რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ბაიდენი: თუ რუსეთი ქიმიურ იარაღს გამოიყენებს, პასუხს გავცემთ

ჯო ბაიდენი

NATO-სა და დიდი შვიდეული სამიტების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე აშშ-ს პრეზიდენტმა, ჯო ბაიდებნმა ჟურნალისტის შეკითხვას, რუსეთის მიერ ქიმიური იარაღის გამოყენების შემთხვევაში, გასცემს თუ არა მათ აშშ ან NATO პასუხს, დადებითი პასუხი გასცა

"პასუხს გავცემთ თუ ის (ვლადიმირ პუტინი) მას (ქიმიურ იარაღს) გამოიყენებს". – უპასუხა ბაიდენმა ჟურნალისტს.

თუმცა, აიდენმა აღნიშნა, რომ გააჩნია იმას თუ როგორ გამოიყენებს რუსეთი ქიმიურ იარაღს.

"პასუხის ფორმა დამოკიდებული იქნება [ქიმიური იარაღის] გამოყენების ფორმაზე". – აღნიშნა ბაიდენმა.

გასულ დღეებში როგორც აშშ, ისე დიდი ბრიტანეთი აფრთხილებდნენ საერთაშორისო საზოგადოებას, რომ რუსეთმა უკრაინაში, შესაძლოა, ქიმიური იარაღი ცრუ დროშის ოპერაციის ქვეშ გამოიყენოს.

რუსეთის ფედერაციის პროპაგანდა ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში აქტიურად ავრცელებდა დეზინფორმაციას და საუბრობდა უკრაინაში აშშ-ს მიერ ბიო-ქიმიურ იარაღზე მუშაობაზე. მათი ბრალდებით, პენტაგონი უკრაინაში, ასევე საქართველოში, თბილისში მყოფ ლუგარის ლაბორატორიაში მუშაობდა ბიოლოგიურ იარაღზე. 

რუსული პროპაგანდისტური ბრალდებების შემდეგ, თეთრი სახლის სპიკერმა, ჯენ ფსაკიმ თქვა, რომ ბიოლოგიურ იარაღზე წამოწყებული დეზინფორმაციის ფონზე, რუსეთი, შესაძლოა, უკრაინაში ქიმიური იარაღის გამოყენებას გეგმავდეს. ამავე საფრთხის შესახებ ისაუბრა დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრმაც, ბორის ჯონსონმა.

ამავე საკითხთან დაკავშირებით, აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა Twitter-ზე დაწერა, რომ "კრემლი სისტემატურად იგონებს ტყუილებს, რათა სხვა დაადანაშაულოს და თავისი საშინელი ქმედებები გაამართლოს". მისი თქმით, დიდი ალბათობით, რუსეთი გეგმავს ქიმიური იარაღის გამოყენებას, რათა ეს უკრაინას დააბრალოს და საკუთარი სამხედრო თავდასხმები გაამართლოს. 

"ვფიქრობთ, რუსეთი შემდეგ სცენარს ავითარებს: გეგმავს, გამოიყენოს ქიმიური იარაღი და დააბრალოს უკრაინას, რათა გაამართლოს თავდასხმათა ესკალაცია უკრაინელ ხალხზე. სამხედრო ძალის გამოსაყენებლად მოვლენათა გამოგონება და გენოციდის ცრუ ნარატივების შექმნა ის ტაქტიკაა, რაც მანამდეც გამოუყენებია რუსეთს, მათ შორის საქართველოში". – თქვა ბლინკენმა. 

აქამდე, 11 მარტს აშშ-ს პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა რუსეთი გააფრთხილა, რომ, ქიმიური იარაღის გამოყენების შემთხვევაში, ისინი დიდ საზღაურს გადაიხდიდნენ.

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო.

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ. პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები