რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

UNIAN: მიშელმა აღნიშნა, რომ EU-მ სერიოზულად უნდა განიხილოს უკრაინის გაწევრიანების განაცხადი

European Union

ევროპული საბჭოს თავჯდომარემ შარლ მიშელმა აღნიშნა, რომ უკრაინის მხრიდან ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადის შეტანა ლეგიტიმურია და არსებული რთული ვითარებიდან გამომდინარე, ევროკავშირმა ის სერიოზულად უნდა განიხილოს. ამის შესახებ ინფორმაციას UNIAN-ის ტელეგრამ არხი ავრცელებს.

რამდენიმე წუთის წინ, პრეზიდენტმა ზელენსკიმ გული გადაგვიშალა და ევროკავშირში ოფიციალური წევრობის განაცხადი გაგვახსენა. მე ვფიქრობ, რომ ჩვენ უნდა ვიმოქმედოთ თანამედროვე დროში. ეს რთული გადაწყვეტილებაა, მაგრამ ჩვენ უნდა შევიმუშაოთ გადაწყვეტილება, რათა საბჭომ შეისწავლოს ეს საკითხი". – თქვა მიშელმა

28 თებერვალს, უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ განაცხადს ხელი მოაწერა. ამის შესახებ ზელენსკიმ სოციალურ ქსელში დაწერა.

"დღეს მე ხელი მოვაწერე უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადს. დარწმუნებული ვარ, რომ ეს რეალურია". - ვკითხულობთ ზელენსკის მიერ გავრცელებულ პოსტში.

დოკუმენტს ხელი აგრეთვე მოაწერეს უკრაინის რადას თავმჯდომარემ, რუსლან სტეფანჩიუკმა და ქვეყნის პრემიერმინისტრმა, დენის შმიგალმა.

"დოკუმენტი ბრიუსელში გადაიგზავნება. ვულოცავ უკრაინას. ისტორია ახლა იწერება, დიდება უკრაინას". - ამის შესახებ ინფორმაციას პრეზიდენტის აპარატის წარმომადგენელი ავრცელებს.

აღსანიშნავია, რომ 28 თებერვალს, ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლეიენმა განაცხადა, რომ დროთა განმავლობაში უკრაინა ევროკავშირის ნაწილი ხდება და მათი ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ სურვილი გამოთქვა.

26 თებერვალს კი პოლონეთის პრეზიდენტმა, ანდჟეი დუდამ განაცხადა, რომ პოლონეთი მხარს უჭერს უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების დაჩქარების პროცესს. მისი თქმით, ქვეყანას დაუყონებლივ უნდა მიენიჭოს კანდიდატის სტატუსი, წევრობაზე მოლაპარაკებები კი, ამის შემდეგ სასწრაფოდ დაიწყოს.

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო. ქალაქების დაბომბვამდე სულ რაღაც 20 წუთით ადრე რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა უკრაინას ომი ვიდეომიმართვით ოფიციალურად გამოუცხადა

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ. პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები