ყაზახეთი

ყაზახეთში მესამე დღეა, მოსახლეობა საწვავის გაძვირებას აპროტესტებს [VIDEO]

Getty Images

ყაზახეთში, ქვეყნის დასავლეთში, მანგისთაუს ოლქში საწვავის ფასის გაძვირების გამო მესამე დღეა, სტიქიური საპროტესტო აქციები მიმდინარეობს. პირველ იანვარს ერთი ლიტრი თხევადი გაზის ფასი 50-60 ტენგედან 120 ტენგემდე გაიზარდა. რეგიონში საწვავად ძირითადად თხევად გაზს იყენებენ.

საპროტესტო აქციები ქალაქ ჟანაოზენში ორ იანვარს დაიწყო. აქიცები გაიმართა აქთაუში, ალმათში და დედაქალაქ ნურ-სულთანშიც. საწვავის ფასების დაწევის მოთხოვნას მალევე მთავრობის გადადგომის მოთხოვნა დაემატა. რამდენიმე ქალაქში აქციები პოლიციასთან დაპირისპირებაში გადაიზარდა.

სამთავრობო კომისიამ ქალაქ აქთაუში მომიტინგეებს პირობა მისცა, რომ თხევადი გაზის ფასი შემცირდებოდა.

4 იანვარს ატირაუს ოლქში ნავთობის საბადო ტენგიზზე დასაქმებულებმა საბადოს მუშაობა შეაჩერეს და საპროტესტო აქცია გამართეს. აქციის მონაწილეებთან შესახვედრად გაემგზავრა ოლქის ხელმძღვანელი სერიკ აიდარბეკოვი.

გამოცემა ინტერფაქსის ინფორმაციით, 4 იანვარს საპროტესტო აქციებს შეუერთდნენ ქალაქ აქტაუში მდებარე ერთ-ერთი ავტოპარკის თანამშრომლები. 3 იანვარს სოლიდარობის ნიშნად მუშაობაზე უარი თქვეს მანგისთაუს ოლქში კალამაკსის და ყარაჟანბასის ნავთობის საბადოებზე დასაქმებულებმა.

ყაზახეთის პრეზიდენტმა ყასიმ-ჟომართ თოყაევმა მდგომარეობის სასწრაფოდ შეფასების განკარგულება გასცა. თუმცა ხელისუფლება ამბობს, რომ თხევადი გაზის ფასის ძველ ნიშნულამდე დაბრუნებას ვერ შეძლებენ.

2011 წელს ჟანაოზენში ნავთობსაბადოზე დასაქმებულთა მიტინგები იმართებოდა, ისინი ხელფასების მომატებას და სოციალურ შეღავათებს ითხოვდნენ. ყაზახეთის დამოუკიდებლობის აღნიშვნის 20 წლისთავზე ქალაქში არეულობა დაიწყო და პოლიციამ დემონსტრანტებს ცეცხლი გაუხსნა. ოფიციალური ინფორმაციით, დაიღუპა 17 ადამიანი. თუმცა ჟურნალისტები და უფლებადამცველები თვლიან, რომ გაცილებით უფრო მეტი ადამიანი იყო მოკლული.

კომენტარები