რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

"ჯოჯოხეთი დედამიწაზე" – გადარჩენილი მარიუპოლელები FT-სთან საკუთარ ისტორიებს ყვებიან

Reuters/Alexander Ermochenko

გადარჩენილი მარიუპოლელები Financial Times-თან საკუთარ ისტორიებს ყვებიან. მედიის ინფორმაციით, რუსების მიერ ალყაშემორტყმულ მარიუპოლში, სადაც ერთ-ერთი ყველაზე მძიმე ბრძოლები მიმდინარეობს, ხალხი საკვებისთვის უპატრონო ძაღლებს კლავს. 

მედიის რესპონდენტი, ერთ-ერთი მარიუპოლელი ბიზნესმენი, სახელად დმიტრო (გვარის დასახელებაზე უარი თქვა) რომელმაც ქალაქი უკვე დატოვა, მეგობრებზე დაყრდნობით ამბობს, რომ  ხალხი ამ ზომას მას შემდეგ მიმართავს, რაც საკვების მარაგი ამოეწურათ.  

"გესმის სიტყვები, მაგრამ მათი დაჯერება შეუძლებელია, დაჯერება, რომ ეს ნამდვილად ხდება. ეს ჯოჯოხეთია დედამიწაზე". - ამბობს ის FT-სთან. 

დმიტრო ერთ-ერთია იმ უკრაინელებს შორის, რომლებსაც  Financial Times-ი უკრაინის მიერ კონტროლირებად ქალაქ ზაპოროჟიეში ევაკუირების შემდეგ ტელეფონით დაუკავშირდა. ყველა რესპონდენტი აღწერს, რომ სასტიკმა თავდასხმებმა ქალაქი გაანადგურა, მოკლა და დაასახიჩრა უამრავი მშვიდობიანი მოქალაქე, გადარჩენილებს კი ღრმა ჭრილობები დაუტოვა.  

რუსი ოკუპანტების მიერ დაბომბვის შედეგად მარიუპოლში შეწყდა ელექტროენერგია, გაზი და წყალი. 400 000 მარიუპოლელი გაყინულ თავშესაფრებში დარჩა.

გადარჩენილები აღწერენ "სასოწარკეთილ მცდელობას", დაბომბვის პარალელურად პროდუქტები და ნივთები მოემარაგებინათ. FT-ის რესპონდენტი, დმიტრო ყვება, რომ დაბომბვის შემდეგ მარიუპოლის ცენტრალურ ბაზარში მივიდა. 

"ყველაფერი იწვოდა, ყველგან გვამები იყო. მე კი მათ შორის მივდიოდი - აქ კომბოსტოს ვიღებდი, იქ სტაფილოს. ვიცოდი, ეს ნიშნავდა, რომ ჩემი ოჯახი კიდევ 1-2 დღე იცოცხლებდა". - ამბობს ის. 

მიკოლა ოსიჩენკო, მარიუპოლის ტელევიზიის აღმასრულებელი დირექტორი ამბობს, რომ ბოლო სამი კვირის განმავლობაში ის თავს მუდმივად სრულად უსუსურად გრძნობდა.  

"როდესაც ბომბები ცვიოდა, ჩემს შვილს საკუთარი სხეულით ვეფარებოდი. ვიცოდი, ამით რეალურად ვერ დავიცავდი, მაგრამ ეს სასოწარკვეთით გამოწვეული ქმედება იყო". - ამბობს ის.

მარიუპოლელები მედიასთან აღწერენ, რომ დაბომბვის შემდეგ ქუჩის ძაღლები ადამიანების დაუმარხავ გვამებს ჭამდნენ. გადარჩენილი მოქალაქეები დაღუპულებს ერთ საფლავში მარხავდნენ.   

ოსიჩენკო ყვება, რომ სასმელი წყლის გარეშე დარჩენილი ხალხი წყალს რადიატორებიდან სვამდა, ასევე, აგროვებდა და ადნობდა თოვლს. მისივე თქმით, წყლისთვის ადგილობრივ პარკებში წასვლაც სურდათ, თუმცა პარკებში რიგი დგებოდა და "ეს იყო იდეალური სამიზნე რუსული რაკეტებისთვის".  

FT-ის რესპონდენტის, ჟურნალისტ ანა რომანენკოს თქმით, ევაკუაციის შემდეგ მარიუპოლელები ახალი საფრთხის წინაშე დადგნენ - გაყვანისას რუსი ოკუპანტები ამოწმებენ, ისინი "სანდოები არიან თუ არა", ასევე, ამოწმებენ სოციალურ ქსელებს, რათა "რაიმე ანტირუსული იპოვონ". მისივე სიტყვებით, ოკუპანტებმა შემოწმებისას მისი მეგობარი ქალაქ ნოვოაზოვსკში გაგზავნეს, რომელსაც თავად აკონტროლებენ - ნოვოაზოსკში ის დაკითხეს, წაართვეს უკრაინული პასპორტი და როსტოვში გაუშვეს. ჟურნალისტს მეგობრის შესახებ ამ დღის შემდეგ არაფერი სმენია. 

ანა რომანენკო FT-სთან ამბობს, რომ გადაწყვეტილი აქვს, მარიუპოლში დაბრუნდეს "და ყველაფერი გააკეთოს მის აღსადგენად".

"როგორც კი რუსები წავლენ, მე დავბრუნდები. იქ ყველა ჩემი წინაპარია დაკრძალული. სხვაგან ბედნიერი ვერ ვიქნები". - ამბობს ის. 

მარიუპოლს, რომელიც უკრაინის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საპორტო ქალაქია, რუსი ოკუპანტები ორ კვირაზე მეტია, ინტენსიურად ბომბავენ - ქალაქი ნანგრევებად არის ქცეული. 

კვირას, 20 მარტს, ოკუპანტებმა მარიუპოლს დანებებისთვის ვადა 5 საათამდე მისცეს. მარიუპოლელებმა რუსებს უპასუხეს - "მარიუპოლს არა, *ლეს მოგცემთ". 

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო. პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ. პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას კვლავ უწესებენ.

კომენტარები