რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ჯონსონი: რუსეთმა უკრაინაში შესაძლოა ქიმიური იარაღი გამოიყენოს

ბრიტანეთის პრემიერი ბორის ჯონსონი მოსკოვში, წითელ მოედანზე, წმინდა ბასილის კათედრალთან
Stefan Rousseau/AFP

გაერთიანებული სამეფოს პრემიერმინისტრის, ბორის ჯონსონის თქმით, რუსეთმა უკრაინაში შესაძლოა ქიმიური იარაღი გამოიყენოს. მან ასევე აღნიშნა, რომ ყველაფერი რაც რუსეთისგან ქიმიურ იარაღზე გვესმის, "მათი სახელმძღვანელოდანაა". 

"რაც ქიმიურ იარაღზე გესმით, ეს პირდაპირ მათი სახელმძღვანელოდანაა". – თქვა ჯონსონმა Sky News-თან. 

"დაიწყეს იმის თქმა, რომ არსებობს ქიმიური იარაღები, რომლებიც მათი მოწინააღმდეგეების, ან ამერიკელების მიერ არის შენახული. და როცა თავად გამოიყენებენ ქიმიურ იარაღს, ვშიშობ, ალბათ, გამოიყენებენ, მზად ექნებათ შესანიღბი ცრუ ისტორია". – აღნიშნა ჯონსონმა. 

"უბრალოდ აღვნიშნავ, რომ ეს არის ის, რასაც უკვე აკეთებენ. ვშიშობ, ცინიკური, ბარბაროსული ხელისუფლებაა". – დაამატა ბრიტანეთის პრემიერმა. 

ასევე, გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ლიზ თრასმა აღნიშნა, რომ შეშფოთებული არიან რუსეთის მიერ ქიმიური იარაღის პოტენციური გამოყენებით. 

"გვინხავას რუსეთის მიერ კონფლიქტებში ასეთი იარაღის გამოყენება". – თქვა თრასმა. 

ბოლო დღეებში ბრალდებები უკრაინის მიმართ, თითქოს აქ ბიო-ქიმიურ იარაღებზე მუშაობა მიმდინარეობდა, კრემლის პროპაგანდის აქტუალური ნაწილი გახდა. რუსეთი ამ "საქმიანობებში" უშუალოდ აშშ-ს ადანაშაულებს. მათ რამდენჯერმე ახსენეს საქართველოში მყოფი ლაბორატორიებიც.

რუსეთის მიერ ქიმიური იარაღის გამოყენების შესაძლებლობაზე აშშ-შიც საუბრობენ. თეთრი სახლის სპიკერის, ჯენ ფსაკის თქმით, ბიოლოგიურ იარაღზე წამოწყებული დეზინფორმაციის ფონზე, რუსეთი, შესაძლოა, უკრაინაში ქიმიური იარაღის გამოყენებას გეგმავდეს.

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს, გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო. ქალაქების დაბომბვამდე სულ რაღაც 20 წუთით ადრე რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა უკრაინას ომი ვიდეომიმართვით ოფიციალურად გამოუცხადა

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ. პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები