რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

გოსტომელში, სულ მცირე, 400 ადამიანია დაკარგული – დუმენკო

გოსტომელში, სულ მცირე, 400 ადამიანია დაკარგული. ინფორმაციას გოსტომელის დასახლების სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ტარას დუმენკო ავრცელებს

გოსტომელში რუსები 35 დღის განმავლობაში იყვნენ.

"ჩვენ გვაქვს ინფორმაცია იმ ადამიანებზე, ვინც მოკლეს. არსებობს მტკიცებულება, რომ ისინი მოკლეს - არის ფოტო და ვიდეო ჩანაწერი, მაგრამ მაინც ვერ ვპოულობთ. ინფორმაცია თვითმხილველებმა მოგვაწოდეს, როდესაც ჯერ კიდევ არსებობდა კავშირი, თუმცა ამ დრომდე ვერ შევძელით პოვნა. ინფორმაციის წყარომ გაქცევა მოახერხა". - ამბობს ის გომადსკის რადიოსთვის მიცემულ ინტერვიუში.  

მისივე სიტყვებით, რუსები თავიანთი სისასტიკის კვალს ასუფთავებდნენ. 

"შეიძლებოდა, გოსტომელის მიმართულებით გადაადგილებულიყავი და გზის გასწვრივ  დახვრეტილი მანქანები გენახა - დაღუპულებს შორის ბავშვებიც იყვნენ. ასევე, შეიძლებოდა, უკან დაბრუნებულიყავი - მაგრამ ეს ცხედრები გამქრალი ყოფილიყო". - ამბობს ის.   

რუსი ოკუპანტები უკრაინაში მშვიდობიან მოქალაქეებს ხოცავენ - მას შემდეგ, რაც უკრაინელებმა ბუჩა დაიბრუნეს, ოკუპანტებისგან გათავისუფლებულ სოფელში 300-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე მოკლული იპოვეს. რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ბრალდებებს უარყოფს და ამ ყველაფერს უკრაინის "უკანასკნელ პროვოკაციას" უწოდებს.

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო. პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ. პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები