რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

აშშ-ს მიერ სანქცირებულთა სიაში VTB ბანკის ქართული ფილიალიც მოხვდა

უკრაინასთან ომის დაწყების გამო, აშშ-მ რუსეთს ეკონომიკური სანქციების ახალი პაკეტი დაუწესა. სანქცირებულთა სიაში მოხვდა VTB ბანკის ქართული ფილიალიც, რომლის ქონება და აქტივებიც ამერიკაში გაიყინება. 

აშშ-ს მიერ დაწესებული სანქციების ფარგლებში:

  • შეიზღუდება რუსეთის შესაძლებლობა, იყოს გლობალური ეკონომიკის ნაწილი და ივაჭროს დოლარში, ევროში, ფუნტში, იენში
  • შეფერხდება რუსეთის სამხედრო შესაძლებლობების ზრდა
  • შეიზღუდება რუსეთის ჩართულობა 21-ე საუკუნის მაღალი ტექნოლოგიების ეკონომიკაში
  • სანქციებს დაუწესდება რუსეთის უმსხვილეს ბანკებს, მათ შორის VTB-ს. გაიყინება მათი ანგარიშები აშშ-ში
  • სანქციები დაუწესდება კრემლის ელიტას და მათ ოჯახებს
  • სანქციები ასევე შეეხება რუსულ სამთავრობო კომპანიებს

საქართველოში VTB ბანკის განცხადებით, მათ საქართველოს ეროვნულ ბანკთან სანქციების დაწესების შემთხვევისთვის შემუშავებული ჰქონდათ სამოქმედო გეგმა და ბანკი სანქციებს მომზადებული შეხვდა.

"გვინდა კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღვნიშნოთ, რომ დაწესებული სანქციები არ ითვალისწინებს ბანკის საქმიანობის შეჩერებას. ბანკის ნებისმიერ კლიენტს შესაძლებლობა ექნება, სურვილის შემთხვევაში, გადარიცხოს საკუთარი სახსრები სხვა ბანკში ან გაიტანოს ნაღდი ფულის სახით ან განახორციელოს გადახდები. ასევე, დეპოზიტებს ჩვეულებრივ დაერიცხებათ სარგებელი შესაბამისი ხელშეკრულებებით გათვალისწინებულ ვადებში და ოდენობით. ამგვარად, არ დაზარალდება არცერთი მომხმარებელი, მიუხედავად იმისა, თუ რომელი საბანკო პროდუქტით სარგებლობს იგი". – ნათქვამია ბანკის განცხადებაში.

აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის თქმით, ბანკები, რომლებსაც სანქციები უწესდებათ, მთლიანობაში 1 ტრილინზე მეტ აქტივს ფლობენ. მისივე თქმით, ჯერჯერობით რუსეთი არ იქნება გათიშული SWITF-ის საერთაშორისო სისტემიდან, თუმცა ბანკებისთვის დაწესებულ სანქციებს მსგავსი გავლენა ექნება რუსეთის ეკონომიკაზე.

აღსანიშნავია, რომ VTB ბანკი დიდი ბრიტანეთის მიერ სანქცირებულ კომპანიათა სიაშიც მოხვდა. ყველა დიდ რუსულ ბანკს გაეყინება აქტივები და იქნება გარიცხული დიდი ბრიტანეთის ფინანსური სისტემიდან. ეს ასევე მოიცავს დიდ ბრიტანეთში VTB ბანკის ანგარიშების სრულად და დაუყოვნებლივ გაყინვას.

კომენტარები