რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

საფრანგეთი უკრაინას თავდაცვითი აღჭურვილობითა და საწვავით დაეხმარება

საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი

საფრანგეთი უკრაინას თავდაცვით აღჭურვილობასა და საწვავს მიაწვდის. ინფორმაციას ელისეის სასახლე ავრცელებს.

მედიის ინფორმაციით, დახმარების ფარგლებში საფრანგეთმა, შესაძლოა, უკრაინას ტანკსაწინააღმდეგო იარაღიც მიაწოდოს.

საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის თქმით, საფრანგეთი ევროკავშირის და აშშ-ს სანქციების შესაბამისად გაამკაცრებს ეკონომიკურ და ფინანსურ ზომებს რუსეთის წინააღმდეგ.

საფრანგეთის ეროვნული თავდაცვის საბჭოს ცნობით, საფრანგეთი ასევე მიიღებს ზომებს, რათა ებრძოლოს რუსული პროპაგანდის გავრცელებას ევროპაში.

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო. ქალაქების დაბომბვამდე სულ რაღაც 20 წუთით ადრე რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა უკრაინას ომი ვიდეომიმართვით ოფიციალურად გამოუცხადა

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ. პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები