საპროტესტო აქციები ყაზახეთში

ОДКБ-ს ძალები ყაზახეთის დატოვებას იწყებენ

კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის ძალების რუსი სამხედრო ყაზახეთში
ria.ru

კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის (ОДКБ) ძალებმა დაცულ ობიექტებზე კონტროლის ყაზახეთის ძალოვანი სტრუქტურებისთვის გადაცემა დაიწყეს და ქვეყნის დატოვებისთვის ემზადებიან

ამჟამად მიმდინარეობს რუსული სამხედრო ტექნიკის უკან დასაბრუნებლად გამზადება. 

ყაზახეთის პრეზიდენტის, ყასიმ-ჟომართ თოყაევის თქმით, ОДКБ-ს ძალების მიერ ქვეყნის დატოვების პროცესი დაახლოებით 10 დღე გაგრძელდება. 

როგორც ყაზახეთში იუწყებიან, მთავრობის მიერ გამოცხადებული ანტიტერორისტული ოპერაცია თითქმის ყველა რეგიონში დასრულებულია.

ყაზახეთში, 5 იანვარს დაძაბულობის ზრდის ფონზე, ქვეყნის პრეზიდენტმა, ყასიმ-ჟომართ თოყაევმა სიტუაციასთან გამკლავებისთვის დახმარება კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციას (ОДКБ) სთხოვა, რაზეც თანხმობა მიიღო.

ОДКБ რამდენიმე პოსტსაბჭოთა ქვეყნის სამხედრო ალიანსია, რომელსაც რუსეთი ხელმძღვანელობს. მისი ამჟამინდელი წევრები არიან: რუსეთი, სომხეთი, ბელარუსი, ყაზახეთი, ყირგიზეთი და ტაჯიკეთი. ОДКБ-ს წევრი იყო საქართველოც, 1999 წლამდე. ამ ორგანიზაციის ყოფილი წევრები არიან აზერბაიჯანი და უზბეკეთიც.


ყაზახეთში საპროტესტო აქციები მანგისთაუს ოლქში 2 იანვარს დაიწყო. პროტესტის თავდაპირველი მიზეზი საწვავის ფასის გაძვირება გახდა, თუმცა მალევე აქციებმა ანტისამთავრობო ხასიათი მიიღეს. აქციები გაიმართა ქვეყნის დიდ ქალაქებშიც, მათ შორის, აყთაუში, ალმათიში და დედაქალაქ ნურ-სულთანშიც.

მასობრივი საპროტესტო აქციების ფონზე მთავრობა გადადგა. გადაწყვეტილება ქვეყნის პრეზიდენტმა, ყასიმ-ჟომართ თოყაევმა მიიღო. თოყაევი დემონსტრანტებს ცვლილებებს დაჰპირდა, თუმცა ამისდა მიუხედავად საპროტესტო ტალღა არ შეწყვეტილა და დემონსტრაციები რამდენიმე დღე გრძელდებოდა.

5 იანვარს მასობრივი საპროტესტო აქციების და არეულობის ფონზე, თოყაევმა კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციას (ОДКБ) "ტერორისტული საფრთხის" დაძლევისთვის სამშვიდობო ძალების გამოგზავა სთხოვა. რუსეთმა ყაზახეთში საჰაერო სდესანტო ძალების ქვედანაყოფი გადასხა. ОДКБ-ს წევრი სახელმწიფოების თანახმად, მთლიანობაში ყაზახეთში 2 000-მდე სამშვიდობო გაიგზავნა. 

10 იანვარს უსაფრთხოების კომიტეტმა განაცხადა, რომ ქვეყანაში სიტუაცია სტაბილურია და კონტროლის ქვეშაა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დაკავებულია 10 000-მდე ადამიანი. საპროტესტო აქციების ფონზე დაპირისპირების შედეგად დაღუპულები არიან როგორც სამართალდამცველები, ასევე – დემონსტრანტები. არსებული ინფორმაციით, მოვლენებს ორივე მხარეს 160-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. მთელ ქვეყანაში სანაგნებო მდგომარეობა იყო გამოცხადებული. პრეზიდენტის ბრძანებით, სამხედროებს დემონსტრანტებისთვის გაფრთხილების გარეშე სროლა შეეძლოთ.

ყაზახეთის მოვლენებსა და შიდა პოლიტიკურ დაპირსპირებებზე შეგიძლიათ წაიკითხოთ აქ – არეულობა ყაზახეთში – ფერადი რევოლუციის მცდელობა თუ სამეფო კარის თამაშები ყაზახურად.

კომენტარები