რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ზელენსკი: სანქციებზე ამორალური პოზიციის გამო ვიწვევ საქართველოში უკრაინის ელჩს

Володимир Зеленський / Facebook

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ საქართველოში უკრაინის ელჩი კონსულტაციებისთვის გაიწვია. ზელენსკის თქმით, მიზეზი საქართველოდან მოხალისეების უკრაინაში გამგზავრების ხელშეშლა და რუსეთის წინააღმდეგ სანქციებზე "ამორალური დამოკიდებულებაა".

"რაც შეეხება ჩვენს დიპლომატებს, მათი ქმედებები გამართლებულია იმ სახელმწიფოების მიმართ, რომელებმაც თავიანთი სიტყვა და საერთაშორისო ნორმები დაარღვიეს. დაუყონებლივ კონსულტაციებზე გამოვიწვიეთ უკრაინის ელჩი ყირგიზეთში, რადგან ამ ქვეყანამ რუსული აგრესია გაამართლა. ასევე, დაუყოვნებლივ  ვიძახებთ კონსულტაციებზე  უკრაინის ელჩს საქართველოში, რადგან მოხალისეები არ გამოუშვეს, რომელთაც ჩვენი დამხარება სურდათ და ასევე სანქციებთან დაკავშირებით ამორალური პოზიციის გამო".- თქვა ზელენსკიმ. 

28 თებერვალს, უკრაინის უცხოურ ლეგიონში გაწევრიანების მსურველთა მიერ, გავრცელდა ინფორმაცია, რომ უკრაინაში წასასვლელი ქართველი მოხალისეების ჩარტერული რეისი საქართველოს მთავრობამ გააუქმა.

საქარათველოს პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ ხელისუფლება უთანაგრძნობს უკრაინას, თუმცა საქართველოს უსაფრთხოებიდან გამომდინარე, რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს არ შეუერთდება. მან ასევე თქვა, რომ სანქციები ეფექტური არ არის, ხოლო სამოქალაქო საზოგადოება უკრაინის სოლიდარობის აქციის ჩატარებისთვის გააკრიტიკა. 

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო. ქალაქების დაბომბვამდე სულ რაღაც 20 წუთით ადრე რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა უკრაინას ომი ვიდეომიმართვით ოფიციალურად გამოუცხადა

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

ომის გამოცხადებამდე უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ პუტინთან დაკავშირება სცადა, თუმცა, მისივე ცნობით, პასუხად მხოლოდ სიჩუმე მიიღო. 

რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ. პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ. მათ შორის, რუსეთს საჰაერო სივრცე ჩაუკეტა 21-მა ქვეყანამ - საბერძნეთი, იტალია, ფინეთი, შვედეთი, ესტონეთი, ლიტვა, ლატვია, პოლონეთი, ბულგარეთი, რუმინეთი, დანია, გერმანია, ჩეხეთი, ავსტრია, სლოვენია, ბელგია, დიდი ბრიტანეთი, ისლანდია, საფრანგეთი, კანადა და ესპანეთი. 

საქართველოს საჰაერო სივრცე ისევ ღია რჩება.

კომენტარები