რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

საბერძნეთი 12 რუს დიპლომატს ქვეყნიდან აძევებს

უკრაინაში მიმდინარე ომის გამო საბერძნეთიდან 12 რუს დიპლომატს პერსონა ნონ გრატად აცხადებენ და ქვეყნიდან აძევებენ. ამის შესახებ წერს საბერძნეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო

საბერძნეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს გენერალურმა მდივანმა რუსეთის ელჩს გადაწყვეტილების შესახებ შეატყობინა. სამინისტროს თქმით, რუსი დიპლომატები არ იქცეოდნენ საერთაშორისო ნორმების შესაბამისად.

რუსეთის მხრიდან ბუჩაში მშვიდობიან მოსახლეობაზე თავდასხმის პასუხად, დანიამ - 15, გერმანიამ - 40, შვედეთმა - 3, იტალიამ - 30 რუსი დიპლომატი გააძევა. ლიტვამ კი რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობების დონე შეამცირა და ლიტვაში რუსეთის ელჩს ქვეყანა დაატოვებინა. 

კიევის ოლქში ირპენზებუჩაზე და გოსტომელზე უკრაინულმა ძალებმა კონტროლი ეტაპობრივად დაიბრუნეს. ოკუპანტებისგან გათავისუფლებულ ბუჩაში 300-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე მოკლული იპოვეს. რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ბრალდებებს უარყოფს და ამ ყველაფერს უკრაინის "უკანასკნელ პროვოკაციას" უწოდებს.

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო. პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ. პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები