რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

20 დღე მარიუპოლში – გუნდი, რომელმაც ქალაქის აგონია აღწერა

რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

20 დღე მარიუპოლში – გუნდი, რომელმაც ქალაქის აგონია აღწერა

მსტისლავ ჩერნოვი The Associated Press-ის ვიდეოჟურნალისტია, ევნგენი მალოლეტკა ამავე გამოცემის ფოტოგრაფი. ისინი 20 დღის განმავლობაში მსოფლიოს ალყაშემორტყმული მარიუპოლის ისტორიას უყვებოდნენ. თავის გამოცდილებაზე ჩერნოვი კორესპოდენტ ლორი ჰინნატს ესაუბრა.

გაფრთხილება: სტატია შეიცავს მძიმე კადრებს

რუსები ჩვენზე ნადირობდნენ. სახელების სია ჰქონდათ, ჩვენც ამ სიაში ვიყავით. უკვე ახლოს იყვნენ.

უკრაინის ქალაქ მარიუპოლში ჩვენ უკანასკნელი საერთაშორისო ჟურნალისტები ვიყავით და რუსი სამხედროების ალყას ორ კვირაზე მეტხანს ვაშუქებდით. საავადმყოფოში ვმუშაობდით, როცა შეიარაღებული ადამიანები დერეფნებში დაძრწოდნენ. თავის შესანიღბად ქირურგებმა თეთრი ხალათები მოგვცეს.

მოულოდნელად, გამთენიისას, სამხედროები შემოცვივდნენ: "ჟურნალისტები სად არიან?"

მათ სამკლაურებს შევხედე, უკრაინის ცისფერი დავინახე და შევეცადე, გამეთვალა, რა იყო იმის ალბათობა, რომ  გადაცმული რუსები იყვნენ. ნაბიჯი წინ გადავდი და ჩემი სახელი ვთქვი. 

"აქ თქვენს გასაყვანად ვართ." – გვითხრეს მათ.

საოპერაციოს კედლები საარტილერიო ცეცხლისგან ზანზარებდა და შენობის შიგნით დარჩენა უფრო უსაფრთხოდ გვეჩვენებოდა, მაგრამ უკრაინელ ჯარისკაცებს ჩვენი წაყვანის ბრძანება ჰქონდათ.

Associated Press-ის ფოტოგრაფი ევგენი მალოლეტკა ეხმარება ექიმს მარიუპოლის დაბომვის შედეგად დაშავებული ქალის გადაყვანაში. 2 მარტი, 2022/ (AP Photo/Mstyslav Chernov)
Associated Press-ის ფოტოგრაფი ევგენი მალოლეტკა აჩვენებს საამშობიაროს დაბომბვის შემდეგ შენობიდან ამომავალ კვამლზე. 9 მარტი, 2022/ (AP Photo/Mstyslav Chernov)

ქუჩაში გავცვივდით, მივატოვეთ ექიმები, რომლებმაც შეგვიფარეს, ორსული ქალები, რომლებიც დაბომბეს და ადამიანები, რომლებსაც დერეფანში ეძინათ, რადგან წასასვლელი არსად ჰქონდათ. მათი დატოვების გამო თავს საშინლად ვგრძნობდი.

9, შეიძლება 10 წუთი – მარადისობაა დაბომბილ გზებსა და შენობებს შორის გზის გაკვალვისას. ჩვენ ახლოს ჭურვები ჩამოვარდა და მიწაზე დავცვივდით. დაძაბულები და სუნთქვაშეკრულები დროს ერთი ჭურვიდან მეორემდე ვითვლიდით. დარტყმის ტალღებმა მიყოლებით გადამიარა და ხელები გამეყინა. 

შესასვლელთან მივაღწიეთ და ჯავშანმანქანამ ჩაბნელებულ სარდაფისკენ გაგვაქანა. პოლიციელისგან მაშინღა გავიგეთ, რატომ გარისკეს უკრაინელებმა სამხედროების სიცოცხლე საავადმყოფოდან ჩვენს გასაყვანად.

"თუ დაგიჭერენ, ჩაგწერენ და გაიძულებენ, თქვათ, რომ ყველაფერი, რაც გადაიღეთ, ტყუილია. მთელი თქვენი ძალისხმევა და ყველაფერი, რაც მარიუპოლში გააკეთეთ, ამაო იქნება". – გვითხრა მან.

პოლიციელი, რომელიც მანამდე გვემუდარებოდა, მსოფლიოსთვის მისი მომაკვდავი ქალაქი გვეჩვენებინა, ახლა გვეხვეწებოდა, რომ წავსულიყავით. ათასობით შელახული მანქანისკენ გვიბიძგა, რომლებიც მარიუპოლის დატოვებისთვის ემზადებოდა.

15 მარტი იყო. არ ვიცოდით, ცოცხლები თუ გავაღწევდით.


მოზარდობაში, როცა უკრაინის ქალაქ ხარკოვში, რუსეთის საზღვრიდან 20 კილომეტრის დაშორებით ვიზრდებოდი, იარაღის ხმარებას სკოლის პროგრამის ფარგლებში ვსწავლობდი. მაშინ ეს უაზროდ მეჩვენებოდა. ვფიქრობდი, რომ უკრაინა მეგობრებით იყო გარშემორტყმული.

მას მერე გავაშუქე ომები ერაყში, ავღანეთსა და მთიან ყარაბაღში, ვცდილობდი, თვითმხილველის თვალით მეჩვენებინა ნგრევა. მაგრამ როცა ამ ზამთარს ამერიკელებმა და ევროპელებმა საელჩოს თანამშრომლები კიევიდან გაიყვანეს, როცა რუკებზე ჩემი მშობლიური ქალაქის განაპირას რუსეთის ჯარების თავმოყრის ილუსტრაციას ვუყურებდი, თავში ერთადერთი ფიქრი მიტრიალებდა – ჩემი საწყალი ქვეყანა.

ომის პირველ დღეებში რუსებმა ხარკოვში უზარმაზარი თავისუფლების მოედანი დაბომბეს, იქ ჩემი ცხოვრების 20-იანი წლები გავატარე.

ვიცოდი, რომ აზოვის ზღვასთან მისი განლაგების გამო მარიუპოლის აღმოსავლეთ პორტი რუსებისთვის სტრატეგიული საჩუქარი იქნებოდა. ამიტომ 23 თებერვლის საღამოს ჩემს კოლეგასთან, The Associated Press-ის ფოტოგრაფთან, ევგენი მალოლეტკასთან ერთად მისი ფოლკსვაგენის თეთრი მანქანით მარიუპოლში გავემგზავრე.  

გზაში სათადარიგო საბურავებზე დავიწყეთ ნერვიულობა, ინტერნეტით ვიპოვე კაცი, რომელიც მზად იყო, შუაღამისას ჩვენთვის საბურავები მოეყიდა. მას და 24-საათიანი მაღაზიის მოლარეს ავუხსენით, რომ ომისთვის ვემზადებოდით. გიჟებივით შემოგვხედეს.

მარიუპოლში დილის 3:30-ზე ჩავედით. ომი ერთ საათში დაიწყო.

Associated Press-ის ვიდეოჟურნალისტი მსტისლავ ჩერნოვი ავიაბაზის დაბომბვის შემდეგ მარიუპოლში. 24 თებერვალი, 2022/ (AP Photo/Evgeniy Maloletka)

მარიუპოლის 430 000 მცხოვრების მეოთხედმა ქალაქი პირველ დღეებში დატოვა, როცა ეს ჯერ კიდევ შეეძლოთ. ცოტას სჯეროდა, რომ ომი დაიწყებოდა და როცა თავისი შეცდომა გააცნობიერეს, უკვე ძალიან გვიანი იყო.

რუსეთის ბომბებმა ჯერ ელექტროენერგია გათიშეს, შემდეგ წყალი, შემდეგ საკვების მიწოდება და ბოლოს ყველაზე მნიშვნელოვანი – სატელეფონო, რადიო და სატელევიზიო ანძები. რამდენიმე სხვა ჟურნალისტმა ქალაქი მანამ  დატოვა, სანამ საბოლოო კავშირი გაწყდებოდა და სრული ბლოკადა დაიწყებოდა.

ბლოკადაში ინფორმაციის არარსებობა ორ მიზანს ემსახურება:

პირველი ქაოსია. ხალხმა არ იცის, რა ხდება და პანიკაში ვარდება. თავიდან არ მესმოდა, რატომ გატყდა მარიუპოლი ასე სწრაფად. ახლა ვიცი, რომ ეს კომუნიკაციის ნაკლებობის გამო მოხდა. 

დაუსჯელობა მეორე მიზანია. ქალაქიდან ინფორმაცია, დანგრეული სახლების და მომაკვდავი ბავშვების ფოტოები რომ არ გავრცელებულიყო, რუსული სამხედროები რასაც მოინდომებდნენ, იმას გააკეთებდნენ. ჩვენ რომ არა, ეს ყველაფერი არ იქნებოდა.

