გერმანიის კანცლერმა რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმერ პუტინთან შეხვედრის შემდეგ აღნიშნა, რომ ჩიხში არ უნდა შევიდეთ, მოლაპარაკებების გზით საკითხის გადაწყვეტის შანსი ისევ არსებობს.
"ჩვენ უნდა გავაგრძელოთ დიალოგი, რადგან არ გვსურს ჩიხში აღმოვჩნდეთ, რასაც კატასტროფული შედეგები მოჰყვება. ნებისმიერ აგრესიას უკრაინის წინააღმდეგ მოჰყვება საზარელი სტრატეგიული შედეგები. და, ჩემი აზრით, ყველა აანალიზებს ამას. ყველასთვის ნათელია, რომ ესკალაცია უნდა ავირიდოთ თავიდან. პრობლემის დიპლომატიური გადაჭრის პოვნის გამო ვიყავი გუშინ - კიევში და დღეს - მოსკოვში". - თქვა გერმანიის კანცლერმა.
გერმანიისა და რუსეთის ლიდერები ერთმანეთს მოსკოვში შეხვდნენ. ორივე მხარემ გამოხატა სურვილი, მოლაპარაკებების გზით შენარჩუნდეს უსაფრთხოება ევროპაში.
"დასკვინის სახით მინდა აღვნიშნო, რომ გერმანიისთვის და მთელი ევროპისთვის ცხადია, რომ სტაბილური უსაფრთხოება არა თუ რუსეთის წინააღმდეგ, არამედ რუსეთთან ერთად მიიღწევა". - აღნიშნა შოლცმა.
გერმანის კანცლერმა ხაზი გაუსვა ევროპაში უსაფრთხოების მნიშვნელობას და აღნიშნა, რომ უკრაინის საზღვრების ურღვევობა მოლაპარაკების საგანი არ არის.
პუტინის თქმით, რუსეთს არ სურს ომი ევროპაში სწორედ ეს არის მოლაპარაკებების წარმოების მიზეზი, თუმცა, მისი განმარტებით, წაყენებულ მოთხოვნებზე კონსტრუქციული პასუხი ჯერ არ მიუღია.
"რა თქმა უნდა, არ გვსურს ომი ევროპაში, ამიტომ ვატარებთ დიპლომატიურ მოლაპარაკებებს. ამ შეხვედრების შედეგი უნდა იყოს თანასწორი უსაფრთხოება, მათ შორის ჩვენი ქვეყნის. სამწუხაროდ, ჯერ არ ყოფილა აზრიანი კონსტრუქციული პასუხი ჩვენს შეთავაზებაზე".
რუსეთის პრეზიდენტი უკრაინის NATO-ში გაწევრიანებასაც შეეხო. მისი თქმით, ერთი ქვეყნის უსაფრთხოება სხვა ქვეყნების უსაფრთხოების ხარჯზე არ უნდა დავიცვათ.
"მართლაც ქვეყნებს აქვთ უფლება შეუერთდნენ სამხედრო ალიანსებს, როგორც ამას ყოველთვის ამტკიცებენ ჩვენი კოლეგები NATO-ში, მაგრამ ასევე მნიშვნელოვანია, ერთი ქვეყნის უსაფრთხოება სხვა ქვეყნების უსაფრთხოების ხარჯზე არ უნდა დავიცვათ". - თქვა რუსეთის პრეზიდენტმა
პუტინმა ამასთანავე, გერმანიასთან ეკონომიკური კავშირის მნიშვნელობაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ გერმანია "რუსეთის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პარტნიორია". მისი თქმით, რუსეთი აპირებს ბერლინთან თანამშრომლობის გაგრძელებას.
11 თებერვალს აშშ-მ გამოაცხადა, რომ რუსეთი უკრაინაში შესაძლოა ნებისმიერ წამს შეიჭრას, აქამდე კი პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა აშშ-ს მოქალაქეებს უკრაინის დატოვებისკენ მოუწოდა და აღნიშნა, რომ მოქალაქეების ევაკუაციისთვის ამერიკა იქ სამხედროებს არცერთ შემთხვევაში გაგზავნის.
ზოგიერთ მედიაში ანონიმური წყაროები საუბრობენ, რომ რუსეთი უკრაინაში შესაძლოა ზამთრის ოლიმპიური თამაშების დასრულებამდე, კონკრეტულად 16 თებერვალს შეიჭრას.
