დაძაბულობა უკრაინის საზღვრებთან

კულება: მხოლოდ NATO და უკრაინა წყვეტს გახდება თუ არა უკრაინა ალიანსის წევრი

REUTERS/Valentyn Ogirenko

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრთან, ლუიჯი დი მაიოსთან შეხვედრის შემდეგ აღნიშნა, რომ მხოლოდ უკრაინამ და NATO-მ უნდა გადაწყვიტოს, გაწევრიანდება თუ არა უკრაინა ალიანსში. 

"NATO-სა და უკრაინის გარდა, არავის არ უნდა ჰქონდეს უფლება გადაწყვიტოს უკრაინის NATO-ში მომავალი წევრობა".- თქვა კულებამ. 

მან ასევე აღნიშნა, რომ იტალიამ უკრაინის დასახმარებლად  პრაქტიკული ნაბიჯები გადადგა, მათ შორის მხარი დაუჭირა ევროკავშირის რუსეთისადმი სანქციების დაწესებას.

შეხვედრამდე რამდენიმე საათით ადრე რუსეთმა გაავრცელა განცხადება, რომ სამხედრო წვრთნების დასრულებასთან მიახლოების პარალელურად რუსეთის სამხედრო ნაწილები მუდმივ დისლოკაციებზე დასაბრუნებლად ემზადებიან. რუსეთის პარლამენტმა კი მხარი დაუჭირა უკრაინის ოკუპირებული სეპარატისტული რეგიონების დამოუკიდებლობის აღიარებას და ამისთვის რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტს, ვლადიმირ პუტინს მიმართა. 

რუსეთის დუმის გამოთქმულ მხარდაჭერამდე, უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ თქვა, რომ რუსეთის მიერ ე.წ დონეცკის და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების დამოუკიდებლობის აღიარების შემთხვევაში რუსეთი დე-ფაქტო და დე-იურე დატოვებს მინსკის შეთანხმებას.

მინსკის შეთანხმება დონეცკისა და ლუგანსკის რეგიონების უკრაინის შემადგენლობაში ფართო ავტონომიით ყოფნას ითვალისწინებს.


11 თებერვალს აშშ-მ გამოაცხადა, რომ რუსეთი უკრაინაში შესაძლოა ნებისმიერ წამს შეიჭრას, აქამდე კი პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა აშშ-ს მოქალაქეებს უკრაინის დატოვებისკენ მოუწოდა და აღნიშნა, რომ მოქალაქეების ევაკუაციისთვის ამერიკა იქ სამხედროებს არცერთ შემთხვევაში გაგზავნის.

ზოგიერთ მედიაში ანონიმური წყაროები საუბრობენ, რომ რუსეთი უკრაინაში შესაძლოა ზამთრის ოლიმპიური თამაშების დასრულებამდე, კონკრეტულად 16 თებერვალს შეიჭრას.

აშშ, დიდი ბრიტანეთი და ევროპის ზოგიერთი ქვეყანა საკუთარ მოქალაქეებს უკრაინის დატოვებისკენ მოუწოდებენ. რუსული მედიის ინფორმაციით, უკრაინის დატოვება დაიწყეს რუსმა დიპლომატებმაც. ქვეყანას ტოვებენ ისრაელის დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლების ოჯახის წევრებიც.

დაძაბულობის ფონზე, ბელარუსში რუსეთი-ბელარუსის ერთობლივი სამხედრო წვრთნები ტარდება. ამ მანევრების პასუხად, უკრაინა საკუთარი შეიარაღებული ძალების ვარჯიშებს ატარებს.

დაძაბული ვითარების ფონზე NATO-ს აღმოსავლეთ ფლანგის გამტკიცებისთვის ევროპაში აშშ-ს დამატებმა სამხედრო ძალებმა უკვე დაიწყეს ჩასვლა. აშშ-ს პრეზიდენტ ჯო ბაიდენის თქმით, პოლონეთსა და რუმინეთში 3 000-მდე ჯარისკაცი განთავსდება. დასავლურ მედიის მიხედვით, რუსეთი უკრაინაში შეჭრისთვის 70%-იც მზად არის. გავრცელებული ინფორმაციით, რუსეთი შეჭრის წინაპირობის შესაქმნელად აღმოსავლეთ უკრაინაში ოპერაციას ამზადებს.

2021 წლის 11 დეკემბერს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ NATO-ს სთხოვა, რომ გააუქმოს 2008 წლის ბუქარესტის სამიტზე დადებული პირობა, საქართველოსა და უკრაინის ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანებასთან დაკავშირებით.

რუსეთის მოთხოვნის საპასუხოდ NATO-ს გენერალური მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა თქვა, რომ ყველა ქვეყანას აქვს უფლება, აირჩიოს საკუთარი გზა, მათ შორის, თუ რა სახის უსაფრთხოების შეთანხმების მონაწილე სურს, რომ იყოს. მისივე შეფასებით, მიუღებელია, რომ რუსეთი ცდილობს, გავლენის სფეროების სისტემა აღადგინოს. 

მოგვიანებით 17 დეკემბერს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გამოაქვეყნა აშშ-სთან და NATO-სთან უსაფრთხოების გარანტიებზე მოლაპარაკების პროექტი. რუსეთი ჩრდილოატლანტიკურ ალიანსსა და აშშ-ს, ფაქტობრივად, ჯარებისა და შეიარაღების 1997 წლის მაისის განლაგებაზე დაბრუნებას სთხოვს, ანუ იმ დროინდელ პოზიციებზე დაბრუნებას სანამ აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებს NATO-ში მიიღებდნენ. ასევე, მოსკოვი კიდევ ერთხელ ითხოვს ალიანსის გაფართოების შეჩერებასა და მასში უკრაინის გაწევრიანების დაუშვებლობას უსვამს ხაზს. პროექტის მიხედვით, NATO-მ უნდა შეაჩეროს სამხედრო საქმიანობა უკრაინაში, აღმოსავლეთ ევროპაში, კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში.

იანვრის პირველ ნახევარში დასავლეთსა და რუსეთს შორის გამართული დიპლომატიური შეხვედრები უშედეგოდ დასრულდა.

აშშ-სგან და NATO-სგან რუსეთის ფედერაციამ საპასუხო მოთხოვნები წერილობითად მიიღო. დოკუმენტმა მოსკოვში უკმაყოფილება გამოიწვია. დასავლეთის პასუხში საუბარი იყო რუსული საოკუპაციო ძალების გაყვანაზეც საქართველოდან, უკრაინიდან და მოლდოვიდან. რუსეთის მხარე ამჟამად საპასუხო დოკუმენტზე მუშაობს.

ვრცლად უკრაინის საზღვრებთან არსებული დაძაბულობისა და ომის შესაძლებლობის შესახებ წაიკითხეთ აქ – უკრაინა ახალი ომის მოლოდინში – დასავლეთს ძილის დრო არ აქვს.

კომენტარები