საპროტესტო აქციები ყაზახეთში

არეულობა ყაზახეთში – ფერადი რევოლუციის მცდელობა თუ სამეფო კარის თამაშები ყაზახურად

საპროტესტო აქციები ყაზახეთში

არეულობა ყაზახეთში – ფერადი რევოლუციის მცდელობა თუ სამეფო კარის თამაშები ყაზახურად

ყაზახეთის მთავრობა აცხადებს, რომ სიტუაცია უკვე კონტროლის ქვეშ აქვთ, თუმცა ვინ იყვნენ ის პირები, ვისაც ტერორისტებად მოიხსენიებდნენ, რა მიზნები ჰქონდათ მათ და ვინ ხელმძღვანელობდა ჯერაც ბურუსითაა მოცული. ქაოსის ეპიცენტრი ქვეყნის უდიდესი ქალაქი ალმათი იყო, სადაც გაურკვეველმა პირებმა ხელში ჩაიგდეს იარაღი და ეროვნულ გვარდიას ებრძოდნენ, ზოგიც მაღაზიებს ძარცვავდა. ამის პარალელურად დანარჩენი რეგიონების უმეტესობაში საპროტესტო აქციები შედარებით მშვიდად განვითარდა. მოკლულთა რიცხვი ორივე მხარეს 100-ს გადასცდა. ქვეყანაში კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის (ОДКБ) ჯარები შევიდნენ. 

მთელი ამ გაურკვევლობის ფონზე მრავალი კითხვის ნიშანი ჩნდება, მაგალითად ის, თუ ვის ინტერესებში შედის ეს მოვლენები, ან სადაა “ერის მამა”, ქვეყნის პირველი პრეზიდენტი, ელბასის წოდებით ცნობილი ნურსულთან ნაზარბაევი. ქვეყნიდან მცირე ინფორმაციის გავრცელების გამო, ზოგიერთს მიდინარე მოვლენები ფერადი რევოლუციაც კი ეგონა.

ვითარების სწრაფი განვითარება თხევად გაზზე ფასების გაორმაგებას მოჰყვა. საპროტესტო აქციების მასშტაბის გათვალისწინებით, პრეზიდენტმა, ყასიმ-ჟომართ თოყაევმა მთავრობის გადაყენების გადაწყვეტილება მიიღო, თუმცა თავად პოსტი არ დაუტოვებია და დემონსტრანტებს ფასების დაწევასა და ადეკვატური მოთხოვნების შესრულებას დაჰპირდა. ამის მიუხედავად, დემონსტრაციები არ შეწყდა და უფრო აგრესიული სახე მიიღო. ისმოდა ლოზუნგები “მოხუცო, წადი!”, რაც ნაზარბაევს მიემართებოდა.

ნურსულთან ნაზარბაევის საპროტესტო აქციების დროს ჩამოგდებული ძეგლი

სოციალური დაყოფა და ერთი კლანის მმართველობა ყაზახეთში

მიმდინარე მოვლენების განხილვამდე საჭიროა ყაზახეთის ზოგადი სოციალური სურათის დახატვა. 

ყაზახები დიდ პატივს სცემენ და ყურადღებას აქცევენ საკუთარ გენეალოგიურ ხეებს, წინაპრებსა და ნათესაობას. ქვეყანაში არსებობს შეჟირეს ჩანაწერების ან ზეპირსიტყვიერების ტრადიცია. მის ფარგლებში ყაზახებს აღწერილი და შედგენილი აქვთ წინაპრების რამდენიმე თაობის გენეალოგიური ხე, ტომებისა და კლანების კავშირები. ყაზახური ნაციონალიზმისა და იდენტობის ერთ-ერთი მთავარი საყრდენი სწორედ შეჟირეა. საკმაოდ რთულია მომთაბარე ხალხის ერად შეკვრა და მათი საცხოვრებელი ტერიტორიის განსაზღვრა. ამაში ყაზახებს გასულ საუკუნეებში ზემოხსენებული ტრადიცია, საერთო წინაპრების მახსოვრობა დაეხმარა და სხვადსხვა ტომების ერთ საზოგადოებად შეკვრა შესაძლებელი გახადა. ეს ტრადიცია მრავალ მცირე ტომებსა და კლანებს საშუალებას აძლევს თავი აღიქვან რაღაც უფრო დიდის, ერთი კულტურული საზოგადოების ნაწილად, ერთმანეთთან ნათესაობის დანახვით.  ყაზახი ხალხის მომთაბარეული ცხოვრების წესი საბჭოთა კავშირის დროს დიდად შეიცვალა, თუმცა მათ შეინარჩუნეს შეჟირეს ტრადიცია. 

ამ ტრადიციის გამო, გასაკვირი არაა, რომ ყაზახეთში დღესაც შენარჩუნებულია ეთნოგეოგრაფიული დაყოფის საუკუნეების წინანდელი სისტემა – ჟუზი, რომელშიც გაერთიანებულია სხვადასხვა კლანები და ტომები. ქვეყანა იყოფა სამ ჟუზად: უმცროსი, შუა და უფროსი. უმცროსი ჟუზის ისტორიული სამოსახლო ქვეყნის დასავლეთ ნაწილია, შუასთვის აღმოსავლეთი, უფროსისთვის კი – სამხრეთ-აღმოსავლეთი. უცხო ეროვნების ხალხი, რომლებიც ყაზახეთში ცხოვრობენ, არც ერთ ჟუზს არ ეკუთვნიან. საზოგადოების დაყოფის ეს სისტემა მეცნიერებისთვის ჯერ კიდევ კვლევის საგანს წარმოადგენს და სრულად შესწავლილი არაა. მათ წარმოქმნას სხვადასხვა გარემოებებით ხსნიან, მათ შორის გეოგრაფიული, ზოგჯერ კი პოლიტიკური მიზეზებით. ჟუზებს არ გააჩნიათ ისეთი პროფესიული ჩარჩოები, როგორც მაგალითისთვის ინდოეთში კასტებს აქვთ, თუმცა, ისტორიულად, მოხდა ისე, რომ მართვის სადავეებთან მუდამ უფროსი ჟუზის წარმომადგენლები არიან. ასევე, აღსანიშნავია, რომ ჟუზები არც ეთნოსის მიხედვითაა დაყოფილი. სამივე მათგანში ერთნაირად შედიან სხვასხვა ეთნიკური ჯგუფის ხალხები, ვინც საბოლოო ჯამში ყაზახების ერს აყალიბებენ. 

ჟუზების ტერიტორიული განაწილება ყაზახეთში

ჟუზებში გაერთიანებულია სხვადასხვა ტომები, რომელთაც ელს უწოდებენ. ეს უკანასკნელი შედგება რამდენიმე ტაიპასგან, რაც მოდგმას ნიშნავს. კიდევ უფრო მცირე დანაყოფია რუ - ასე ვთქვათ, მოდგმის ქვედა საფეხური. ყველაზე წვრილი კი არის ატა, აულების, ოჯახის დონეზე არსებული დაყოფა.

მიუხედავად იმისა, რომ ჟუზების წარმოშობის შესახებ ზუსტი ინფორმაცია უცნობია და ეს ტერმინი პირველად XVII საუკუნის ხელნაწერებში ჩნდება, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ეს ჯგუფები ტომებს შორის პოლიტიკური ალიანსების შეკვრის შედეგად შეიქმნა. ვარაუდობენ, რომ თავდაპირველად ტომებს სამხედრო-პოლიტიკური კავშირების შექმნა და ჟუზებში გაერთიანება ჯუნგარიის სახანოს ურდოების შემოსევების შემდეგ მოუწიათ. აღსანიშნავია, რომ ყაზახეთის სახანოს არსებობის დროს, ყოველ ჟუზს საკუთარი ხანი ჰყავდა. მათ დაპირისპირებები ერთმანეთთანაც მოსდიოდათ, განსაკუთრებით ტერიტორიების გამო. თუმცა, გარე მტრის, განსაკუთრებით ოირათების შემოსევების დროს, ჟუზები მათ წინააღმდეგ ერთიანდებოდნენ და ადგილობრივ ძალაუფლების ბრძოლას დროებით ივიწყებდნენ. შეიძლება ითქვას, რომ ჟუზები არა სოციალურ კლასებად, არამედ პოლიტიკურ სხეულებად ჩამოყალიბდა და მათ გავლენა დღევანდელი ყაზახეთის დღის წესრიგზეც აქვთ.

უფროს ჟუზს მიეკუთვნება ყაზახეთის პირველი პრეზიდენტი და 2019 წლიდან ქვეყნის დე ფაქტო მმართველი, ნურსულთან ნაზარბაევი, რომელიც ქვეყანას ათწლეულების მანძილზე უძღვებოდა და დამოუკიდებლობამდე, სსრკ-ში ყაზახეთის კომუნისტური პარტიის ცკ-ს პირველი მდივანი იყო. ნაზარბაევის ოჯახი და სანათესავო უფროსი ჟუზის შაპირაშტის კლანს ეკუთვნიან. აქამდე, ძირითადად სწორედ ამ სანათესავოს ხელში იყო არა მხოლოდ მართვის სადავეები, არამედ ეკონომიკური ზრდის მთელი ის სარგებელი, რომელსაც ყაზახეთი ენერგორესურსებით იმუშავებდა. 

შაპირაშტის კლანის ტამღა. ყაზახური ტომები საკუთარ სიმბოლოებს ტამღას უწოდებენ. ის დაახლოებით ისეთივე რამაა, რაც საგვარეულო გერბი.

Credit Suisse-ის კვლევითი ინსტიტუტის მონაცემებზე დაყრდნობით, KPMG-ს ანალიტიკოსებმა დაადგინეს, რომ ყაზახეთის 20-მილიონიანი მოსახლეობიდან ქვეყნის ქონების ნახევარი 200-ზე ნაკლები ყაზახის ხელშია.

ნაზარბაევის წრეში შეიძლება ყველა შაპირაშტის კლანს არ ეკუთვნოდა, თუმცა მათი უმრავლესობა უფროსი ჟუზის წარმომადგენელი იყო. უფროსი ჟუზიდანაა მოქმედი პრეზიდენტიც, ყასიმ-ჟომართ თოყაევი, თუმცა ის ეკუთვნის არა შაპირაშტის, არამედ ჟალაირების ოჯახს, რომელიც შედარებით დაბლა მდგომია. 

როგორც ისტორიკოსი და რუსეთის სახალხო თავისუფლების პარტიის ვიცეპრეზიდენტი, ანდრეი ზუბოვი იანვრის მოვლენებთან დაკავშირებით წერდა, ქვედა ჟუზებში მყოფ ყაზახებს სურთ შაპირაშტიების ერთპიროვნულობის მორყევა, საზოგადოებრივ და ფინანსურ ცხოვრებაში ყველა კლანისა და ჟუზისთვის თანაბარი ჩართულობა. მისივე თქმით, ეს სურვილი აერთიანებთ ვესტერნიზებულ მოაზროვნეებს, ტექნოკრატებსა და ჩვეულებრივ მუშებსაც, კლანური მმართველობა კი მხოლოდ შაპირაშტიებისა და მაღალი ჟუზის ინტერესებში შედის. 

ნაზარბაევის პერიოდიდან დღევანდელ მოვლენებამდე

ათწლეულების განმავლობაში ნაზარბაევი ყაზახებს აყვავებას ჰპირდებოდა, თუმცა დღეს ყაზახეთს ამ მეტაფორას ვერც ერთ კონტექსტში შევუსაბამებთ. ბუნებრივია, რომ ხანგრძლივი იმედგაცრუებების შემდეგ, ხალხში საკუთარ თავზე შეყვარებული დიქტატორის მიმართ ბრაზი თანდათან გაიზრდებოდა და ერთ დღესაც მოთმინების ფიალა აივსებოდა. 

დემონსტრანტების მიერ დამწვარი მანქანა და ეროვნული გვარდიის სამხედროები

სამართლიანობისთვის, უნდა აღინიშნოს, რომ ნაზარბაევის მმართველობის გარკვეულ პერიოდებში ეკონომიკა იზრდებოდა, თუმცა, როგორც უკვე ზემოთ ვახსენე, ეს შემოსავლები არათანაბრად ნაწილდებოდა და საუშალო და დაბალ ფენას არ ხვდებოდა. დასავლური ინვესტიციების მიუხედავად, ქვეყნის ეკონომიკა, როგორც მაშინ, ისე ახლაც, ძირითადად დამოკიდებულია იმაზე თუ როგორი მოთხოვნაა მათ ნედლ ენერგოპროდუქტზე ჩინეთსა და რუსეთში. მხოლოდ ამ სექტორზე დამოკიდებულება ყაზახეთს მძიმედ შეეხო ჯერ 2008-9 წლის მსოფლიო ეკონომიკური კრიზისის დროს, როდესაც ნავთობის ფასები დაეცა და ეროვნული ვალუტა ტენგე გაუფასურდა. შემდეგ, იგივე შედეგი მოჰყვა ყირიმის ანექსიის გამო დასავლეთის მიერ რუსეთისთვის დაწესებული სანქციების შედეგად რუბლის გაუფასურებას. 

ამ ყველაფრის პარალელურად კორუფცია უკურნებელ სენად რჩებოდა. ნაზარბაევი ყაზახეთი-2020-ის გეგმებში მოსახლეობას ჰპირდებოდა, რომ ყველაზე ნაკლებად კორუმპირებული ქვეყნების სამეულში მოხვდებოდნენ. თუმცა, საერთაშორისო გამჭვირვალობის 2020 წლის შედეგებით ყაზახეთი 180 ქვეყნიდან კორუფციის დონით 94-ე ადგილზე გავიდა, ბრაზილიასთან, პერუსთან და ეთიოპეასთან ერთად. 

