რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

VTB ბანკის დეპოზიტებისა და სესხების ნაწილი ლიბერთი ბანკში გადავა – სებ

საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, უკრაინაში რუსეთის შეჭრის გამო სანქცირებული VTB ბანკის ქართული ფილიალის იურიდიული პირების დეპოზიტებისა და სესხების გარკვეული ნაწილი ლიბერთი ბანკშიც გადავა.

"შეთანხმება ითვალისწინებს მცირე და საშუალო ბიზნესის დეპოზიტებისა და სესხების გადაცემას სს ლიბერთი ბანკისთვის. მომხმარებლების პორტირებაზე მუშაობა დაწყებულია და 3 მარტიდან ეტაპობრივად სს ვითიბი ბანკი საქართველოს მცირე და საშუალო ბიზნეს მეანაბრეებსა და მსესხებლებს სს ლიბერთი ბანკი თავის ფილიალებში მოემსახურება. შესაბამისი შეტყობინებები დაეგზავნებათ სს ვითიბი ბანკი საქართველოს მომხმარებლებს. ინფორმაციის მიღება ასევე  შესაძლებელი იქნება სს ვითიბი ბანკ საქართველოს ქოლცენტრსა და მომსახურე ბანკირებთან". – ნათქვამია განცხადებაში.

27 თებერვლიდან საქართველოში სანქცირებული VTB ბანკის ფიზიკურ მსესხებლებს და დეპოზიტარებს ბაზისბანკი ემსახურება.

25 თებერვალს ეროვნულმა ბანკმა სანქცირებულ VTB ბანკს უცხოური ტრანზაქციები შეუზღუდა, ხოლო წინა განცხადება, რომელშიც აღნიშნული იყო, რომ ბანკი საქართველოში ოპერირებას ჩვეულებრივ აგრძელებდა, წაშალა.

სებ-ის მიერ 25 თებერვლის დილას გამოქვეყნებულ განცხადებაში ნათქვამი იყო, რომ ეროვნულ ბანკსა და VTB-ს ადრევე შემუშავებული ჰქონდა სანქციების დაწესების შემთხვევაში სამოქმედო გეგმა – ბანკი გადახდისუნარიანია და მეანაბრეების ინტერესები დაცული იქნებოდა.

უკრაინასთან ომის დაწყების გამო, აშშ-მ რუსეთს ეკონომიკური სანქციების ახალი პაკეტი დაუწესა. სანქცირებულთა სიაში მოხვდა VTB ბანკის ქართული ფილიალიც – მისი ქონება და აქტივები ამერიკაში გაიყინება. 

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო. ქალაქების დაბომბვამდე სულ რაღაც 20 წუთით ადრე რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა უკრაინას ომი ვიდეომიმართვით ოფიციალურად გამოუცხადა

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ. პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები