ეკონომიკის მინისტრის მოადგილე თამარ იოსელიანმა საავიაციო სექტორის განვითარებასთან დაკავშირებით ისაუბრა და განაცხადა, რომ ივანიშვილის მთავრობას აქვს "თანმიმდევრული პოლიტიკა" ამ საკითხთან დაკავშირებით.
იოსელიანის განცხადებით, გაფართოებული თბილისის საერთაშორისო აეროპორტი შეძლებს მოემსახუროს "10 მილიონ მგზავრს წელიწადში", ხოლო ვაზიანის აეროპორტი "რომელიც 2032 წელს უნდა შევიდეს ოპერირებაში", შეძლებს მოემსახუროს "20 მილიონამდე მგზავრს."
"ძალიან მნიშვნელოვანი პრეზენტაცია გვქონდა რამდენიმე დღის წინ და შესაბამისად დავიწყეთ სამშენებლო სამუშაოები თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, შესაბამისად ფრანგული სახელმწიფო კომპანია ტავ ჯორჯიასთან ერთად 150 მილიონი დოლარის ინვესტიციას განახორციელებს მომავალი ორი წლის განმავლობაში.
შესაბამისად, ჩვენ გვექნება გაფართოებული თბილისის საერთაშორისო აეროპორტი, რომელიც დღეს ემსახურება 5 მილიონ მგზავრს და 2 წელიწადში შეძლებს, რომ მოემსახუროს დაახლოებით 10 მილიონ მგზავრს წელიწადში.
შესაბამისად, ამ მიმართულებით, რა თქმა უნდა, აქტიურ ნაბიჯებს ვდგამთ ჩვენს კერძო პარტნიორთან ერთად და შესაბამისად, დარწმუნებული ვარ რომ ძალიან მალე ხელშესახები შედეგებიც გვექნება.
ასევე მნიშვნელოვანია, ჩვენი ხედვა თბილისის ახალ აეროპორტთან დაკავშირებით, რომელიც 2032 წელს უნდა შევიდეს ოპერირებაში, ვაზიანის აეროპორტს ვგულისხმობ, რა თქმა უნდა, ამ მიმართულებითაც შესაბამისი ნაბიჯები იდგმევა.
2032 წელს ჩვენ გვექნება აეროპორტი, რომელიც შეძლებს მოემსახუროს 20 მილიონამდე მგზავრს." - განაცხადა იოსელიანმა დასანქცირებული TV იმედის ეთერში.
ცნობისთვის, 13 ივლისს, ივანიშვილის პრემიერმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ იწყებენ თბილისის საერთაშორისო აეროპორტის განვითარებისა და გაფართოების მასშტაბურ პროექტს, რომელიც მისი თქმით, "მთავრობის თანმიმდევრული პოლიტიკის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი შედეგია."
შეგახსენებთ, რომ 2024 წელს კობახიძემ თბილისში ახალი აეროპორტის აშენების შესახებ ისაუბრა. მისი თქმით, იყო 2 ალტერნატივა, "ერთი გულისხმობდა არსებული აეროპორტის გაფართოებას, მეორე - ახალი აეროპორტის მშენებლობას ვაზიანში." ივანიშვილის პრემიერმა მაშინ განაცხადა, რომ გადაწყვეტილება ახალი აეროპორტის აშენებაზე მიიღეს.
2025 წელს ივანიშვილის პრემიერმა საგაზაფხულო სესიის პლენარულ სხდომაზე წლიური ანგარიშის მოხსენებისას განაცხადა, რომ თბილისის აეროპორტის ვაზიანში გადატანა 2031 წელს მოხდება.




