რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ლანდსბერგისი: ლიტვაში რუსეთის ელჩს ქვეყანას ვატოვებინებთ

გაბრიელიუს ლანდსბერგისი

ლიტვის საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, ლიტვა რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობების დონეს ამცირებს და ლიტვაში რუსეთის ელჩს ქვეყანას ატოვებინებს. აგრეთვე, დაიხურება რუსეთის გენერალური საკონსულო ქალაქ კლაიპედაში. ამის მიზეზი რუსეთის მხრიდან უკრაინის მიმართ განხორციელებული სამხედრო აგრესიაა.

ეს გადაწყვეტილება უკვე გააცნეს ლიტვაში რუსეთის საელჩოს წარმომადგენლებს, რომლებიც საგარეო საქმეთა მინისტრთან დაიბარეს. აგრეთვე, უახლოეს მომავალში ლიტვის ელჩი რუსეთის ფედერაციაში, რომელიც ამჟამად მოსკოვში იმყოფება, ლიტვის დედაქალაქ ვილნიუსში დაბრუნდება.

ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრის, გაბრიელიუს ლანდსბერგისის თქმით, ლიტვა მტკიცედ უჭერს მხარს უკრაინელ ხალხს და კატეგორიულად გმობს იმ სისასტიკეს, რომელსაც რუსი ოკუპანტები უკრაინის მთელ რიგში ქალაქებში ახორციელებენ. მისივე განცხადებით, რუსეთი ომის დამნაშავეა და ამ დანაშაულს ისინი არასოდეს დაივიწყებენ.

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო. პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ. პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები