომ ამ სარდაფში გადავრჩეთ. საჭმლის ულუფები სულ უფრო პატარავდება. ვუსმენთ საინფორმაციოებს და იმედი გვაქვს რომ დაგვეხმარებიან. უკვე არაფერი გვადარდებს, მთავარია გადავრჩეთ. ორი კვირაა არ გვიბანავია. ქურთუკებით და ქუდებით გვძინავს. 5 ჯემპრით და წინდებით. ცოტას ვსაუბრობთ, ბევრ საინფორმაციოს ვუსმენთ, ზოგი ბანქოსაც თამაშობს. დრო ნელა გადის. მამა ზემოთ ავიდა და ფანჯრებისა და კედლების გამაგრებაში ეხმარებოდა. ლამის შევიშალე სანამ არ დაბრუნდა. როგორ მინდა გადავრჩე და ჩაგეხუტო, ჩემო ძვირფასო, მაგრამ მიხარია რომ აქ არ ხარ, ძალიან მინდა იცოცხლო და ბედნიერი იყო. ჩვენ ღმერთს ვევედრებით, რომ დაბომბვა შეწყდეს და ერთმანეთის ჩახუტება შეძლონ ახლობლებმა. ძლიერ, ძლიერ გვიყვარხარ. თავს გაუფრთხილდი, ჩემო ერთადერთო, შენ ყველაზე ძვირფასი ხარ რაც გაგვაჩნია.

 

კომენტარები