ნაზარბაევს მრავალი სოციალური და სტრუქტურული პრობლემის მოგვარება გადავადებული ჰქონდა დრო კი ნელ-ნელა აღარ ითმენდა. როგორც ჩანს, ელბასი ხვდებოდა, რომ ხალხში მის მიმართ უარყოფითი დამოკიდებულება მზარდი იყო და ხედავდა განტევების ვაცის პოვნის საჭიროებას, თანაც, ამას გარდა, ის უკვე საკმაოდ ასაკოვანი იყო და რიგი ავადმყოფობები აწუხებდა. სწორედ ამიტომ, 2019 წელს ერის მამამ პრეზიდენტის თანამდებობა დატოვა და თავად აირჩია ადამიანი, ვისზეც მოსახლეობის ბრაზი გადატყდებოდა. ეს ადამიანი იყო ყასიმ-ჟომართ თოყაევი, რომელიც ჯერ პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლად დაინიშნა, შემდეგ კი ავტოკრატიული გარემოსთვის დამახასიათებელი გარემოს მქონე არჩევნებში 70%-ით გაიმარჯვა.

“პრეზიდენტმა თოყაევმა, ნაზარბაევის სანდო პირმა, “სოციალური კამიკაძის” ადგილი უნდა დაიკავოს. ბევრი სოციალური პრობლემა დაგროვდა და უნდა გამოჩნდეს ვიღაც, ვინც ამისთვის პასუხს აგებს და ამაზე დახარჯავს საკუთარ, არც თუ ისე დიდ, რეიტინგს”, - ამბობდა BBC-სთან პოლიტოლოგი არკადი დუბნოვი, ჯერ კიდევ 2019 წელს.

მარცხნივ - ნურსულთან ნაზარბაევი. მარჯვნივ - ყასიმ-ჟომართ თოყაევი

ნაზარბაევმა საკუთარი თავისთვის დროული გადაწყვეტილება მიიღო, რადგან ეკონომიკური ზრდა 2019 წლისთვის უკვე შეჩერებული იყო წინ კი მას ელოდა ის, რამაც მთელ მსოფლიოს მძიმე დარტყმა მიაყენა – Covid-19-ის პანდემია. ბოლო მოვლენები, რომლებიც ერთ დღეს ალბათ მაინც მოხდებოდა, სწორედ კორონავირუსმა დააჩქარა, რადგან პანდემიის წნეხის გამო, მთავრობამ ვეღარ შეძლო საწვავის ფასების სუბსიდირება და ღირებულება უცებ გაორმაგდა.

პრეზიდენტის პოსტიდან წასვლის შემდეგ, ნაზარბაევმა 2020 წელს დატოვა კიდევ 2 მნიშვნელოვანი თანამდებობა: ყაზახი ხალხის ასამბლეის თავმჯდომარისა და მმართველი პარტიის, ნურ ოთანის ლიდერის პოსტები. თუმცა, ის სამუდამო ვადით დაინიშნა ეროვნული უშიშროების საბჭოს ხელმძღვანელად (თუმცა 2022 წლის 5 იანვარს ეს თანამდებობა თოყაევმა დაიკავა). ის მაინც რჩებოდა ქვეყნის დე ფაქტო ლიდერად, დემონსტრანტების ზიზღი მის მიმართ სწორედ ამიტომ იყო მიმართული და ასევე, სწორედ ამიტომაა გასაკვირი, რომ არეულობების დაწყების შემდეგ, ის ერთხელაც არ გამოჩენილა. 

სამეფო კარის თამაშები ყაზახურად

ყაზახეთში არეულობის დაწყებიდან რამდენიმე დღეში ამღვრეული წყალი ნელ-ნელა დასუფთავდა და გამოიკვეთა სავარაუდო სიუჟეტი თუ რა მოხდა. 

თავდაპირველად, დასავლურ საზოგადოებაში ყაზახეთის მოვლენები ზოგს პოსტსაბჭოთა სივრცის ჩვეული სიმპტომი – ფერადი რევოლუცია ეგონა, თუმცა, როგორც ჩანს, ვითარება სულ სხვაგვარია. პროტესტის პირველი ტალღა ის კლასიკური შემთხვევა იყო, როდესაც მოსახლეობას დიქტატორის მიმართ მოთმინების ფიალა ევსება და ბრაზი ზენიტს აღწევს. თუმცა, ყველაფერი უფრო საინტერესო სიუჟეტით განვითარდა და მაღალი წრეების ძალაუფლებისთვის დაპირისპირებაში ჩუმად გადაიზარდა.

თოყაევი, პიროვნება, რომელსაც შაპირაშტის კლანი მაღლიდან უყურებს და პოლიტოლოგების თვალშიც საკმაოდ სუსტ ფიგურად და მარიონეტად ჩანდა, იმაზე მოულოდნელი აქტორი აღმოჩნდა, ვიდრე იფიქრებდნენ. მან შექმნილი ვითარებით ისარგებლა და საკუთარი პოზიციის გამყარებას გავლენიანი პირების ჩამოშორებით შეუდგა. საპროტესტო აქციების დაწყების შემდეგ მან გადააყენა პრემიერმინისტრი ასყარ მამინის მთავრობა. მამინი პრემიერმინისტრად ნაზარბაევის მიერ პრეზიდენტობის პოსტის დატოვებამდე ცოტა ხნით ადრე დაინიშნა, თოყაევმა არჩევნებში გამარჯვების შემდეგ კი ხელახლა დაამტკიცა ამ თანამდებობაზე. ის ზოგადად აღიქმებოდა როგორც ნაზარბაევის ნდობით აღჭურვილი კაცი. კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, რომ თოყაევმა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის (КНБ - ყაზახური КГБ) მეთაურობიდან გადააყენა კარიმ მასიმოვი, რომელიც ელბასის მმართველობის წლებში ერთი პერიოდი პრემიერმინისტრის პოსტსაც იკავებდა. ის ნაზარბაევის ახლო მოკავშირე და ერთ-ერთი ყველაზე ხანგრძლივი პრემიერი იყო (2007-2012 და 2014-2016 წლებში). КНБ მნიშვნელოვანი სადაზვევრო ორგანოა, თუმცა ყაზახეთში იანვრის მოვლენები თავიდან ვერ აიცილა, მითუმეტეს იმის გათვალისწინებით, რომ თოყაევის ბრალდებით, არეულობაში მონაწილეობენ ტერორისტული ჯგუფებიც. ეს ყველაფერი აჩენს ვარაუდს, რომ შესაძლოა КНБ-ს ნაწილი ამ მოვლენებში ჩართული იყო. ამ კითხვის ნიშნის ფონზე ეჭვებს ამძაფრებს ფაქტი, რომ მასიმოვი სახელმწიფო ღალატის ბრალდებით დააკავეს. თოყაევმა თანამდებობიდან მოხსნა ნაზარბაევის კიდევ ერთი ახლო მოკავშირე, ნათესავი და შაპირაშტის კლანის წევრი, КНБ-ს მეთაურის მოადგილე, სამათ აბიშ სათიბალდი. ამ ყველაფერთან ერთად ყასიმ-ჟომართმა თავად დაიკავა ის პოსტი, რომელიც ელბასის სიცოცხლის ბოლომდე უნდე შეენარჩუნებინა - ეროვნული უშიშროების საბჭოს მეთაურის თანამდებობა.

თოყაევმა გათავისუფლებულ თანამდებობებზე მყოფები საკუთარი ნდობით აღჭურვილი პირებით ჩაანაცვლა. КНБ-ს სათავეში მან იერმეყ საღიმბაევი დანიშნა, პრემიერმინისტრად კი ალიხან სმაილოვი წარადგინა. მართალია საღიმბაევი მმართველ წრეში თოყაევის გადაყვანილია, მაგრამ მას КНБ-ში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს.

