უკრაინის ელჩის გაწვევა

გომელაური: ზელენსკის ფრაზა, რომ ამორალურია ჩვენი მთავრობის ქმედება, დიპლომატიაში არ ჯდება

ქართული ოცნება

შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა თქვა, რომ მისთვის უკრაინის პრეზიდენტის, ზელენსკის განცხადება საქართველოდან უკრაინის ელჩის გაწვევის მიზეზთან დაკავშირებით სრულიად მიუღებელია. ზელენსკიმ სანქციებთან დაკავშირებით საქართველოს მთავრობის წარმომადგენლების განცხადებებს ამორალური პოზიცია უწოდა.

"ომია და არ მინდა, უფრო მძიმედ ვისაუბრო ბატონი ზელენსკის მიმართ, რაც თქვა, რომ ამორალურია ჩვენი მთავრობის ქმედება. ეს განცხადება ჩემთვის სრულიად მიუღებელი და ძალიან ცუდია. არანაირად არ ჯდება არც დიპლომატიაში და საერთოდ, არც პოლიტიკაში, ძალიან სამწუხაროა. საქართველომ ყველაფერი გააკეთა, რაც შეუძლია". - ამბობს გომელაური.

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ საქართველოში უკრაინის ელჩი კონსულტაციებისთვის 1 მარტს  გაიწვია. ზელენსკის თქმით, მიზეზი საქართველოდან მოხალისეების უკრაინაში გამგზავრების ხელშეშლა და რუსეთის წინააღმდეგ სანქციებზე "ამორალური დამოკიდებულებაა".

საქართველოს პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ ხელისუფლება უთანაგრძნობს უკრაინას, თუმცა საქართველოს უსაფრთხოებიდან გამომდინარე, რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს არ შეუერთდება. მან ასევე თქვა, რომ სანქციები ეფექტური არ არის, ხოლო სამოქალაქო საზოგადოება უკრაინის სოლიდარობის აქციის ჩატარებისთვის გააკრიტიკა. 

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო. ქალაქების დაბომბვამდე სულ რაღაც 20 წუთით ადრე რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა უკრაინას ომი ვიდეომიმართვით ოფიციალურად გამოუცხადა

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ. პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები