რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

"სიცოცხლე ქალაქში სანთელივით დნება" – მარიუპოლელი ქალი ალყაში ცხოვრებას აღწერს

მარიუპოლი

უკრაინის რიგითი მოქალაქე, მარიუპოლელი ნადეჟდა სუხორუკოვა Facebook-ზე წერს, თუ როგორია ცხოვრება ალყაში მყოფ ქალაქში, რომელსაც არ მიეწოდება საარსებოდ აუცილებელი რესურსები და მუდმივად დაბომბვის ქვეშაა:

"დაბომბვებს შორის გარეთ გავდივარ. ძაღლი უნდა გავასეირნო. ის გამუდმებით ტირის, კანკალებს და ჩემს ზურგს უკან იმალება. სულ მინდა დავიძინო. ჩემი ეზო, რომელიც გარშემორტყმულია მაღალსართულიანი კორპუსებით, წყნარი და მკვდარია. გარშემო მიმოხედვის აღარ მეშიანია.

მოპირდაპირე, 105-ე სახლის სადარბაზო იწვის. ცეცხლმა შთანთქა ხუთი სართული და ნელ-ნელა ხრავს მეექვსეს. ოთახში ცეცხლი ნაზად იწვის, როგორც ბუხარში. შავი, დანახშირებული ფანჯრები დარნჩნენ მინის გარეშე. იქიდან, ენასავით გადმოგდებულა ცეცხლის ალით შეტრუსული ფარდა. მშვიდი და განწირული ვუყურებ.

დარწმუნებული ვარ მალე მოვკვდები. დღეების საქმეა. ამ ქალაქში ყველა მუდმივად ელოდება სიკვდილს. ვისურვებდი, რომ ეს არ იყოს ძალიან საშინელი. სამი დღის წინ ჩემი უფროსი ძმისშვილის მეგობარი მოვიდა ჩვენთან და გვითხრა, რომ სახანძრო ნაწილი დაბომბეს. მაშველები დაიღუპნენ. ერთ ქალს ხელი, ფეხი და თავი მოგლიჯა. ვოცნებობ, ჩემი სხეულის ნაწილები ადგილზე დარჩეს, თუნდაც საჰაერო ბომბის აფეთქების შემდეგ.

არ ვიცი რატომ, მაგრამ ჩემთვის მნიშვნელოვანია. თუმცა, მეორე მხრივ, საომარი მოქმედებების დროს მაინც არ დამკრძალავენ. ასე გვიპასუხა პოლიციამ, როცა ისინი ქუჩაში გამოვიჭირეთ და ვკითხეთ, რა ვუყოთ ჩვენი მეგობრის გარდაცვლილ ბებიას. ურჩიეს აივანზე გაყვანა. მაინტერესებს რამდენ აივანზე წევს გვამი?

მშვიდობის გამზირზე, ჩვენი სახლი ერთადერთია, რომელიც გადარჩა. მას ორჯერ მოხვდა ჭურვი, ზოგიერთ ბინაში ფანჯრები ჩაიმსხვრა, თუმცა თითქმის არ დაშავებულა და სხვა სახლებთან შედარებით, იღბლიანი ჩანს.

მთელი ეზო დაფარულია ფერფლის, მინის, პლასტმასისა და ლითონის ნამტვრევების რამდენიმე ფენით. ვცდილობ არ ვუყურო სათამაშო მოედანზე მყოფ რკინის ნაგლეჯს. მე ვფიქრობ, რომ ეს არის რაკეტა, ან, შესაძლოა, ნაღმი. სულ ერთია, უბრალოდ არასასიამოვნოა. მესამე სართულის ფანჯარაში ვიღაცის სახეს ვხედავ და ვკანკალებ. როგორც ჩანს, ცოცხალი ადამიანების მეშინია.

ჩემი ძაღლი ყმუილს იწყებს და ვხვდები, რომ ახლა ისევ ისვრიან. დღისით ქუჩაში ვდგავარ, გარშემო ისეთი სიჩუმეა, როგორც სასაფლაოზე. არც მანქანებია, არც ხმები, არც ბავშვები, არც ბებიები სხედან სკამებზე. ქარიც კი მოკვდა. აქ კიდევ რამდენიმე ადამიანია. ისინი სახლებთან და ავტოსადგომებზე წვანან, ტანსაცმლით დაფარულები. არ მინდა მათი ყურება. მეშინია, რომ ნაცნობს ვნახავ.

ჩემს ქალაქში მთელი სიცოცხლე ახლა სარდაფებში დნება. ის სანთელს ჰგავს. მის ჩაქრობას არაფერი უნდა. ნებისმიერი ვიბრაცია ან ნიავი და... წყვდიადი დაისადგურებს. ვცდილობ ვიტირო, მაგრამ არ შემიძლია. მეცოდება საკუთარი თავი, ჩემი ოჯახი, ჩემი ქმარი, მეზობლები, მეგობრები. ვბრუნდები სარდაფში და ვუსმენ რკინის ბრახუნს. ორი კვირა გავიდა და აღარ მჯერა, რომ ოდესღაც ცხოვრება არსებობდა.

მარიუპოლში ხალხი სარდაფებში ჯდომას აგრძელებს. ყოველდღიურად მათთვის უფრო რთული ხდება გადარჩენა. არ აქვთ წყალი, საკვები, სინათლე, მუდმივი დაბომბვის გამო გარეთ გასვლაც კი არ შეუძლიათ. მარიუპოლელებმა უნდა იცოცხლონ. დაეხმარეთ მათ. მოყევით ამის შესახებ. ყველამ იცოდეს, რომ მშვიდობიანი მოსახლეობის დახოცვას აგრძელებენ."

კომენტარები