თოყაევის ძალაუფლების ხელში ჩაგდების მცდელობა ცალმხრივი არ უნდა ყოფილიყო. როგორც ჩანს, ელბასის დაბერებას მისი ნათესავებიც ელოდნენ, მიმდინარე მოვლენებმა კი, შესაძლოა, ძალაუფლების მოხვეჭის მათი სურვილები ააჩქარა. ნაზარბაევის ნათესავებიდან აუცილებელია გამოვყოთ მისი ბიძაშვილები შაპირაშტის კლანიდან, ძმები – КНБ-ს მეთაურის პირველი მოადგილე, სამათ აბიშ სათიბალდი და მილიარდერი ყაირათ სათიბალდი.

სამათ აბიშ სათიბალდი

ზემოხსენებულმა რუსმა ისტორიკოსმა, ანდრეი ზუბოვმა ამ ამბებთან დაკავშირებით თეორია მოვლენების ესკალაციიდან მალევე ჩამოაყალიბა. მისი აზრით, თოყაევს, შესაძლოა, სურდა ელბასის ჩანაცვლება და კურსის უფრო მეტად დასავლეთისკენ აღება (რაც მე, პირადად, ნაკლებად სავარაუდო მგონია), რადგან, ჩინეთ-რუსეთზე დამოკიდებულების მიუხედავად, ევროპული ქვეყნები ყაზახეთისთვის ასევე მნიშვნელოვანი პარტნიორები რჩებოდნენ. რუსი ისტორიკოსის აზრით, მან დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალის არგამოყენების ბრძანება განზრახ გასცა, რათა მოვლენები მის სასარგებლოდ განვითარებულიყო, თუმცა აქციების მონაწილეები უკვე მის გადაყენებასაც ითხოვდნენ და სიტუაცია უკონტროლო გახდა. თეორიის მიხედვით, სწორედ აქედან ერთვებიან ძმები სათიბალდები, რომლებსაც ელბასის ძალაუფლების ვაკუუმის შევსება თავადაც სურდათ და მათი კურსი არც ჩინეთისა და რუსეთისკენ, არამედ არაბულ-ისლამური ქვეყნებისკენ იქნებოდა აღებული. მათ ასეთი არეულობებისთვის, შესაძლოა, ჰყოლოდათ წინასწარ მომზადებული ჯგუფები, რომლებიც დაკომპლექტებული იქნებოდა რადიკალი ისლამისტებისგან, აულებიდან წამოსული ნაკლებად განათლებული ხალხისგან და მამბეტებისგან (რომლებიც, სხვათა შორის, საქართველოში მყოფ “ძველი ბიჭების” ტიპის “სუბკულტურას” გვანან). ზუბოვის აზრით, როდესაც თოყაევს პროტესტის ტალღის თავადაც შეეშინდა და დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალის გამოყენების ბრძანება გასცა, ალმათიში სამხედროები და პოლიციელები მას არ დაემორჩილნენ, რადგან მათ სამათ აბიშ სათიბალდისგან სხვა დავალება ჰქონდათ მიღებული. ქვეყნის უდიდესი ქალაქი მარადიორების სარბიელად იქცა. ზუბოვის აზრით, სწორედ ამ ვითარებამ უბიძგა თოყაევს უარი ეთქვა თავდაპირველ გეგმაზე (გეგმაზე, რომელიც მას ჰქონდა ზუბოვის აზრით) და დახმარება რუსეთისთვის ეთხოვა. 

მთელ ეს თეორია საინტერესოა, თუმცა რამდენიმე დეტალი ალბათ ნაკლებად სავარაუდოა, რომ სიმართლეს შეესაბამებოდეს. მაგალითად თოყაევის დასავლური მისწრაფებები. არსებული სურათით მისი ერთადერთი რეალური მიზანი ძალაუფლების ხელში ჩაგდება უნდა ყოფილიყო, რაშიც მოსკოვი უფრო მარტივად დაეხმარებოდა. თანაც დასავლური გეზის არჩევა აბსოლუტურად ამოვარდნილი და შეუსაბამოა ყაზახეთის რეგიონის პოლიტიკური სახელმძღვანელოდან. როგორც 2019 წელს BBC-სთან პოლიტოლოგი არკადი დუბნოვი ამბობდა, შეიძლება ითქვას, რომ ცენტრალურ აზიაში მოქმედებს დაუწერელი ფორმულა: აქ რეგიონის უსაფრთხოებას უზრუნველყოფს რუსეთი, ეკონომიკურ კეთილდღეობას კი – ჩინეთი.

ასევე, მართალია ჯარის ზოგიერთი ნაწილი თოყაევს ფაქტობრივად არ დაემორჩილა და ზოგი დემონსტრანტებს ჩაბარდა კიდეც, რასაც КНБ-ს ყოფილი მაღალჩინოსნების ბრძანებებს მიაწერდნენ, თუმცა ალმათიში დატრიალებული ძარცვა, მარადიორობა და გაურკვეველი შეიარაღებული პირების თარეში, სავსებით შესაძლებელია, სამართალდამცველების მიერ მიტოვებულ ქალაქში მოვლენების ბუნებრივი განვითარება ყოფილიყო, ვიდრე ორგანიზებული ჯგუფის მოქმედებები. თანაც, რადიკალი ისლამისტებისთ ჯგუფებისთვის მახასიათებელი ნიშნები ჯერჯერობით არ ჩანს, მიუხედავად იმისა, რომ საუბარია ავღანეთიდან ჩამოყვანილ ჯიჰადისტებზე. ამ რეგიონში 90-იან წლებში უზბეკეთსა და ტაჯიკეთში რადიკალურმა ისლამისტურმა დაჯგუფებებმა საკმაოდ მძიმედ იჩინეს თავი სამოქალაქო დაპირისპირებებში, ყაზახეთში კი ამჟამად ასეთი რამ არ შეინიშნება. 

