რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ზელენსკიმ შესაძლოა პუტინთან უკრაინის ნეიტრალიტეტის საკითხი განიხილოს

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან, შესაძლოა, უკრაინის ნეიტრალიტეტის საკითხი განიხილოს. ამის შესახებ კომენტარი უკრაინულ გამოცემა UNIAN-თან პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მრჩეველმა, მიხაილო პოდოლიაკმა გააკეთა.

"ეს, პირველ რიგში, იქნება დეტალური საუბარი მშვიდობასა და ცეცხლის შეწყვეტაზე. ნეიტრალიტეტის სტატუსი უსაფრთხოების გარანტიების მკაფიო პაკეტით არის ვარიანტი, რომელიც ასევე, შეიძლება იყოს განხილვის მაგიდაზე". – ამბობს პოდოლიაკი

მანამდე ცოტახნით ადრე, პრეზიდენტის სპიკერმა, სერგეი ნიკიფოროვმა თქვა, რომ უკრაინის ხელმძღვანელობა დათანხმდა რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის წინადადებას მოლაპარაკებების გამართვის შესახებ.

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის კიევის დაბომბვით დაიწყო.

ქალაქების დაბომბვამდე სულ რაღაც 20 წუთით ადრე რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა უკრაინას ომი ვიდეომიმართვით ოფიციალურად გამოუცხადა

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

ომის გამოცხადებამდე უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ პუტინთან დაკავშირება სცადა, თუმცა, მისივე ცნობით, პასუხად მხოლოდ სიჩუმე მიიღო. 

რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ.

კომენტარები