აშშ, დიდი ბრიტანეთი და ევროპის ზოგიერთი ქვეყანა საკუთარ მოქალაქეებს უკრაინის დატოვებისკენ მოუწოდებენ. რუსული მედიის ინფორმაციით, უკრაინის დატოვება დაიწყეს რუსმა დიპლომატებმაც. ქვეყანას ტოვებენ ისრაელის დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლების ოჯახის წევრებიც.
დაძაბულობის ფონზე, ბელარუსში რუსეთი-ბელარუსის ერთობლივი სამხედრო წვრთნები ტარდება. ამ მანევრების პასუხად, უკრაინა საკუთარი შეიარაღებული ძალების ვარჯიშებს ატარებს.
დაძაბული ვითარების ფონზე NATO-ს აღმოსავლეთ ფლანგის გამტკიცებისთვის ევროპაში აშშ-ს დამატებმა სამხედრო ძალებმა უკვე დაიწყეს ჩასვლა. აშშ-ს პრეზიდენტ ჯო ბაიდენის თქმით, პოლონეთსა და რუმინეთში 3 000-მდე ჯარისკაცი განთავსდება. დასავლურ მედიის მიხედვით, რუსეთი უკრაინაში შეჭრისთვის 70%-იც მზად არის. გავრცელებული ინფორმაციით, რუსეთი შეჭრის წინაპირობის შესაქმნელად აღმოსავლეთ უკრაინაში ოპერაციას ამზადებს.
2021 წლის 11 დეკემბერს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ NATO-ს სთხოვა, რომ გააუქმოს 2008 წლის ბუქარესტის სამიტზე დადებული პირობა, საქართველოსა და უკრაინის ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანებასთან დაკავშირებით.
რუსეთის მოთხოვნის საპასუხოდ NATO-ს გენერალური მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა თქვა, რომ ყველა ქვეყანას აქვს უფლება, აირჩიოს საკუთარი გზა, მათ შორის, თუ რა სახის უსაფრთხოების შეთანხმების მონაწილე სურს, რომ იყოს. მისივე შეფასებით, მიუღებელია, რომ რუსეთი ცდილობს, გავლენის სფეროების სისტემა აღადგინოს.
მოგვიანებით 17 დეკემბერს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გამოაქვეყნა აშშ-სთან და NATO-სთან უსაფრთხოების გარანტიებზე მოლაპარაკების პროექტი. რუსეთი ჩრდილოატლანტიკურ ალიანსსა და აშშ-ს, ფაქტობრივად, ჯარებისა და შეიარაღების 1997 წლის მაისის განლაგებაზე დაბრუნებას სთხოვს, ანუ იმ დროინდელ პოზიციებზე დაბრუნებას სანამ აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებს NATO-ში მიიღებდნენ. ასევე, მოსკოვი კიდევ ერთხელ ითხოვს ალიანსის გაფართოების შეჩერებასა და მასში უკრაინის გაწევრიანების დაუშვებლობას უსვამს ხაზს. პროექტის მიხედვით, NATO-მ უნდა შეაჩეროს სამხედრო საქმიანობა უკრაინაში, აღმოსავლეთ ევროპაში, კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში.
იანვრის პირველ ნახევარში დასავლეთსა და რუსეთს შორის გამართული დიპლომატიური შეხვედრები უშედეგოდ დასრულდა.
აშშ-სგან და NATO-სგან რუსეთის ფედერაციამ საპასუხო მოთხოვნები წერილობითად მიიღო. დოკუმენტმა მოსკოვში უკმაყოფილება გამოიწვია. დასავლეთის პასუხში საუბარი იყო რუსული საოკუპაციო ძალების გაყვანაზეც საქართველოდან, უკრაინიდან და მოლდოვიდან. რუსეთის მხარე ამჟამად საპასუხო დოკუმენტზე მუშაობს.
ვრცლად უკრაინის საზღვრებთან არსებული დაძაბულობისა და ომის შესაძლებლობის შესახებ წაიკითხეთ აქ – უკრაინა ახალი ომის მოლოდინში – დასავლეთს ძილის დრო არ აქვს.





