დაძაბულობა უკრაინის საზღვრებთან

ისრაელის მედია: ისრაელმა უკრაინისთვის რკინის გუმბათის სისტემის მიყიდვა დაბლოკა

რკინის გუმბათის სისტემა მოქმედებაში, 13 მაისი, 2021
The Times of Israel

ებრაული მედიის ცნობით, ისრაელმა შეაჩერა აშშ-ს მცდელობა, მიეყიდათ უკრაინისთვის რკინის გუმბათის (Iron Dome) ანტისარაკეტო სისტემის რამდენიმე ბატარეის მიყიდვა. მიზეზად სახელდება ისრაელის რუსეთთან ურთიერთობის დაზიანების შიში. 

ისრაელის მედიის ანგარიშის მიხედვით, ისრაელის საჰაერო თავდაცვის სისტემებმა უკრაინული მხარე განსაკუთრებით დააინტერესა გასული წლის ღაზის სექტორთან კონფლიქტის პერიოდში. 

2021 წლის მაისში პალესტინური ანკლავის, ღაზის სექტორის მმართველმა დაჯგუფებამ, ჰამასმა ისრაელის მიმართულებით ინტენსიური სარაკეტო იერიშები წამოიწყო, მას შემდეგ, რაც ალ-აკსას მეჩეთთან შეტაკებები მოხდა. ღაზის სექტორიდან ისრაელის მიმართულებით ისროლეს 3000-ზე მეტი რაკეტა, რომელთა უმეტესობაც საჰაერო თავდაცვის სისტემა რკინის გუმბათმა უვნებელყო.

მედიის ცნობით, უკრაინის წარმომადგენლებმა გასულ წელს მუშაობა დაიწყეს ამერიკელ კონგრესმენებთან, რათა ისინი დაერწმუნებინათ რაკეტსაწინააღმდეგო სისტემების მიყიდვაზე. მედიისვე ინფორმაციით, უკრაინის მთავრობის წარმომადგენლებმა ბაიდენის ადმინსიტრაციას ოფიციალურად სთხოვეს რკინის გუმბათისა და პატრიოტის ტიპის ანტისარაკეტო სისტემების შეძენა. მაშინ, როცა არ არსებობდა უკრაინის რუსეთში შეჭრის საფრთხე, დემოკრატი და რესპუბლიკელი კონგრესმენები თანახმა იყვნენ და მხარს უჭერდნენ სისტემების უკრაინისთვის გადაცემას. 

თუმცა, რადგან რკინის გუმბათი არის ისრაელისა და ამერიკის ერთობლივი პროექტი, მესამე ქვეყნისთვის სისტემის მიყიდვა ორივე მწარმოებელი მხარის თანხმობის გარეშე დაშვებული არაა. შესაბამისად, აშშ-ს თანხმობის მიუხედავად, საჭირო იყო ისრაელის დასტურიც. 

ანგარიშის მიხედვით, ისრაელის მთავრობის წარმომადგენლებმა აშშ-ს წარმომადგენლებთან არაოფიციალურ საუბრებში ნათლად გამოხატეს, რომ არ დათანხმდებოდნენ რკინის გუმბათის სისტემის კიევისთვის გადაცემას, რადგან ეშინოდათ, რომ ეს დააზიანებდა მათ ურთიერთობას რუსეთთან. ისრაელისთვის ეს პრობლემა კიდევ უფრო მნიშვნელოვანი იყო მოსკოვის სირიაზე არსებული გავლენის გათვალისწინებით.

ისრაელის მხარის არგუმენტებით დარწმუნებულმა აშშ-ს მხარემ საბოლოოდ უარი თქვა როგორც რკინის გუმბათის ისე პატრიოტის სისტემის უკრაინისთვის მიყიდვაზე.

ამის შემდეგ, ცნობის მიხედვით, უკრაინის წარმომადგენლებმა პირდაპირ მიმართეს ისრაელის მხარეს. 

9 თებერვალს უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ თქვა, რომ მის ქვეყანას, რუსეთის თავდასხმის საშიშროების ფონზე, ისრაელთან საჰაერო თავდაცვის სისტემებთან დაკავშირებით ფართო კოოპერაცია სურს. ისრაელის ტელევიზიის ცნობით, უკრაინა ისრაელის მხარესთან განიხილავდა რკინის გუმბათისა და სხვა ანტისარაკეტო სისტემების, ასევე კიბერთავდაცვის ტექნოლოგიების საკითხებს.

კულებას თქმით, "ამჟამინდელი მოცემულობებით, არის ღრმა კოოპერაცია" კიევსა და იერუსალიმს შორის. 

"ჩვენ ასევე დაინტერესებული ვართ გაღრმავებული თავდაცვის კოოპერაციით თავდაცვით ტექნოლოგიებში, კერძოდ საჰაერო თავდაცვაში. ჩვენ მივესალმებოდით ისრაელის მცდელობას ეთამაშა დიპლომატიური როლი რუსეთსა და უკრაინას შორის", – ამბობდა კულება. 

ისრაელის მედიის ინფორმაციით, უკრაინამ ისრაელთან რკინის გუმბათის საკითხი რამდენჯერმე განიხილა.


11 თებერვალს აშშ-მ გამოაცხადა, რომ რუსეთი უკრაინაში შესაძლოა ნებისმიერ წამს შეიჭრას, აქამდე კი პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა აშშ-ს მოქალაქეებს უკრაინის დატოვებისკენ მოუწოდა და აღნიშნა, რომ მოქალაქეების ევაკუაციისთვის ამერიკა იქ სამხედროებს არცერთ შემთხვევაში გაგზავნის.

