საპროტესტო აქციები ყაზახეთში

ყაზახეთში არეულობის შედეგად 225 ადამიანი დაიღუპა

ალმათი, ყაზახეთი. 7 იანვარი, 2022
Getty Images

ყაზახეთში არეულობის შედეგად 225 ადამიანი გარდაიცვალა. გენერალური პროკურატურის ცნობით, დაღუპულთა შორის უშიშროების სამსახურის 19 წევრია.

პროკურატურის წარმომადგენლის, სერიკ შალაბაევის თქმით, გარდაცვლილებს შორის არიან როგორც სამოქალაქო პირები ასევე შეიარაღებული "ბანდიტები". მისივე თქმით, გარდაცვლილთა რაოდენობის შესახებ ინფრომაცია, შესაძლოა, კიდევ განახლდეს.

შალაბაევის ცნობით, 5 იანვარს, ქვეყანაში დაძაბულობის პიკზე, დემონსტრაციებში 50 000 ადამიანი იღებდა მონაწილეობას.

ყაზახეთში საპროტესტო აქციები მანგისთაუს ოლქში 2 იანვარს დაიწყო. პროტესტის თავდაპირველი მიზეზი საწვავის ფასის გაძვირება გახდა, თუმცა მალევე აქციებმა ანტისამთავრობო ხასიათი მიიღეს. აქციები გაიმართა ქვეყნის დიდ ქალაქებშიც, მათ შორის, აყთაუში, ალმათიში და დედაქალაქ ნურ-სულთანშიც.

მასობრივი საპროტესტო აქციების ფონზე მთავრობა გადადგა. გადაწყვეტილება ქვეყნის პრეზიდენტმა, ყასიმ-ჟომართ თოყაევმა მიიღო. თოყაევი დემონსტრანტებს ცვლილებებს დაჰპირდა, თუმცა ამისდა მიუხედავად საპროტესტო ტალღა არ შეწყვეტილა და დემონსტრაციები რამდენიმე დღე გრძელდებოდა.

5 იანვარს მასობრივი საპროტესტო აქციების და არეულობის ფონზე, თოყაევმა კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციას (ОДКБ) "ტერორისტული საფრთხის" დაძლევისთვის სამშვიდობო ძალების გამოგზავა სთხოვა. რუსეთმა ყაზახეთში საჰაერო სდესანტო ძალების ქვედანაყოფი გადასხა. ОДКБ-ს წევრი სახელმწიფოების თანახმად, მთლიანობაში ყაზახეთში 2 000-მდე სამშვიდობო გაიგზავნა. 

10 იანვარს უსაფრთხოების კომიტეტმა განაცხადა, რომ ქვეყანაში სიტუაცია სტაბილურია და კონტროლის ქვეშაა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დაკავებულია 10 000-მდე ადამიანი. საპროტესტო აქციების ფონზე დაპირისპირების შედეგად დაღუპულები არიან როგორც სამართალდამცველები, ასევე – დემონსტრანტები. არსებული ინფორმაციით, მოვლენებს ორივე მხარეს 160-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. მთელ ქვეყანაში სანაგნებო მდგომარეობა იყო გამოცხადებული. პრეზიდენტის ბრძანებით, სამხედროებს დემონსტრანტებისთვის გაფრთხილების გარეშე სროლა შეეძლოთ.

კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის ძალებმა ქვეყნის დატოვება დაიწყეს. როგორც ყაზახეთში იუწყებიან, მთავრობის მიერ გამოცხადებული ანტიტერორისტული ოპერაცია თითქმის ყველა რეგიონში დასრულებულია

ყაზახეთის მოვლენებთან დაკავშირებით, არსებობდა ვარაუდები, რომ ქალაქ ალმათიში არეულობა ორ პოლიტიკურ ძალას შორის ძალაუფლებისთვის დაპირისპირებას მოჰყვა და ერთმანეთთან დაპირისპირებული იყვნენ პრეზიდენტი ყასიმ-ჟომართ თოყაევი და ექსპრეზიდენტი ნაზარბაევის წრის წარმომადგენლები. ვრცლად ყაზახეთის მოვლენებისა და არსებული სპეკულაციების შესახებ წაიკითხეთ აქ – არეულობა ყაზახეთში – ფერადი რევოლუციის მცდელობა თუ სამეფო კარის თამაშები ყაზახურად.

კომენტარები