ამიტომ მივდიოდით ასეთ რისკებზე, რომ მსოფლიოსთვის გვეჩვენებინა, რაც ჩვენ ვნახეთ. ამან რუსები ისე გააბრაზა, რომ ჩვენზე ნადირობა დაიწყეს.

აქამდე არასოდეს მიგრძვნია, რომ ხმის ამაღლება ასეთი მნიშვნელოვანი იყო.


მარიუპოლის საავადმყოფო. საცხოვრებელი რაიონის დაბომბვის შედეგად გარდაცვლილი გოგონას სხეული. 27 თებერვალი, 2022./(AP Photo/Mstyslav Chernov)
მარიუპოლის N3 საავადმყოფოს დაბომბვის შედეგად დაღუპული ბავშვები. 15 მარტი, 2022.(AP Photo/Mstyslav Chernov)
მედმუშაკი მკურნალობს დაბომბვის შედეგად დაშავებულ კაცს, საავადმყოფო მარიუპოლში. 4 მარტი, 2022.(AP Photo/Mstyslav Chernov)

სიკვდილი სწრაფად მოვიდა. 27 თებერვალს ვუყურებდით როგორ ცდილობდა ექიმი პატარა გოგონას გადარჩენას, რომელიც შრაპნელმა დაჭრა. ის დაიღუპა.

მას მეორე ბავშვის სიკვდილი მოჰყვა, შემდეგ მესამის. სასწრაფო დახმარების მანქანებს დაჭრილები ვეღარ მიჰყავდათ, რადგან სიგნალის გარეშე ადამიანები მათ ვერ ურეკავდნენ და დაბომბილ ქუჩებში გზის გაკვლევაც აღარ შეეძლოთ.

ექიმები გვევედრებოდნენ, გადაგვეღო ოჯახები, რომლებსაც თავისი დაჭრილები და დაღუპულები მოჰყავდათ, ჩვენი კამერების დასატენად თავის გენერატორს გვთავაზობდნენ. გვეუბნებოდნენ – არავინ იცის, რა ხდება ჩვენს ქალაქშიო.

საარტილერიო ცეცხლი საავადმყოფოსა და გარშემო სახლებს მოხვდა. ჩვენი მანქანის ფანჯრები ჩალეწა, მანქანის გვერდი და საბურავი გახვრიტა. ხანდახან გარეთ გავცვიდებოდით, რათა ცეცხლწაკიდებული სახლი გადაგვეღო და შემდეგ, აფეთქებების ფონზე, უკან გამოვრბოდით.

ქალაქში ერთი ადგილი რჩებოდა, სადაც სიგნალი იჭერდა, ბუდიველნიკივის გამზირზე, დარბეული მაღაზიის გარეთ. დღეში ერთხელ იქ მივდიოდით, კიბეების ქვეშ ვიცუცქებოდით და მსოფლიოს ფოტოებს და ვიდეობს ვუგზავნიდით. კიბე ვერ დაგვიცავდა, მაგრამ იქ ყოფნა უფრო უსაფრთხო გვეჩვენებოდა, ვიდრე ღია ცის ქვეშ.

დაბომბვის შედეგად იწვის საცხოვრებელი სახლი მარიუპოლში.11 მარტი, 2022/ (AP Photo/Mstyslav Chernov)

სიგნალი სამ მარტს გაქრა. ვცადეთ ჩვენი ვიდეო საავადმყოფოს მეშვიდე სართულიდან გაგვეგზავნა და სწორედ იქიდან ვნახეთ მარიუპოლის საბოლოო ნგრევა.

სავაჭრო ცენტრი იძარცვებოდა და საარტილერიო ცეცხლის გავლით იქით გავემართეთ. ათობით ადამიანი ელექტრონული მოწყობილობებით, საჭმლით და ტანსაცმლით დატვირთულ ურიკებს მიაგორებდა.

ჭურვი მაღაზიის სახურავზე აფეთქდა და ძირს დამანარცხა. დავიძაბე, მეორე დარტყმას ველოდი და ასჯერ დავწყევლე საკუთარი თავი, რომ კამერა ჩართული არ მქონდა.

და, აი, მეორე ჭურვი საშინელი წუილით უკვე საცხოვრებელ კორპუსს მოხვდა. თავი შევაფარე, კუთხეში მივიყუჟე.