5 იანვარი, დემონსტრანტები ალმათის მერიის შენობასთან

თუმცა, რაც ამ თეორიაში საინტერესოა და რეალობას გავს, არის თოყაევისა და ნაზარბაევის ნათესავების ძალაუფლების გამო დაპირისპირება. ასევე, ხაზგასასმელია, რომ ქალაქ ალმათისა და მის გარშემო მყოფ რეგიონებში უფროსი ჟუზის წარმომადგენლები ცხოვრობენ, რისი გამოყენებაც თავისდა სასიკეთოდ ნაზარბაევის ნათესავებს მართლაც შეეძლოთ. ფაქტი, რომ სამხედროებმა, ბრძანების შეცვლის მიუხედავად, ძალა თავდაპირველად არ გამოიყენეს, მართლაც ბევრ კითხვის ნიშანს აჩენს. 2011 წლის მიტინგების დროს ნაზარბაევის რეჟიმმა დემონსტრანტებს ქალაქ აყთაუსა და ჟანაოზენეში ხელისაუკანკალებლად გაუხსნა ცეცხლი. განა ამ შემთხვევაში რა უნდა ყოფილიყო ძალის გამოყენებაზე უარის თქმის მიზეზი? როგორ შეძლო ქაოსურმა მასამ ქვეყნის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი სტრატეგიული ობიექტის, ალმათის საერთაშორისო აეროპორტის ასე მარტივად დაკავება? ან საწყობებიდან იარაღის გატანა? ჩნდება ეჭვი შიდა საბოტაჟზე, რასაც ზოგიერთი ინფორმაცია ამყარებს. მაგალითად, ყაზახეთის ყოფილი პრემიერმინისტრის, აქეჟან ყაჟიგელდინის ინფორმაციით, ალმათის აეროპორტის დაკავებიდან ნახევარი საათით ადრე, სამართალდამცველებმა მიიღეს ზარი, რომ სამსახური დაეტოვებინათ. ასევე საინტერესოა, თუ რატომ დასჭირდა ყაზახეთს გარე დახმარება? ეს ბოლო კითხვა ვაშინგტონშიც გაუჩნდათ, რაც აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა გააჟღერა. ყაზახეთის სამხედრო და შსს სისტემა ამ მოვლენებში მართლაც შიგნიდან გატეხილს ჰგავდა. სხვათა შორის, შესაძლოა, თოყაევს სწორედ ჯარის დაუმორჩილებლობის შიშმა უბიძგა დახმარება კოლექტიური თავდაცვის ხელშეკრულების ორგანიზაციისთვის (ОДКБ) ეთხოვა.

პრეზიდენტი თოყაევი შეიარაღებულ პირებზე ამბობდა, რომ ზოგი მათგანი უცხოეთის მოქალაქეა და სერიოზული სამხედრო მომზადება აქვთ გავლილი. ОДКБ-ს ძალების ყაზახეთში გაგზავნის გადაწყვეტის შემდეგ, გავრცელდა ვიდეორგოლი, რომელშიც სამხედრო ალიანსს ვითომდა წინააღმდეგობას უცხადებდა შეიარაღებული დაჯგუფება – ყაზახეთის განმანთავისუფლებელი ფრონტი. როგორც ახლანდელი გადმოსახედიდან ჩანს, ეს დაჯგუფება ფიქციურია და რეალურად არ არსებობს. სოციალურ ქსელებში პრორუსული სატელიტები ამ ვიდეოს ჩაწერას რადიკალ მემარჯვენე  უკრაინელების ტროლინგს მიაწერენ, პროდასავლური მომხარებლების აზრით კი ეს რუსეთის სპეცსამსახურების ჩაწერილი ვიდეოა, რომელიც ОДКБ-ს ქმედებების გასამართლებლად სჭირდებათ. ასეა თუ ისე, ფაქტია, რომ ვიდეორგოლი საკმაოდ საეჭვოა (ეჭვს აჩენს ის ფორმატი და დამუშავება, როგორც ჩანაწერია წარმოდგენილი, ასევე ვიდეოში მოსაუბრეების უაქცენტო რუსული საუბარი და ზოგადად ამ ენის გამოყენება) და მსგავსი დაჯგუფების არსებობის დამტკიცება შეუძლებელია. ამისდა მიუხედავად, ფაქტია, რომ ალმათიში სამთავრობო ძალებს გარკვეული შეიარაღებული ჯგუფები წინააღმდეგობას უწევდნენ. მთავრობის ცნობით, ალმათის თავს დაესხა 20 000 ტერორისტი, თუმცა მაინც არ არსებობს ინფორმაცია თუ ვინ არიან ისინი და საიდან მოვიდნენ. დამატებითი კითხვები გააჩინა ასეთი დიდი რიცხვის დასახელებამ, შემდეგ კი იმან, რომ გავრცელებული ინფორმაცია 20 000 ტერორისტის შესახებ ყაზახეთის მთავრობამ მალევე წაშალა.

კადრი ვიდეორგოლიდან, რომელშიც უცნობი პირები აცხადებენ, რომ ყაზახეთის განმანთავისუფლებელი ფრონტის წევრები არიან 

ასევე, ანტისამთავრობო შეიარაღებული ჯგუფების გარდა, ალმათიში გამოჩნდნენ სამოქალაქო პირთა მოხალისეობრივი ჯგუფები, “დრუჟინები”, როგორც მათ რუსულ მედიაში უწოდებენ. დრუჟინები ОДКБ-ს ძალებს ობიექტების დაცვასა და ქუჩებში სიტუაციის გაკონტროლებაში ეხმარებიან.

მოვლენების პარალელურად, ნაზარბაევი პოლიტიკური სივრციდან აბსოლუტურად გაუჩინარებულია. რამდენიმე განცხადება მხოლოდ მისმა სპიკერმა გააკეთა, მაგალითად, მისი თქმით, ელბასიმ თოყაევს უშიშროების კომიტეტის საბჭოს თავმჯდომარეობა თავისი ნებით გადასცა და ყასიმ-ჟომართს ის არ გაუთავისუფლებია. პრესსპიკერმა ასევე დაამატა, რომ ნაზარბაევი და თოყაევი მუდამ “ბარიკადის ერთ მხარეს იდგნენ”, რაც არსებული სპეკულაციების წინააღმდეგ მიმართულ სიტყვებს ჰგავს. ელბასი, შესაძლოა, ყაზახეთში თავისი ხატის შენარჩუნებას ცდილობდეს. მისი როლი უკვე დეკორაციულია.

ამ სურათში თითქოს ვერ ჯდება მუხთარ აბლიაზოვი - პოლიტიკური პარტია ყაზახეთის დემოკრატიული არჩევნის ლიდერი და ყაზახეთის ენერგეტიკის ყოფილი მინისტრი, სამშობლოში პატიმრობამისჯილი და საფრანგეთში ლტოლვილის სტატუსით მცხოვრები კაცი, რომელიც თავს დემონსტრანტების ლიდერად აცხადებს. მის მიერ Reuters-თან ნათქვამ სიტყვებზე დაყრდნობით თუ ვიმსჯელებთ, ის ნაკლებად სერიოზული პოლიტიკური მოთამაშე ჩანს. მისი ლაპარაკის სტილი და შინაარსი არ ჰგავს იმ ადამიანის საუბარს, ვინც მრავალმასშტაბურ საპროტესტო აქციებს ხელმძღვანელობს. მას თითქოს ნაზარბაევზე, მის სანათესავოსა და მთავრობაზე გაბრაზებული ხალხის მღელვარების ტალღის დამორჩილება სურს. ამის მიუხედავად, მას შესაძლოა მართლა ჰყავდეს ჯგუფები, რომელთა ლიდერადაც მისი მოსაზრება შესაძლებელი იქნება. თანაც, მის კავშირს ყაზახეთის მთავრობაში აქამდე არსებულ საპროტესტო აქციებთანაც ხედავდნენ. 

