საპროტესტო აქციები ყაზახეთში

ნაზარბაევი იანვრის დემონსტრაციების შემდეგ პირველად გამოჩნდა და ყაზახ ხალხს მიმართა

ნაწყვეტი ნურსულთან ნაზარბაევის ვიდეომიმართვიდან

ყაზახეთის პირველი პრეზიდენტი, ნურსულთან ნაზარბაევი იანვრის დემონსტრაციების შემდეგ საჯაროდ პირველად გამოჩნდა, განვლილ მოვლენებზე ისაუბრა და ყაზახ ხალხს სიტყვით მიმართა.

ნაზარბაევის თქმით, ის ახლა ყაზახეთის დედაქალაქში იმყოფება, რომელიც არ დაუტოვებია. ქვეყნის პირველი პრეზიდენტის მტკიცებით, ქვეყნის მმართველ ელიტაში შიდა დაპირისპირება არ ყოფილა. მან ასევე აღნიშნა, რომ ამჟამინდელ პრეზიდენტსა და ეროვნული უშიშროების საბჭოს თავმჯდომარეს, ყასიმ-ჟომართ თოყაევს მმართველი პარტიის, ნურ ოთანის ლიდერადაც აირჩევენ. ამ პარტიას ამ დრომდე ნურსულთან ნაზარბაევი უძღვებოდა.

ნაზარბაევის საჯარო სცენიდან გაუჩინარება იანვრის მოვლენების დროს მრავალი სპეკულაციის გამომწვევი გახდა.

ნაზარბაევმა ყაზახებს მიმართვაში უთხრა:

პატივცემულო ყაზახებო, ძვირფასო თანამემამულეებო, იანვრის მოვლენებმა მთელი ყაზახეთი შეძრა. ამ ორგანიზებული არეულობისა და ყაზახეთზე თავდასხმის მიზანი ჩვენი სახელმწიფოს მთლიანობისა და სტაბილურობის დანგრევა იყო. ეს მოვლენები კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ დამოუკიდებლობას უნდა გავუფრთხილდეთ როგორც თვალისჩინს, როგორც ფაქიზ ჭურჭელს, რომელსაც განსაკუთრებულად ფრთხილი მოპყრობა სჭირდება. 

მომხდარი ტრაგედია ყველა ჩვენგანისთვის გაკვეთილი გახდა. მნიშვნელოვანია გაირკვეს, ვინ მოახდინა ამ დარბევებისა და მკვლელობების ორგანიზაცია. ამ შეკითხვაზე პასუხს გამოძიება მოგვცემს. 

ვუთანაგრძნობ დაღუპულთა ახლობლებს, დაშავებულებს კი მალე გამოჯანმრთელებას ვუსურვებ. 

ჩემს მიმართ მრავალი მომართვების პასუხად ვიტყობინები, რომ მე 2019 წელს პრეზიდენტის მოვალეობა გადავეცი ყასიმ-ჟომართ თოყაევს და მას შემდეგ მე პენსიონერი ვარ და ახლა დამსახურებულად ვისვენებ ყაზახეთის დედაქალაქში, რომელიც არ დამიტოვებია. 

პრეზიდენტი ყასიმ-ჟომართ თოყაევი ძალაუფლებას სრულად ფლობს, ის არის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარე, მალე მას აირჩევენ პარტია ნურ ოთანის თავმჯდომარედაც. ამიტომაც, არანაირი კონფლიქტი, ან წინააღმდეგობა ქვეყნის ელიტაში არაა. ჭორები ამ თემის შესახებ, აბსოლუტურად უსაფუძვლოა.

ყველასთვის ცნობილია, რომ მე 30 წლის განმავლობაში ჩვენი სამშობლოს სახელით მუხლჩაუხრელად ვმუშაობდი. ჩვენ გავაძლიერეთ მისი საზღვრები, გავატარეთ პროგრესული რეფორმები, ერთად ავაშენეთ დამოუკიდებელი ყაზახეთი, მივაღწიეთ სოციო-ეკონომიკური განვითარების დიდ რეზულტატს, მრავალი მაჩვენებლით გავხდით ლიდერები არამხოლოდ ცენტრალურ აზიაში, არამედ დსთ-შიც. ყაზახეთი იქცა ცნობილ, ავტორიტეტის მქონე სახელმწიფოდ მსოფლიო საზოგადოებაში. ეს არის ყველა ყაზახის შეკრულობისა და ერთობის შედეგი.

