რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

სებ-მა VTB-ის უცხოურ ვალუტაში ტრანზაქციები აუკრძალა, წინა განცხადება კი წაშალა

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა სანქცირებულ VTB ბანკს უცხოური ტრანზაქციები შეუზღუდა, ხოლო წინა განცხადება, რომელშიც აღნიშნული იყო, რომ ბანკი საქართველოში ოპერირებას ჩვეულებრივ აგრძელებდა, წაშალა.

"ეროვნული ბანკი მოქმედებს სს ვითიბი ბანკი ჯორჯიაზე, როგორც ვითიბი ბანკის ჯგუფში შემავალ საფინანსო ინსტიტუტზე აშშ, ევროკავშირის, გაერთიანებული სამეფოს და სხვა სახელმწიფოებს მიერ  დაწესებული ფინანსური სანქციების გათვალისწინებით. შესაბამისად ბანკს შეეზღუდა დოლარში, ევროში, ფუნტსა და სხვა უცხოურ ვალუტებში გადარიცხვები. ამავდროულად, ჩვენი ამოცანაა, სანქციების პირობების შესრულების გათვალისწინებით, დაიცვას ბანკის მეანაბრეების, საქართველოს მოქალაქეების, ინტერესები და იზრუნოს ქვეყნის საფინანსო სისტემის სტაბილურობაზე.

სწორედ ამიტომ, ეროვნული ბანკი ინტენსიურ უწყვეტ რეჟიმში აკვირდება მოვლენებს და მზად არის, საჭიროების შემთხვევაში, საერთაშორისო სტანდარტებისა და კანონმდებლობით გათვალისწინებული ინსტრუმენტების გამოყენებით დაიცვას ბანკის მეანაბრეების ინტერესები". – ნათქვამია სებ-ის განმარტებაში.

სებ-ის მიერ 25 თებერვლის დილას გამოქვეყნებულ განცხადებაში ნათქვამი იყო, რომ ეროვნულ ბანკსა და VTB-ს ადრევე შემუშავებული ჰქონდა სანქციების დაწესების შემთხვევაში სამოქმედო გეგმა – ბანკი გადახდისუნარიანია და მეანაბრეების ინტერესები დაცული იქნებოდა.

უკრაინასთან ომის დაწყების გამო, აშშ-მ რუსეთს ეკონომიკური სანქციების ახალი პაკეტი დაუწესა. სანქცირებულთა სიაში მოხვდა VTB ბანკის ქართული ფილიალიც - მისი ქონება და აქტივები ამერიკაში გაიყინება. 

აშშ-ს მიერ დაწესებული სანქციების ფარგლებში:

  • შეიზღუდება რუსეთის შესაძლებლობა იყოს გლობალური ეკონომიკის ნაწილი და ივაჭროს დოლარში, ევროში, ფუნტში, იენში
  • შეფერხდება რუსეთის სამხედრო შესაძლებლობების ზრდა
  • შეიზღუდება რუსეთის ჩართულობა 21-ე საუკუნის მაღალი ტექნოლოგიების ეკონომიკაში
  • სანქციებს დაუწესდება რუსეთის უმსხვილეს ბანკებს, მათ შორის VTB-ს. გაიყინება მათი ანგარიშები აშშ-ში
  • სანქციები დაუწესდება კრემლის ელიტას და მათ ოჯახებს
  • სანქციები ასევე შეეხება რუსულ სამთავრობო კომპანიებს

ბაიდენის თქმით, ბანკები, რომლებსაც სანქციები უწესდებათ, მთლიანობაში 1 ტრილიონზე მეტ აქტივს ფლობენ. მისივე თქმით, ჯერჯერობით რუსეთი არ იქნება გათიშული SWITF-ის საერთაშორისო სისტემიდან, თუმცა ბანკებისთვის დაწესებული სანქციებს მსგავსი გავლენა ექნება რუსეთის ეკონომიკაზე.

აღსანიშნავია, რომ VTB ბანკი დიდი ბრიტანეთის მიერ სანქცირებულ კომპანიათა სიაშიც მოხვდა. ყველა დიდ რუსულ ბანკს გაეყინება აქტივები და იქნება გამორიცხული დიდი ბრიტანეთის ფინანსური სისტემიდან. ეს ასევე მოიცავს VTB ბანკის ანგარიშების სრულად და დაუყოვნებლივ გაყინვას.

კომენტარები