2014 წლის 17 ოქტომბერი, საფრანგეტი. მუხთარ აბლიაზოვი ლიონის სასამართლოში პოლიციის დაცვის ქვეშ მიდის, რათა განიხილონ მისი რუსეთში ექსტრადაციის საკითხი
AFP

ასე რომ, ამ ეტაპზე შეგვიძლია გამოვყოთ ყაზახეთის მოვლენების რამდენიმე აქტორი: 1. გულწრფელად გაბრაზებული ხალხი, ვისაც ნაზარბაევის რეჟიმის ცვლილება სურს და მშვიდობიან პროტესტს მიმართავენ; 2. გაურკვეველი შეიარაღებული პირები, რომლებიც ყაზახეთის სამართალდაცველებს ებრძვიან და ვის გამოც თოყაევი დემონსტრანტებს ტერორისტებს უწოდებს; 3. პრეზიდენტი თოყაევი, ვისაც უნდა ძალაუფლების კონსოლიდაცია; 4. ნაზარბაევის სანათესაო წრე; 5. თავად ნაზარბაევი, რომელიც ასაკის გამო სხვა მნიშვნელოვანი აქტორებისთვის უკვე გვერდზე გადადებული პოლიტიკური ფიგურაა და ამჟამად საერთოდ გაუჩინარებულია; 6. მუხთარ აბლიაზოვი - ემიგრაციაში მყოფი ყაზახი ოპოზიციონერი, რომელიც, შესაძლოა, ხელმძღვანელობდეს დემონსტრანტების მცირე ჯგუფს მაინც; 7. სამოქალაქო მოხალისეობრივი ჯგუფები, რომლებიც სამთავრობო ძალებს ეხმარებიან; 8. რუსეთი და ზოგადად ОДКБ, ვინც არსებული სიტუაციიდან მომგებიან მდგომარეობაში რჩებიან.

ფაქტია, რომ ამ ეტაპზე, ერთადერთი, ვინც ყაზახეთის არეულობით ისარგებლა, მოსკოვია, რომელმაც აქ საკუთარი სამხედროების გადასხმით გავლენა გაიმყარა. თანაც, თუ თოყაევი ძალაუფლების ელბასისა და მისი სანათესაოს ხელებიდან გამოგლეჯვას ცდილობს, ОДКБ-ს ოპერაციის შემდეგ მისი ლეგიტიმაციის წყარო სწორედ რუსეთი ხდება, რადგან ყასიმ-ჟომართმა საკუთარი, სახელმწიფო ძალებით არ ან ვერ შეძლო დემონსტრანტებთან გამკლავება. ამჟამინდელი პრეზიდენტი მოსკოვისთვის აქამდეც საკუთარ კადრად აღიქმებოდა, სხვათა შორის, განათლება თოყაევს მოსკოვში, საერთაშორისო ურთიერთობების სახელმწიფო უნივერსიტეტში (МГИМО) აქვს მიღებული. ახლა რუსეთს ყაზახეთზე კონტროლის გაზრდის შანსი ეძლევა. ამას გარდა, შესაძლებელი გახდა ОДКБ-ს რეალური ამოქმედება და პრაქტიკაში გამოცდა, რასაც რუსულ მედიაში კოლექტოური თავდაცვის ხელშეკრულების ორგანიზაციის “სამხედრო ნათლობას” უწოდებენ. მნიშვნელოვანია, რომ ეს ყველაფერი ხდება მაშინ, როცა რუსეთი NATO-ზე ზეწოლას ზრდის. შესაბამისად ჩნდება შიში, ხომ არ გახდება ОДКБ XXI საუკუნის ვარშავის პაქტის ბლოკი.

კოლექტოური თავდაცვის ხელშეკრულების ორგანიზაციის დროშა. სამხედრო ალიანსში შედიან შემდეგი პოსტსაბჭოთა ქვეყნები: რუსეთი, სომხეთი, ბელარუსი, ყაზახეთი, ყირგიზეთი და ტაჯიკეთი.

ჩრდილოეთ ყაზახეთი და რუსეთის იმპერიალისტული მადა

მართალია მთელი ამ პერიოდის განმავლობაში ყაზახეთი რუსეთის საკმაო ახლო მოკავშირედ ითველებოდა, თუმცა ერთი რამ ყოველთვის ცხადად იყო შესამჩნევი – ნაზარბაევი კრემლს არასდროს მორჩილდებოდა ისე, როგორც ამას ბელარუსი აკეთებს. ყაზახეთის მმართველ ელიტას დასავლეთის სანქციებით ცხოვრება, როგორც ჩანს, არ სურდა. მეტიც, სხვა დიქტატურული რეჟიმებისგან განსხვავებით, მათი თვალი მუდამ მიმართული იყო დასავლური ქვეყნებისკენ, სადაც უამრავი უძრავი ქონება და აქტივები აქვთ.

ამას გარდა, ყაზახეთს უწევდა მუდმივი ბალანსის შენარჩუნება მოსკოვს, პეკინსა და ვაშინგტონს შორის. თუმცა ეს ყველაფერი კრემლში დიდი შფოთვის მიზეზი ალბათ არ იქნებოდა, რადგან მათ ამ ქვეყანაზე მაინც საკმარისი გავლენა ჰქონდათ და მათი უსაფრთხოების გარანტორებად რჩებოდნენ. მოსკოვში რეალურ სადარდებელს ის გააჩენდა, თუ საით წავიდოდა ყაზახეთი ნაზარბაევის მმართველობის დასრულების შემდეგ.

რუსეთისთვის არც თუ ისე სასიამოვნო ფაქტს წარმოადგენდა ყაზახეთისა და ჩინეთის უფრო და უფრო დაახლოებაც. თუ 2000-იანი წლების დასაწყისში ყაზახური ბუნებრივი აირის კონტროლი რუსული ენერგოკომპანია ტრანსნეფტის ხელში იყო, ყველაფერი შეიცვალა 2009 წელს, როდესაც აშენდა ახალი გაზსადენი, რომელიც გაზის ჩინეთში ექსპორტირების საშუალებას იძლეოდა. სწორედ ნაზარბაევი იყო ის, ვინც 2013 წელს ჩინეთის ერთი სასრტყელი ერთი გზის ინიციატიავაში ჩაერთო, მან გამოთქვა იდეა, აღედგინათ ძველი აბრეშუმის გზა, რომელიც ზღვაზე გასასვლელის არმქონე ყაზახეთში გაივლიდა. ელბასიმ ერთხელ შემდეგი სიტყვებიც კი ახსენა: “ჩვენ არ გვაქვს ზღვაზე გასასვლელი, მაგრამ, როგორც ერთმა [ჩინელმა] ბიზნესმენმა თქვა - ჩინეთი ჩვენი ოკეანეა”. თუმცა, აღსანიშნავია, რომ ყაზახეთს პეკინთან გარკვეული პრობლემები აქვს. ჩინეთის საკონცენტრაციო ბანაკების მსხვერპლები არა მხოლოდ უიღურები, არამედ ადგილობრივი ეთნიკური ყაზახებიც არიან. ამის მიუხედავად, ეს ფაქტი ორი ქვეყნის ეკონომიკურ ურთიერთობაზე არ მოქმედებდა. ნაზარბაევის რეჟიმი ცდილობდა გაეჩუმებინა ჩინეთის ბანაკებიდან გამოსული ის ყაზახები, რომლებიც საკუთარ მძიმე გამოცდილებაზე საუბრობდნენ და არაადამიანური მოპყრობის ფაქტებს აპროტესტებდნენ. 

