5 ივლისი

მეუფე სტეფანე 5 ივლისზე: ვიღაცა ოპერატორს მოხვდა იმის გამო, რომ გესლიანად ეპყრობოდნენ ხალხს

ჭყონდიდის მიტროპოლიტმა, მეუფე სტეფანემ ქადაგებისას კვლავ ანტიდასავლური განცხადებები გააკეთა და 2021 წლის 5 ივლისის მოვლენებიც გაიხსენა. მან მედია მოძალადეების პროვოცირებაში დაადანაშაულა და თქვა, რომ ჟურნალისტებმა "ხალხს გესლიანად ესაუბრებოდნენ".  

"აქ ვიღაცა ოპერატორს თუ ვიღაცას მოხვდა იმის გამო, რომ ჟურნალისტები გესლიანად ეპყრობოდნენ ხალხს. ვიღაცამ ვერ მოითმინა გაარტყა და ეს ჩათვალეს, რომ ვიღაცამ მოამზადა, სპეციალურად გააკეთა და ეს ხალხი წლობით ციხეებში გაუშვეს. ნაპროკურორალი, მედიის ვითომ ხელმძღვანელის გულისთვის, ამერიკის ელჩი ცდილობს, რომ ის გააშვებინოს და ზეწოლას ახდენს მოსამართლეზე. წარმოიდგინეთ რა ვითარებაა".- ამბობს მეუფე სტეფანე. 

2021 წლის 5 ივლისს TBILISI PRIDE-ს მიერ ორგანიზებული ღირსების მარში ვერ შედგა. მარშის არჩატარების გადაწყვეტილება ორგანიზატორებმა მას მერე მიიღეს, რაც ქალაქის ცენტრში ეკლესიის მიერ ორგანიზებულმა პუტინისტურმა ჯგუფებმა ათობით ადამიანზე იძალადეს, თავს დაესხნენ არასრულწლოვანებს, დაამტვრიეს ტექნიკა, დაშალეს პარლამენტის წინ გაშლილი ოპოზიციის კარვები, შეიჭრნენ და დაარბიეს სირცხვილიასა და თბილისი პრაიდის ოფისები. 

მასშტაბური ძალადობას წინ უძღოდა ხელისუფლების წარმომადგენლებისა და საქართველოს საპატრიარქოს ძალადობის წამახალისებელი განცხადებები. თუმცა, პუტინისტური ჯუფებისთვის გადამწყევტი იყო პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ბრიფინგი, რომელმაც თქვა, რომ პრაიდ კვირეულის ორგანიზატორების უკან "რადიკალური ოპოზიცია დგას სააკაშვილის მეთაურობით" და რომ "ასეთი ტიპის აქციები და ღონისძიებები, პირიქით, ხელს უწყობს მათი ნიშნით, ამ უმცირესობების წარმომადგენლების დისკრიმინაციას". 

ამის შემდეგ ორკები თავს დაესხნენ ოპერატორებს, ჟურნალისტებს, ფოტოგრაფებს, აყენებდნენ სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას. ჯამში, მთელი დღის განმავლობაში 53 ჟურნალისტი დაშავდა. ზოგი მათგანის ჰოსპიტალიზება გახდა საჭირო.

TV პირველის ოპერატორი, ალექსანდრე ლაშქარავა, რომელსაც ცემის შედეგად სახის ძვლების მოტეხილობა, ტვინის შერყევა და დაჟეჟილობები ჰქონდა და ქირურგიული ოპერაცია ჩაუტარდა, რამდენიმე დღის შემდეგ საკუთარ ბინაში გარდაცვლილი იპოვეს. შინაგან საქმეთა სამინისტრო ამტკიცებდა, რომ ლაშქარავას გვამიდან აღებულ ნიმუშებში ნარკოტიკი აღმოჩნდა და, შესაძლოა, ყოფილიყო ზედოზირება. ლაშქარავას გარდაცვალებას საზოგადოებრივი პროტესტი და აქციები მოჰყვა. 17 ივლისს, ღარიბაშვილმა თქვა, რომ საქართველოს მთავრობა აკეთებს ყველაფერს, რომ "ჟურნალისტებს თავისუფალი მუშაობის, გადაადგილების საშუალება ჰქონდეთ". მან მედიის პროტესტი კვლავ სააკაშვილისა და მისი რადიკალური ჯგუფის სპეკულაციად მოიხსენია. 

ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების დღესვე, 11 ივლისს შინაგან საქმეთა სამინისტრომ მისი გადაადგილების ამსახველი კადრები გაავრცელა. უწყება ამტკიცებდა, რომ ლაშქარავა ჯერ აფთიაქში, შემდეგ ფონიჭალაში იყო, სახლში კი, მათივე მტკიცებით, სავარაუდოდ, არაფიზელი დაბრუნდა. 24 სექტემბერს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა უწყება ლაშქარავას მონაცემების უსაფუძვლოდ დამუშავების გამო დააჯარიმა. საქართველოში ადამიანის უფლებების შესახებ 2021 წლის ანგარიშში აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტი წერდა, რომ ქვეყნის სამართალდამცავი ორგანოების განცხადებები მიმართული იყო ლექსო ლაშქარავას დისკრედიტაციის და არა გარდაცვალების მიზეზის დადგენისკენ.

კომენტარები