მოზარდმა ელექტრონული მოწყობილობებით დატვირთული ურიკით ჩამიარა, კოლოფები ურიკის კიდეებიდან ცვიოდა.

"მე და ჩემი მეგობრები იქ ვიყავით, ჭურვი ჩვენგან 10 მეტრში ჩამოვარდა. წარმოდგენა არ მაქვს, ჩემს მეგობრებს რა მოუვიდათ" – მითხრა მან.

უკან საავადმყოფოსკენ გავიქეცით. 20 წუთში დაჭრილების შემოყვანა დაიწყეს, ზოგი ურიკებით მოიყვანეს.

რამდენიმე დღის განმავლობაში გარესამყაროსთან ჩვენი ერთადერთი კავშირი თანამგზავრული ტელეფონი იყო და ერთადერთი ადგილი, სადაც ეს ტელეფონი მუშაობდა, ღია ცის ქვეშ, ჭურვისგან გაჩენილ კრატერთან იყო. ჩამოვჯდებოდი, თავს დავიპატარავებდი და ვცდილობდი, კავშირი დამეჭირა.

ყველა გვთხოვდა, გვეთქვა, ომი როდის დასრულდებოდა. პასუხი არ მქონდა.

ყოველდღე ხმა ირხეოდა, რომ უკრაინული არმია ალყას გაარღვევდა, მაგრამ არავინ მოვიდა.


ხალხი იმალება სახელდახელო თავშესაფარში, მარიუპოლი. 11 მარტი, 2022/(AP Photo/Mstyslav Chernov)
ქალი, რომლის ქმარიც დაბომბვის დროს დაუღუპა, მარიუპოლი. 11 მარტი, 2022/ (AP Photo/Mstyslav Chernov)
ქალი და ბავშვი მარიუპოლის ერთ-ერთ ბომბსაფარში. 7 მარტი, 2022/(AP Photo/Mstyslav Chernov)
ადამანები ღამისთვის ემზადებიან სპორტულ ცენტრში სახელდახელოდ მომზადებულ თავშესაფარში. 27 თებერვალი, 2022/(AP Photo/Mstyslav Chernov)

ამ დროისთვის უკვე ვნახე სიკვდილი საავადმყოფოში, გვამები ქუჩებში, ათობით გვამი საერთო საფლავში. იმდენი სიკვდილი ვნახე, რომ უკვე გაუცნობიერებლად ვიღებდი.

9 მარტს ტყუპმა ავიაიერიშმა ჩვენი მანქანის ფანჯარაზე გადაკრული ცელოფანი დაანაკუწა. ცეცხლოვანი სფერო დავინახე და მეორე წამს ყურში, კანზე, სახეზე გამჭოლი ტკივილი ვიგძენი.

დავინახეთ, როგორ ამოდიოდა კვამლი სამშობიაროდან. როცა მივედით, მაშველებს ჯერ კიდევ ამოჰყავდათ დასისხლიანებული ორსული ქალები ნანგრევებიდან.

კამერების ბატერეები თითქმის დამჯდარი იყო, ფოტოების გასაგზავნად კავშირი არ გვქონდა. კომენდანტის საათი რამდენიმე წუთში იწყებოდა. პოლიციელმა გაიგონა, როგორ ვარჩევდით, როგორ გაგვევრცელებინა საავადმყოფოს დაბომბვის ცნობები.

"ეს ომის მსვლელობას შეცვლის". – გვითხრა და დენის წყაროსა და ინტერნეტ კავშირთან წაგვიყვანა.

უკვე იმდენი დაღუპული ადამიანი, დაღუპული ბავშვი გადავიღეთ, არ მესმოდა, რატომ ეგონა, რომ მეტი სიკვდილი რამეს შეცვლიდა.

ვცდებოდი.

საერთო საფლავი მარიუპოლის შემოგარენში. 9 მარტი, 2022/ (AP Photo/Mstyslav Chernov)

სიბნელეში ფოტოები სამი ტელეფონით გავგზავნეთ, ვიდეოფაილი სამ ნაწილად გავყავით, რომ პროცესი დაგვეჩქარებინა, რამდენიმე საათი დაგვჭირდა, კომენდანტის საათს გადავაცილეთ. დაბომბვა გრძელდებოდა, მაგრამ ჩვენთან მომაგრებული პოლიციელები, რომლებსაც ქალაქში უნდა გავეცილებინეთ, მოთმინებით გველოდებოდნენ.