ნურსულთან ნაზარბაევი და სი ძინფინგი, 2018 წელი

ჩინეთის გარდა, ყაზახეთი უახლოვდებოდა რუსეთის ერთ-ერთ რეგიონალურ მეტოქეს – თურქეთსაც. ყაზახეთი შედის თურქული სახელმწიფოების ორგანიზაციაში, რომლის თავმჯდომარე რეჯეფ თაიფ ერდოღანია. სხვათა შორის, მას გარდა, ნურსულთან ნაზარბაევს საპატიო თავმჯდომარის ადგილი ეკავა.

ამ ყველაფერთან ერთად, ყაზახეთი გარკვეულ მომენტებში მოსკოვის ზეწოლას უპირისპირდებოდა. მაგალითად, მათ ანექსირებული ყირიმი რუსეთის ტერიტორიად არ აღიარეს. ასევე, ყაზახეთმა შეძლო და ვლადიმირ პუტინს არ მისცა საშუალება ევრაზიული ეკონომიკური კავშირი თავდაპირველი განზრახვის ტიპის ორგანიზაციად ჩამოეყალიბებინა. ევრაზიული კავშირის, რომლის წევრი თავად ყაზახეთიცაა, გათვლილი იყო როგორც ეკონომიკურ-პოლიტიკური ორგანიზაცია. ნაზარბაევის რეჟიმის წინააღმდეგობის შედეგად, მეორე ფუნქცია ვერ შედგა.

რუსეთ-ყაზახეთის ურთიერთობას 2014 წლის უკრაინის მოვლენების, ყირიმის ანექსიისა და დონბასის ომის ჩრდილი დაადგა. ამ მოვლენების შემდეგ, ნურსულთან ნაზარბაევს, როგორც ჩანს შფოთვა დაეწყო ქვეყანაში მცხოვრებ დაახლოებით 3.5 მილიონ რუსსა და ჩრდილოეთ ყაზახეთზე, რომლის რუსეთისთვის შეერთების სურვილს ხშირად გამოხატავდნენ რუსი ნაციონალისტები, რომლებიც ამ ცენტრალური აზიის ქვეყნის სახელმწიფოებრიობას საკმაოდ აგდებით ეკიდებიან. აქვე, საინტერესოა, რომ, როგორც The Economist-ში წერდნენ, 2014 წლის უკრაინის მოვლენებიდან რამდენიმე კვირაში ნაზარბაევი ჩინეთის პრეზიდენტ სი ძინფინგს მისი მხრიდან ყაზახეთისთვის უსაფრთხოების გარანტიების შექმნაზე ჰკითხა. 

რუს ნაციონალისტებამდე, ჩრდილოეთ ყაზახეთზე მადა საბჭოთა კავშირის ბოლო დღეებში, როგორც ჩანს, რუსეთის ფედერაციის პირველ პრეზიდენტს, ბორის ელცინს გაუჩნდა. ელცინი მიხვდა, რომ საბჭოთა რესპუბლიკების საზღვრების ფარგლებში სახელმწიფოების მიერ დამოუკიდებლობის გამოცხადება კრემლის ინტერესებში ნაკლებად შედიოდა, რადგან გარკვეულ სტრატეგიულ ტერიტორიებზე წვდომას დაკარგავდა. 1991 წელს რუსეთის პირველი პრეზიდენტის განცხადებაში საუბარი იყო საზღვრების პრობლემებსა და რუსეთის “საზღვრების შესწორების საკითხის წამოჭრის უფლების შენარჩუნებაზე”. რთული მისახვედრი არაა თუ რომელი საზღვრების გადახედვა იგულისხმებოდა. თანაც, ცნობების მიხედვით, როდესაც სსრკ-ს ბოლო დღეებში, ელცინი უკრაინასა და ყაზახეთს დამოუკიდებლობის გამოცხადების შემთხვევაში ემუქრებოდა საზღვრების შესწორებითა და მათ ტერიტორიებზე რუსული პრეტენზიების წამოჭრით.

ბორის ელცინი და ნურსულთან ნაზარბაევი

ჩრდილოეთ ყაზახეთზე რუსული მოთხოვნები ელცინთან არ დასრულებულა. ჯერ კიდევ 1990-იან წლებში აქ არსებობდა რამდენიმე ირედენტისტული მოძრაობა, რომლებიც ამ ტერიტორიის რუსეთისთვის შეერთებას ითხოვდნენ. სიტუაცია იმდენად მწვავე იყო, რომ ყაზახეთის მთავრობამ 2000 წლის ივნისში დააკავა ერთ-ერთი ჯგუფის ლიდერი, ვიქტორ კაზიმირჩუკი, რომელსაც 18 წელი მიუსაჯეს, თუმცა 2006 წელს გაათავისუფლეს და რუსეთში გადასვლის უფლება მისცეს. 2001 წელს რუსეთში დააკავეს ულტრამემარჯვენე რუსი მწერალი და დისიდენტი, ედუარდ ლიმონოვი, რომელიც ბრალდებების მიხედვით ჩრდილოეთ ყაზახეთში სეპარატისტულ ამბოხს გეგმავდა. ზოგიერთი მოსაზრებით, ყაზახეთის მთავრობამ დედაქალაქი სამხრეთში მყოფი ალმათიდან, შედარებით ჩრდილოეთით მყოფ ასტანაში (რომელსაც ნაზარბაევის საპატივსაცემოდ ნურ-სულთანი გადაარქვეს) სწორედ სეპარატისტული საფრთხის გამო გადაიტანა. 

ყაზახეთის სახელმწიფოებრიობას დუმის დეპუტატებიც ესხმოდნენ თავს. მაგალითად, ვიაჩესლავ ნიკონოვმა ყაზახეთის ტერიტორიებს საბჭოთა კავშირისა და რუსეთის საჩუქარი უწოდა. ამ სიტყვების თქმიდან მომდევნო დღეს რუსმა ნაციონალისტებმა მოსკოვში მყოფი ყაზახეთის საელჩოდან გადმოკიდეს ბანერი წარწერით: “ჩრდილოეთ ყაზახეთი რუსული მიწაა”.

დიდი ეთნიკური ჯგუფები ყაზახეთში: ნარინჯისფერი - ყაზახები, იასამნისფერი - რუსები, მწვანე - უიღურები

ყაზახეთისთვის სამწუხაროდ, მათ სახელმწიფოებრიობას სერიოზულად არც რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტი, ვლადიმირ პუტინი უყურებს. 2014 წელს პუტინმა, სწორედ ყირიმის ანექსიის შემდეგ თქვა: “[ნაზარბაევმა] შექმნა სახელმწიფო ტერიტორიაზე, რომელზეც სახელმწიფო არ არსებულა. ყაზახებს არასდროს ჰქონიათ არანაირი სახელმწიფოებრიობა, [ნაზარბაევმა] შექმნა”. პუტინის მსგავს შეხედულებებს სავალალო შედეგებამდე რომ მივყავართ უკრაინის მაგალითზე ვიხილეთ. უკრაინის, რომელსაც რუსეთის პრეზიდენტი ისე უყურებს, როგორც არალეგიტიმურ სახელმწიფოს და მას ლენინის მიერ შექმნილად მიიჩნევს.