ქვეყანაში სტაბილურობა და სიმშვიდე ყოველთვის იყო ჩემი მიზანი. ყველა უნდა გავუფრთხილდეთ ამ გარდაუვალ ღირებულებებს. აუცილებლად გავივლით კრიზისს და უფრო ძლიერები გავხდებით. პრეზიდენტმა წამოიწყო ახალი რეფორმა, ხალხის კეთილდღეობის ამაღლებისკენ მიმართული. ამ პროგრამას მხარდაჭერა სჭირდება. 

ძვირფასო თანამემამულეებო, გისურვებთ ჯანმრთელობასა და კეთილდღეობას. გიხდით მადლობას ჩემი რეფორმების კურსისა და სახელმწიფო მეთაურის პოსტზე ყოფნის დროს გატარებული მოდერნიზაციის მხარდაჭერისთვის.


ყაზახეთში საპროტესტო აქციები მანგისთაუს ოლქში 2 იანვარს დაიწყო. პროტესტის თავდაპირველი მიზეზი საწვავის ფასის გაძვირება გახდა, თუმცა მალევე აქციებმა ანტისამთავრობო ხასიათი მიიღეს. აქციები გაიმართა ქვეყნის დიდ ქალაქებშიც, მათ შორის, აყთაუში, ალმათიში და დედაქალაქ ნურ-სულთანშიც.

მასობრივი საპროტესტო აქციების ფონზე მთავრობა გადადგა. გადაწყვეტილება ქვეყნის პრეზიდენტმა, ყასიმ-ჟომართ თოყაევმა მიიღო. თოყაევი დემონსტრანტებს ცვლილებებს დაჰპირდა, თუმცა ამისდა მიუხედავად საპროტესტო ტალღა არ შეწყვეტილა და დემონსტრაციები რამდენიმე დღე გრძელდებოდა.

5 იანვარს მასობრივი საპროტესტო აქციების და არეულობის ფონზე, თოყაევმა კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციას (ОДКБ) "ტერორისტული საფრთხის" დაძლევისთვის სამშვიდობო ძალების გამოგზავა სთხოვა. რუსეთმა ყაზახეთში საჰაერო სდესანტო ძალების ქვედანაყოფი გადასხა. ОДКБ-ს წევრი სახელმწიფოების თანახმად, მთლიანობაში ყაზახეთში 2 000-მდე სამშვიდობო გაიგზავნა. 

10 იანვარს უსაფრთხოების კომიტეტმა განაცხადა, რომ ქვეყანაში სიტუაცია სტაბილურია და კონტროლის ქვეშაა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დაკავებულია 10 000-მდე ადამიანი. საპროტესტო აქციების ფონზე დაპირისპირების შედეგად დაღუპულები არიან როგორც სამართალდამცველები, ასევე – დემონსტრანტები. არსებული ინფორმაციით, მოვლენებს ორივე მხარეს 225 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. მთელ ქვეყანაში სანაგნებო მდგომარეობა იყო გამოცხადებული. პრეზიდენტის ბრძანებით, სამხედროებს დემონსტრანტებისთვის გაფრთხილების გარეშე სროლა შეეძლოთ.

კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის ძალებმა ქვეყნის დატოვება დაიწყეს. როგორც ყაზახეთში იუწყებიან, მთავრობის მიერ გამოცხადებული ანტიტერორისტული ოპერაცია თითქმის ყველა რეგიონში დასრულებულია.

სახელმწიფო ღალატისა და ძალაუფლების ძალით მიტაცების ბრალდებით დააკავეს ყაზახეთის ყოფილი პრემიერმინისტრი და ეროვნული უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე, პირველი პრეზიდენტი ნურსულთან ნაზარბაევის ნდობით აღჭურვილი კარიმ მასიმოვი და მისი ორი მოადგილე. ენერგეტიკის სექტორში მაღალი თანამდებობები დატოვეს ნაზარბაევის ოჯახის წევრებმა.

ყაზახეთის მოვლენებთან დაკავშირებით, არსებობდა ვარაუდები, რომ ქალაქ ალმათიში არეულობა ორ პოლიტიკურ ძალას შორის ძალაუფლებისთვის დაპირისპირებას მოჰყვა და ერთმანეთთან დაპირისპირებული იყვნენ პრეზიდენტი ყასიმ-ჟომართ თოყაევი და ექსპრეზიდენტი ნაზარბაევის წრის წარმომადგენლები. ვრცლად ყაზახეთის მოვლენებისა და არსებული სპეკულაციების შესახებ წაიკითხეთ აქ – არეულობა ყაზახეთში – ფერადი რევოლუციის მცდელობა თუ სამეფო კარის თამაშები ყაზახურად.

კომენტარები