შემდეგ კი მსოფლიოსთან ჩვენი კავშირი კიდევ ერთხელ გაწყდა.

ცარიელი სასტუმროს სარდაფში დავბრუნდით, სადაც აკვარიუმი ახლა უკვე მკვდარი თევზებით იყო სავსე. იზოლაციაში არაფერი ვიცოდით რუსეთის მზარდი დეზინოფრმაციის კამპანიის შესახებ, რომელის მიზანი ჩვენი შრომის დისკრედიტაცია იყო.

ლონდონში რუსეთის საელჩომ ორი თვითი გამოაქვეყნა და AP-ს სურათებს ყალბი უწოდა, გამოაცხადა, რომ ორსული ქალი მსახიობი იყო. რუსეთის ელჩმა ფოტოების ასლები გაეროს უშიშროების საბჭოს შეხვედრაზე აჩვენა და გაიმეორა ტყუილები სამშობიაროზე თავდასხმის შესახებ.

ამ დროს კი, მარიუპოლში ხალხი დაუსრულებლად გვეკითხებოდა ომის ახალ ამბებს. ძალიან ბევრი ადამიანი მოვიდა ჩემთან და მთხოვა, გადამეღო მათთვის, რათა ქალაქის ფარგლებს გარეთ მათ ახლობლებს გაეგოთ, რომ ცოცხლები იყვნენ.

ამ დროისთვის მარიუპოლში უკრაინული არცერთი რადიო და ტელესიგნალი აღარ მუშაობდა. ერთადერთი რადიო, რომელსაც იჭერდა, დამახინჯებულ რუსულ სიცრუეს გადასცემდა – რომ უკრაინელებს მარიუპოლი მძევლად ჰყავდათ, შენობებს ესროდნენ, ქიმიურ იარაღს ამზადებდნენ. პროპაგანდა იმდენად ძლიერი იყო, რომ ზოგმა ამის დაჯერება დაიწყო, მიუხედავად იმისა, საკუთარი თვალით რას ხედავდნენ.

გზავნილი მუდმივად, საბჭოთა სტილით მეორდებოდა: მარიუპოლი ალყაშია, დაყარეთ იარაღი.

11 მარტს, ხანმოკლე სატელეფონო საუბარში ჩვენმა რედაქტორმა გვკითხა, თუ შეგვეძლო, მოგვეძებნა ქალი, რომელიც საავადმყოფოზე თავდასხმას გადაურჩა, რათა მისი არსებობა დაგვემტკიცებინა. გავაცნობიერე, რომ კადრები საკმარისად შთამბეჭდავი აღმოჩნდა იმისთვის, რომ რუსეთის ხელისუფლების პასუხი გამოეწვია.

ქალები ფრონტის ხაზზე საავადმყოფოში ვიპოვეთ, ზოგი უკვე ბავშვით იყო, ზოგი მშობიარობდა. იქ გავიგეთ, რომ ერთმა ქალმა ბავშვი დაკარგა და თავადაც დაიღუპა.

მეშვიდე სართულზე ავედით, რათა სუსტი ინტერნეტით ვიდეო გაგვეგზავნა. აქედან დავინახე, რომ ტანკები მიყოლებით მოვიდნენ საავადმყოფოსთან, თითოეული Z-ით იყო მონიშნული, რომელიც ომის რუსულ სიმბოლო გახდა.

ალყაში ვიყავით – ათობით ექიმი, ასობით პაციენტი და ჩვენ.


უკრაინელი სამხედროები, რომლებიც საავადმყოფოს იცავდნენ, გაქრნენ. გზას ჩვენს მანქანამდე, რომელშიც საჭმელი, წყალი და აღჭურვილობა გვქონდა, რუსი სნაიპერი აკონტროლებდა, რომელმაც უკვე ესროლა გარეთ გასულ ექიმს.

სიბნელეში რამდენიმე საათმა გაიარა, აფეთქებების ხმას ვუსმენდით. სამხედროები ჩვენს წასაყვანად ამ დროს მოვიდნენ, უკრაინულად ყვიროდნენ.

ვერ ვგრძნობდით, რომ ჩვენს გადასარჩენად მოვიდნენ, თითქოს ერთი საფრთხიდან მეორე საფრთხეში გადაგვიყვანეს. ამ დროისთვის მარიუპოლში უსაფრთხო ადგილი აღარსად იყო. ნებისმიერ წუთს შეიძლება მოვმკვდარიყავი.