პუტინის 2014 წლის სიტყვებიდან მალევე, ნაზარბაევის მთავრობამ გამოაცხადა გეგმები ყაზახეთის სახანოს დაარსებიდან 550 წლისთავის აღნიშნვის შესახებ. 2015 წელს, ქერაი ხანისა და ჟანიბეკ ხანის მიერ ყაზახეთის სახანოს დაარსების 550-ე წლისთავის წინ, ნაზარბაევმა პუტინის საპირისპიროდ თქვა: “პატივს მივაგებთ ჩვენი წინაპრების ხსოვნასა და ქმედებებს, გვახსოვს, რომ ჩვენი წმინდა მიწის ისტორია რამდენიმე საუკუნის წინ იწყება. ყაზახეთის სახელმწიფოებრიობა იმ დროიდან იღებს სათავეს. შეიძლება ეს ამ ტერმინის თანამედროვე გაგების და ახლანდელი საზღვრების შესაბამისი სახელმწიფო არ ყოფილა, [მაგრამ] მნიშვნელოვანია, რომ საფუძველი მაშინ ჩაიყარა და ჩვენ ვართ ხალხი, ვინც ჩვენი წინაპრების დიად საქმეებს აგრძელებს”. ყაზახეთმა რუსეთისგან კულტურული დამოუკიდებლობის ხაზგასასმელად სლავურ კირილიცაზე დაფუძნებული ანბანის ლათინური ანბანით შეცვლაც გადაწყვიტა

კადრი ყაზახური სერიალის "ყაზახეთის სახანოს" გადასაღები სცენიდან, 2016 წელი.

ყაზახეთის მიმართ რუსული შოვინიზმის გამოვლინება არც ბოლო მოვლენების დროს დავიწყებიათ. ამჯერად ოფიციალურ პირებს არაფერი უთქვამთ, თუმცა რუსი ნაციონალისტების დამოკიდებულება კრემლის ერთგულმა რუპორმა, სამთავრობო მედია Russia Today-ს ინგლისურენოვანი სამსახურის მთავარმა რედაქტორმა, მარგარიტა სიმონიანმა გაახმოვანა. მას შემდეგ, რაც ყაზახეთის პრეზიდენტმა ОДКБ-ს დახმარების თხოვნით მიმართა, სიმონიანმა Twitter-ზე დაწერა, რომ რუსეთი მათ უნდა დახმარებოდა, თუმცა აუცილებელი იქნებოდა შემდეგი პუნქტების შესრულება: ყირიმის რუსეთის ნაწილად აღიარება, კირილიცის ანბანად დაბრუნება, რუსულის მეორე სახელმწიფო ენად გამოცხადება და რუსული სკოლებისთვის თავის დანებება. მნიშვნელოვანია რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქის, კირილეს სიტყვებიც. მან ყაზახეთს “ჩვენი [რუსეთის] ოდესღაც ერთიანი დიდი ქვეყნის ტერიტორია” უწოდა.

დღევანდელი გადმოსახედიდან, რუსული შოვინისტური სენტიმენტები ყაზახეთის ტერიტორიების მიმართ ახლო მომავალში ამ ქვეყნისთვის საფრთხეს არ უნდა წარმოადგენდეს. ყაზახეთი მაინც მოსკოვის ორბიტაზე რჩება, მითუმეტეს ბოლო მოვლენების შემდეგ, კრემლი აქ გავლენას აშკარად უფრო გაამყარებს. ამჟამად ნაკლებად სავარაუდოა იმ შიშების გამართლება, რაც ОДКБ-ს ძალებთან მიმართებაში არსებობდა, რომ ისინი ყაზახეთში დიდი ხნით გაჩერდებიან და ეს მისია ოკუპაციაში გადაიზრდება. რეალურად, ამ ეტაპზე, მოსკოვისთვის მსგავსი საჭიროება არ არსებობს, რადგან ყველაფერი ისედაც მათ კონტროლს ექვემდებარება. თანაც, ОДКБ-ს 10 იანვრის შეხვედრაზე უკვე დაიწყო საუბარი, რომ მათი ძალები ქვეყნის დატოვებას მალე აპირებენ, რადგან სიტუაცია უკვე კონტროლქვეშაა. რეალური საფრთხე, რაც ამ სამხედრო ალიანსთან დაკავშირებით არსებობს, არის ის, რომ ეს პირველი შემთხვევა მხოლოდ ხელშეკრულების პრაქტიკაში გამოცდა იყო, მომავალში კი, შესაძლოა, ისეთივე სახე მიიღოს როგორც ცივი ომის დროს ვარშავის პაქტის ბლოკს ჰქონდა. 

თავდაპირველად, ყაზახეთის მოვლენებთან რუსეთის კომენტარების ნაკლებობის გამო გაჩნდა ეჭვი, რომ ეს სიჩუმე განპირობებული იყო ქვეყანაზე გავლენის უქონლობით. რეალურად, ყველაფერი პირიქით უნდა ყოფილიყო. როდესაც რუსეთი სიტუაციას ვერ აკონტროლებს, სწორედ მაშინ იწყება მათი პანიკური კომენტარები, რაც მაგალითად უკრაინის შემთხვევაში მაიდანის მოვლენების ხდებოდა. საბოლოო ჯამში, თოყაევის სახით, რუსეთს ყაზახეთის სათავეში შერჩა ნაზარბაევსა და მის ნათესავებზე სანდო პირი, რომლის ლეგიტიმაციის წყაროდაც ОДКБ-ს ძალების დახმარებით თავადვე იქცა. ამიტომაც, ამ ეტაპზე ჩრდილოეთ ყაზახეთს საფრთხე არ უნდა ემუქრებოდეს.

2018 წელი, ОДКБ-ს სამხედრო წვრთნები ყირგიზეთში

მართალია ახლა ჩრდილოეთ ყაზახეთში არ არსებობს იმის საფრთხე, რაც უკრაინასა და საქართველოში ვიხილეთ, თუმცა ადგილობრივ რუსებში დამკვიდრებული სენტიმენტები შეიძლება ერთ დღესაც კრემლმა ამ ქვეყნის წინააღმდეგ ბერკეტად გამოიყენოს, თუ ის მის ორბიტას დაშორდება.

დღეს, როდესაც ყაზახეთში სიტუაცია კვლავ სტაბილური ხდება, ნათელია, რომ აქ არანაირი ფერადი რევოლუცია არ იგეგმებოდა, გულწრფელად გაბრაზებული, მაგრამ მშვიდობიანი დემონსტრანტების მხრიდანაც კი. როდესაც ვითარება სრულად დაწყნარდება, გარკვეულ კითხვის ნიშნებს პასუხი გაეცემა, ცნობილი გახდებიან მნიშვნელოვანი აქტორები, თუმცა ყაზახეთის მთავრობა ალბათ ბევრი რამის დამალვასაც შეეცდება და ზოგი საკითხი სპეკულაციების საგნად დარჩება. ასეა თუ ისე, ეს არეულობა ნაზარბაევის მმართველობისთვის მართლაც დასასრული უნდა იყოს. საკითხავია ის, თუ როგორ გაგრძელდება ძალაუფლების გამო არსებული ქვეყნის შიდა დაპირისპირება და შეინარჩუნებს თუ არა რაიმე სახის გავლენას ნაზარბაევის ნათესავთა წრე და შაპირაშტის კლანი, შეეცდებიან თუ არა ისინი ძალაუფლების მომავალში დაბრუნებას.

კომენტარები