საპროტესტო აქციები ყაზახეთში

ყაზახეთის უსაფრთხოების კომიტეტი: ქვეყანაში სიტუაცია კონტროლის ქვეშაა

ყაზახეთის ეროვნული უსაფრთხოების კომიტეტში (КНБ) აცხადებენ, რომ ქვეყანაში სიტუაცია სტაბილურია და კონტროლის ქვეშაა. მათი თქმით, დაიბრუნეს შეიარაღებული პირების მიერ კონტროლირებადი ყველა ადმინისტრაციული ობიექტი. 

"2022 წლის 10 იანვრის მოცემულობით, ყაზახეთის რესპუბლიკაში სიტუაცია სტაბილურია და კონტროლის ქვეშაა. ტერორიზმთან ბრძოლის რესპუბლიკური და რეგიონალური შტაბების მხრიდან ტერორისტული საფრთხის კერები უვნებელყოფილია. გათავისუფლებულია ტერორისტების მიერ დაკავებული ადმინისტრაციული ობიექტები ქალაქ ალმათიში, ყიზილორდაში, თალდიყორღანსა და თარაზში. უზრუნველყოფილია განსაკუთრებით მნიშვნელოვანი სტრატეგიული ობიექტებისა და იარაღისა და საბრძოლო მასალის საცავების უსაფრთხოება", – აცხადებენ КНБ-ში.

განცხადებაში ასევე საუბარია, რომ აგრძელებენ იმ ადგილების შემოწმებას, სადაც შესაძლოა შეიარაღებული პირები და მასობრივი არეულობის ორგანიზატორები იმალებოდნენ. 


ყაზახეთში საპროტესტო აქციები მანგისთაუს ოლქში 2 იანვარს დაიწყო. პროტესტის თავდაპირველი მიზეზი საწვავის ფასის გაძვირება გახდა, თუმცა მალევე აქციებმა ანტისამთავრობო ხასიათი მიიღეს. აქციები გაიმართა ქვეყნის დიდ ქალაქებშიც, მათ შორის, აყთაუში, ალმათიში და დედაქალაქ ნურ-სულთანშიც.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით დაკავებულია 5 000-ზე მეტი ადამიანი. საპროტესტო აქციების ფონზე დაპირისპირების შედეგად დაღუპულები არიან როგორც სამართალდამცველები, ასევე დემონსტრანტები. მთელ ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა იყო გამოცხადებული. პრეზიდენტის ბრძანებით, სამხედროებს დემონსტრანტებისთვის გაფრთხილების გარეშე სროლა შეეძლოთ.

მასობრივი საპროტესტო აქციების ფონზე მთავრობა გადადგა. გადაწყვეტილება ქვეყნის პრეზიდენტმა, ყასიმ-ჟომართ თოყაევმა მიიღო. თოყაევი დემონსტრანტებს ცვლილებებს დაჰპირდა, თუმცა ამისდა მიუხედავად საპროტესტო ტალღა არ შეწყვეტილა.

ქვეყნის პრეზიდენტი, ყასიმ-ჟომართ თოყაევი აცხადებს, რომ ის დედაქალაქის დატოვებას არ აპირებს. მისი განცხადებით, ის გაუძღვება ყაზახეთის უშიშროების საბჭოს. ეს პოზიცია სამუდამო ვადით ებარა ყაზახეთის პირველ პრეზიდენტსა და გავლენიან პოლიტიკურ ფიგურას, ნურსულთან ნაზარბაევს. გავრცელდა ინფორმაცია, რომ ნაზარბაევმა ქვეყანა დატოვა, თუმცა ინფორმაციას უარყოფს მისი პრესსპიკერი.

თოყაევმა ქვეყანაში არსებულ მდგომარეობასთან გამკლავებისთვის დახამრება სთხოვა კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციას (ОДКБ). ОДКБ-მ ყაზახეთში სამხედრო ძალების შეყვანის გადაწყვეტილება მიიღო. ქვეყანაში სამხედროების შეყვანა პირველმა რუსეთმა დაიწყო. ОДКБ-ს მისიის ფარგლებში დასრულდა ყაზახეთში სომეხი სამხედროების გადაყვანაც.

კომენტარები