რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ICC-მ, შესაძლოა, უკრაინაში ომის დანაშაულების სავარაუდო შემთხვევები გამოიძიოს

კიევი. 24 თებერვალი, 2022 წელი
REUTERS/Valentyn Ogirenko
სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს (ICC) პროკურორის კარიმ ხანის თქმით, სასამართლომ შეიძლება უკრაინაში ომის დანაშაულების შესაძლო შემთხვევების გამოძიება დაიწყოს.
 
"ყურადღებით ვაკვირდები უკრაინასა და მის გარშემო ბოლო მოვლენების განვითარებას და ჩემი შეშფოთება იზრდება. ყველა მხარეს, რომელიც უკრაინის ტერიტორიაზე მტრულ მოქმედებებს სჩადის, შევახსენებ, რომ ჩემს ოფისს აქვს იურისდიქცია გამოიძიოს უკრაინაში გენოციდის, კაცობრიობის წინაშე ჩადენილი დანაშაულის და ომის დანაშაულის ნებისმიერი შემთხვევა." - ნათქვამია პროკურორის განცხადებაში.
 
პროკურორ კარიმ ხანის ოფისი გააგრძელებს უკრაინაში მიმდინარე მოვლენებზე დაკვირვებას.
უკრაინამ თავის ტერიტორიაზე კაცობრიობის წინაშე ჩადენილი დანაშაულების და ომის დანაშაულების გამოძიებაზე სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს იურისდიქცია 2014 წელს რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიის და დონბასში პრორუსულ სეპარატისტებთან დაპირისპირების დაწყების შემდეგ მიიღო.
 
2020 წლის დეკემბერში პროკურორის ოფისმა გამოაცხადა, რომ არსებობდა იმის დიდი ალბათობა, რომ აღმოსავლეთ უკრაინაში კონფლიქტის დროს ომის დანაშაულები იყო ჩადენილი. გასული წლის დეკემბერში ხანმა აღნიშნა, რომ ამ შემთხვევების გამოძიებასთან დაკავშირებით ჯერჯერობით წინსვლა არ ყოფილა. რუსეთი სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს წევრი არ არის და სასამართლოს მიერ გამოძიების დაწყებას ეწინააღმდეგება, თუმცა სასამართლოს უკრაინის ტერიტორიაზე ნებისმიერი ომის დანაშაულის გამოძიება შეუძლია, იმის მიუხედავად რა ეროვნებისაა დამნაშავე.
რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის კიევის დაბომბვით დაიწყო.

ქალაქების დაბომბვამდე სულ რაღაც 20 წუთით ადრე რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა უკრაინას ომი ვიდეომიმართვით ოფიციალურად გამოუცხადა

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

ომის გამოცხადებამდე უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ პუტინთან დაკავშირება სცადა, თუმცა, მისივე ცნობით, პასუხად მხოლოდ სიჩუმე მიიღო. 

რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ.

კომენტარები