ჯარისკაცების უსაზღვროდ მადლობელი ვიყავი, მაგრამ თან ვერაფერს ვგრძნობდი. მრცხვენოდა, რომ ქალაქს ვტოვებდი.

სამკაციან ოჯახთან ერთად ჰიუნდაიში ჩავსხედით და ქალაქიდან გასასვლელად 5-კილომეტრიან საცობში ჩავდექით. იმ დღეს მარიუპოლი დაახლოებით 30 000-მა ადამიანმა დატოვა, იმდენად ბევრმა, რომ რუს ჯარისკაცებს ყველა მანქანის შემოწმების დრო არ ჰქონდათ.

დაზიანებული მანქანა, რომელიც the Associated Press-ის ჟურნალისტებმა მარიუპოლის დასატოვებლად გამოიყენეს 17 მარტი, 2022/ (AP Photo/Mstyslav Chernov)

ხალხი ნერვიულობდა, ერთმანეთს ეჩხუბებოდა, ერთმანეთს უყვიროდა. ყოველ წუთს ან თვითმფრინავი გადაგვიფრენდა ან საჰაერო თავდასხმა ხდებოდა. მიწა ზანზარებდა.

15 რუსული ბლოკპოსტი გავიარეთ, ყოველ ბლოკპოსტთან დედა, რომელიც ჩვენს მანქანაში წინა სავარძელში იჯდა, გამწარებით ლოცულობდა, ხმამაღლა, ისე, რომ ჩვენც გვესმოდა.

გავდიოდით ბლოკპოსტებს, მესამეს, მეათეს, მეთხუთმეტეს, თითოეულს მძიმედ შეიარაღებული ჯარისკაცები იცავდნენ და ჩემი იმედი, რომ მარიუპოლი გადარჩებოდა, იწურებოდა. მივხვდი, რომ უბრალოდ ქალაქამდე მისაღწევად უკრაინულ არმიას ძალიან დიდი ტერიტორიის გარღვევა დასჭირდებოდათ. ეს კი არ მოხდებოდა.

მზის ჩასვლისას მივაღწიეთ ხიდს, რომელიც უკრაინელებმა რუსების წინსვლის შესაჩერებლად ააფეთქეს. წითელი ჯვრის 20 მანქანა უკვე გაჭედილი იყო. ყველამ ერთად გზიდან გადავუხვიეთ, მინდვრებითა და უკანა გასასვლელებით გავედით.

მე-15 ბლოკბოსტთან ჯარისკაცები რუსულად კავკასიური აქცენტით ლაპარაკობდნენ. მთელი კონვოის ფარების შუქის ჩაქრობა გვიბრძანეს, რათა გზის პირას გაჩერებული შეიარაღებული სამხედრო ტექნიკა დაემალათ. თეთრი Z-ები ძლივს გავარჩიე.

მე-16 ბლოკპოსტთან ხმები გავიგონეთ, უკრაინელების ხმები. წარმოუდგენელი შვება ვიგრძენით. მანქანაში დედას ტირილი წასკდა. გამოვაღწიეთ.

ჩვენ მარიუპოლში უკანასკნელი ჟურნალისტები ვიყავით. ახლა იქ ჟურნალისტები აღარ არიან.

ჯერ კიდე გვწერენ ადამიანები, რომელბსაც ჩვენ მიერ გადაღებული და ჩაწერილი მათი ახლობლების ბედი აინტერესებთ. სასოწარკვეთილები ისე გვწერენ, თითქოს უცხოები არ ვართ, თითქოს მათი დახმარება შეგვიძლია.

როდესაც რუსებმა თეატრს დაარტყეს, სადაც გასულ კვირას ასობით ადამიანი აფარებდა თავს, ზუსტად ვიცოდი, სად უნდა წავსულიყავით, რომ გადარჩენილების ბედი გაგვერკვია, პირადად მოგვესმინა, როგორია, როცა საათობით ნანგრევებს შორის ხარ მომწყვდეული. ვიცი, სად არის ეს შენობა, ვიცი მის გარშემო განადგურებული სახლები. ვიცნობ ხალხს, რომლებიც იქ ნანგრევებს შორის არიან მომწყვდეული.

კვირას უკრაინელებმა თქვეს, რომ რუსებმა მარიუპოლში სკოლა დაბომბეს, რომელშიც 400-მდე ადამიანი იყო, მაგრამ ჩვენ იქ წასვლა აღარ შეგვიძლია.

მარიუპოლი. 12 მარტი, 2022/(AP Photo/Mstyslav Chernov)

 

კომენტარები