ზოგიერთ მედიაში ანონიმური წყაროები საუბრობენ, რომ რუსეთი უკრაინაში შესაძლოა ზამთრის ოლიმპიური თამაშების დასრულებამდე, კონკრეტულად 16 თებერვალს შეიჭრას.

აშშ, დიდი ბრიტანეთი და ევროპის ზოგიერთი ქვეყანა საკუთარ მოქალაქეებს უკრაინის დატოვებისკენ მოუწოდებენ. რუსული მედიის ინფორმაციით, უკრაინის დატოვება დაიწყეს რუსმა დიპლომატებმაც. ქვეყანას ტოვებენ ისრაელის დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლების ოჯახის წევრებიც.

დაძაბულობის ფონზე, ბელარუსში რუსეთი-ბელარუსის ერთობლივი სამხედრო წვრთნები ტარდება. ამ მანევრების პასუხად, უკრაინა საკუთარი შეიარაღებული ძალების ვარჯიშებს ატარებს.

დაძაბული ვითარების ფონზე NATO-ს აღმოსავლეთ ფლანგის გამტკიცებისთვის ევროპაში აშშ-ს დამატებმა სამხედრო ძალებმა უკვე დაიწყეს ჩასვლა. აშშ-ს პრეზიდენტ ჯო ბაიდენის თქმით, პოლონეთსა და რუმინეთში 3 000-მდე ჯარისკაცი განთავსდება. დასავლურ მედიის მიხედვით, რუსეთი უკრაინაში შეჭრისთვის 70%-იც მზად არის. გავრცელებული ინფორმაციით, რუსეთი შეჭრის წინაპირობის შესაქმნელად აღმოსავლეთ უკრაინაში ოპერაციას ამზადებს.

2021 წლის 11 დეკემბერს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ NATO-ს სთხოვა, რომ გააუქმოს 2008 წლის ბუქარესტის სამიტზე დადებული პირობა, საქართველოსა და უკრაინის ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანებასთან დაკავშირებით.

რუსეთის მოთხოვნის საპასუხოდ NATO-ს გენერალური მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა თქვა, რომ ყველა ქვეყანას აქვს უფლება, აირჩიოს საკუთარი გზა, მათ შორის, თუ რა სახის უსაფრთხოების შეთანხმების მონაწილე სურს, რომ იყოს. მისივე შეფასებით, მიუღებელია, რომ რუსეთი ცდილობს, გავლენის სფეროების სისტემა აღადგინოს. 

მოგვიანებით 17 დეკემბერს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გამოაქვეყნა აშშ-სთან და NATO-სთან უსაფრთხოების გარანტიებზე მოლაპარაკების პროექტი. რუსეთი ჩრდილოატლანტიკურ ალიანსსა და აშშ-ს, ფაქტობრივად, ჯარებისა და შეიარაღების 1997 წლის მაისის განლაგებაზე დაბრუნებას სთხოვს, ანუ იმ დროინდელ პოზიციებზე დაბრუნებას სანამ აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებს NATO-ში მიიღებდნენ. ასევე, მოსკოვი კიდევ ერთხელ ითხოვს ალიანსის გაფართოების შეჩერებასა და მასში უკრაინის გაწევრიანების დაუშვებლობას უსვამს ხაზს. პროექტის მიხედვით, NATO-მ უნდა შეაჩეროს სამხედრო საქმიანობა უკრაინაში, აღმოსავლეთ ევროპაში, კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში.

იანვრის პირველ ნახევარში დასავლეთსა და რუსეთს შორის გამართული დიპლომატიური შეხვედრები უშედეგოდ დასრულდა.

აშშ-სგან და NATO-სგან რუსეთის ფედერაციამ საპასუხო მოთხოვნები წერილობითად მიიღო. დოკუმენტმა მოსკოვში უკმაყოფილება გამოიწვია. დასავლეთის პასუხში საუბარი იყო რუსული საოკუპაციო ძალების გაყვანაზეც საქართველოდან, უკრაინიდან და მოლდოვიდან. რუსეთის მხარე ამჟამად საპასუხო დოკუმენტზე მუშაობს.

15 თებერვალს რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ გამოაცხადა, რომ მათ გაჰყავთ სამხედროების ნაწილები, რომლებმაც სამხედრო წვრთნები დაასრულეს. თუმცა დეესაკალაციის შესაძლებლობას დასავლეთში ჯერჯერობით სკეპტიკურად უყურებენ. აშშ-ს პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის თქმით, რუსეთის უკრაინაში შეჭრის შესაძლებლობა ჯერ კიდევ არსებობს.

პარალელურად, რუსეთის დუმამ მხარი დაუჭირა ოკუპირებული დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების დამოუკიდებლობის აღიარებას და დასამტკიცებლად ვლადიმირ პუტინს მიმართეს. ჯერჯერობით პუტინი ამბობს, რომ დონეცკისა და ლუგანსკის რეგიონებთან დაკავშირებით, პირველ რიგში, მინსკის შეთანხმების მიხედვით იმოქმედებენ.

ვრცლად უკრაინის საზღვრებთან არსებული დაძაბულობისა და ომის შესაძლებლობის შესახებ წაიკითხეთ აქ – უკრაინა ახალი ომის მოლოდინში – დასავლეთს ძილის დრო არ აქვს.

კომენტარები