5 ივლისი

DRI: 5-6 ივლისის ძალადობის საქმეზე ბრალდებულები არგუმენტად ღარიბაშვილის განცხადებას იყენებენ

ირაკლი ღარიბაშვილი

დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი (DRI) 5-6 ივლისის ძალადობრივი მოვლენებისა და მონაწილე ორკების წინააღმდეგ აღძრული საქმეების სასამართლო პროცესებზე დაკვირვების შუალედურ ანგარიშს აქვეყნებს

მონიტორინგის არეალი მოიცავდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის კოლეგიაში მიმდინარე ოთხ საქმეს. მონიტორინგის ფარგლებში დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის მონიტორი 15 სასამართლო სხდომას დაესწრო.

მონიტორინგის ანგარიშში აღნიშნულია, რომ 5 ივლისს ძალადობრივ ქმედებებს წინ უძღოდა საქართველოს პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადება, რომ ღირსების მარშის ჩატარება მიზანშეუწონელი იყო.

"აღსანიშნავია, რომ სასამართლო მონიტორინგისას მოძალადეების დაცვის მხარის არგუმენტაციაც სწორედ ღარიბაშვილის განცხადებას ემყარებოდა, რომ "სახელმწიფოს პოზიცია და ნება განცხადებული ჰქონდა" და, შესაბამისად, ღირსების მარშის კონტრაქციაში მონაწილეობა გამართლებული იყო.

ანგარიშში ყურადღებაა გამახვილებული იმაზეც, რომ 2021 წლის დეკემბრის მდგომარეობით, წინასწარ ორგანიზებული სიძულვილით მოტივირებული ჯგუფური ძალადობის არცერთი ორგანიზატორი არ არის დაკავებული. DRI-ის დამკვირვებლის ინფორმაციით, სასამართლო სხდომებზე ორგანიზატორების რანგში რამდენჯერმე გაიჟღერა ზურაბ მახარაძის და კონსტანტინე (კოკა) მორგოშიას სახელებმა".- აღნიშნულია განცხადებაში. 

2021 წლის 5-6 ივლისს "სიძულვილის ჯგუფების" მიერ ორგანიზებულ ძალადობასთან დაკავშირებით მიმდინარე ოთხ სისხლის სამართლის საქმეზე დაკვირვების პროცესში გამოვლინდა: საჯაროობისა და მოქალაქეთა დასწრების პრობლემა, სასამართლო სხდომაზე დაცვის მხრიდან გამოვლენილი სიძულვილის ენის გამოყენების პრაქტიკა და დაზარალებულების, ექსპერტებისა და მოწმეების დაკითხვის პროცესში დამაშინებელი და მტრული გარემოს არსებობა.

საქმეების სასამართლო განხილვა გრძელდება, შესაბამისად, მონიტორინგის წინამდებარე დოკუმენტი შემაჯამებელ ანგარიშს არ წარმოადგენს. დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი განაგრძობს 5 ივლისის ძალადობრივი პროცესების შედეგებზე დაკვირვებას.


ღირსების მარში 5 ივლისს ვერ შედგა. მარშის არჩატარების გადაწყვეტილება Tbilisi Pride-ის ორგანიზატორებმა მას მერე მიიღეს, რაც ქალაქის ცენტრში ეკლესიის მიერ ორგანიზებულმა პუტინისტურმა ჯგუფებმა ათობით ადამიანზე იძალადეს, თავს დაესხნენ არასრულწლოვანებს, დაამტვრიეს ტექნიკა, დაშალეს პარლამენტის წინ გაშლილი ოპოზიციის კარვები, შეიჭრნენ და დაარბიეს სირცხვილიასა და თბილისი პრაიდის ოფისები.

პოლიციამ მოძალადეებს დაუსჯელად თარეშის შესაძლებლობა მისცა.

მასშტაბური ძალადობას წინ უძღოდა ხელისუფლების წარმომადგენლებისა და საქართველოს საპატრიარქოს ძალადობის წამახალისებელი განცხადებები. 

სახელმწიფომ სექსუალურ და გენდერულ უმცირესობებს და მხარდამჭერებს პირდაპირ უთხრა, რომ მათ არ დაიცავდა

პუტინისტურმა ჯგუფებმა და მათ შორის სასულიერო პირებმა რუსთაველის გამზირზე დილიდანვე დაიწყეს მობილიზება და თავიდანვე აგრესიულად იყვნენ განწყობილები. 

მათ სამიზნე აუდიტორია – ღირსების მარშის მონაწილეები – ვერსად იპოვეს და აგრესია ჟურნალისტებისკენ მიმართეს. ჯამში დაშავდა 50-ზე მეტი ჟურნალისტი. თავს დაესხნენ მათ შორის ტაბულას ჟურნალისტს, მაკო ჯაბუას, რომელსაც ძალადობრივი აქციის მონაწილემ რამდენჯერმე კეტი ჩაარტყა

მოგვიანებით დაჯგუფებებმა პარლამენტის წინ გადაინაცვლეს, სადაც თვეებია, ოპოზიციის მხარდამჭერები 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგებს აპროტესტებენ და კარვებში ცხოვრობენ. პუტინისტურმა ჯგუფებმა კარვები დაარბიეს, დახიეს ევროკავშირისა და ამერიკის შეერთებული შტატების დროშები და მათ ადგილას ჯვარი აღმართეს.

გარდა შინაგან საქმეთა სამინისტროსა და საპატრიარქოს გზავნილებისა, პუტინისტურმა ჯგუფებმა მწვანე შუქი პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილისგანაც მიიღეს, რომელმაც თქვა, რომ პრაიდ კვირეულის ორგანიზატორების უკან "რადიკალური ოპოზიცია დგას სააკაშვილის მეთაურობით" და რომ "ასეთი ტიპის აქციები და ღონისძიებები, პირიქით, ხელს უწყობს მათი ნიშნით, ამ უმცირესობების წარმომადგენლების დისკრიმინაციას". 

სახალხო დამცველის შეფასებით, "ისედაც დაძაბული ფონი ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებამ გაამწვავა". 

პრემიერმინისტრს შეთქმულების თეორიის გავრცელებაში არც ირაკლი კობახიძე ჩამორჩა და თქვა, რომ "პრაიდის მიზანი უმცირესობის დაცვა არ ყოფილა და მის უკან პოლიტიკური ინტერესები იდგა". 

საღამოს საერთო განცხადება გაავრცელეს საქართველოში ევროკავშირისა და აშშ-ს საელჩოებმა. მათ დაგმეს ძალადობრივი თავდასხმა სამოქალაქო აქტივისტებზე, საზოგადოების წევრებსა და ჟურნალისტებზე.

კომენტარები