საპროტესტო აქციები ყაზახეთში

ყაზახეთის უშიშროების ყოფილ მეთაურზე გამოძიება ძალაუფლების ძალით მიტაცების ფაქტებზე დაიწყო

კარიმ მასიმოვი

ყაზახეთის ეროვნული უშიშროების სამსახურის (КНБ) ყოფილი თავმჯდომარეზე, კარიმ მასიმოვზე, რომელიც გასულ დღეებში არეულობების დროს დააკავეს, გამოძიება ძალაუფლების ძალის გამოყენებით მიტაცების ფაქტებზე დაიწყო. ის სახელმწიფო ღალატის ბრალდებით იყო დაკავებული. 

"მოცემული საქმის ფარგლებში, დაწყებულია წინასასამართლო გამოძიება ძალაუფლების ძალის გამოყენებით მიტაცებისა და სამსახურეობრივი ძალაუფლების გადამეტების ფაქტებზე", – აცხადებენ КНБ-ში.

ამას გარდა, დააკავეს КНБ-ს თავმჯდომარის ყოფილი მოადგილეები: დაულეთ ერგოჟინი და ანუარ სადიკულოვი. ისინი ბრალდებულები არიან სახელმწიფო ღალატში.

კარიმ მასიმოვი ითვლებოდა ყაზახეთის პირველი პრეზიდენტის, ნურსულთან ნაზარბაევის ახლო მოკავშირედ. უშიშროების სამსახურის თავმჯდომარეობის გარდა, ის ერთ-ერთი ყველაზე ხანგრძლივი პრემიერმინისტრი იყო, 2007-2012 და 2014-2016 წლებში.

ყაზახეთის მოვლენებთან დაკავშირებით, არსებობდა ვარაუდები, რომ ქალაქ ალმათიში არეულობა ორ პოლიტიკურ ძალას შორის ძალაუფლებისთვის დაპირისპირებას მოჰყვა და ერთმანეთთან დაპირისპირებული იყვნენ პრეზიდენტი ყასიმ-ჟომართ თოყაევი და ექსპრეზიდენტი ნაზარბაევის წრის წარმომადგენლები. ვრცლად ყაზახეთის მოვლენებისა და არსებული სპეკულაციების შესახებ წაიკითხეთ აქ – არეულობა ყაზახეთში – ფერადი რევოლუციის მცდელობა თუ სამეფო კარის თამაშები ყაზახურად.


ყაზახეთში საპროტესტო აქციები მანგისთაუს ოლქში 2 იანვარს დაიწყო. პროტესტის თავდაპირველი მიზეზი საწვავის ფასის გაძვირება გახდა, თუმცა მალევე აქციებმა ანტისამთავრობო ხასიათი მიიღეს. აქციები გაიმართა ქვეყნის დიდ ქალაქებშიც, მათ შორის, აყთაუში, ალმათიში და დედაქალაქ ნურ-სულთანშიც.

მასობრივი საპროტესტო აქციების ფონზე მთავრობა გადადგა. გადაწყვეტილება ქვეყნის პრეზიდენტმა, ყასიმ-ჟომართ თოყაევმა მიიღო. თოყაევი დემონსტრანტებს ცვლილებებს დაჰპირდა, თუმცა ამისდა მიუხედავად საპროტესტო ტალღა არ შეწყვეტილა და დემონსტრაციები რამდენიმე დღე გრძელდებოდა.

5 იანვარს მასობრივი საპროტესტო აქციების და არეულობის ფონზე, თოყაევმა კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციას (ОДКБ) "ტერორისტული საფრთხის" დაძლევისთვის სამშვიდობო ძალების გამოგზავა სთხოვა. რუსეთმა ყაზახეთში საჰაერო სდესანტო ძალების ქვედანაყოფი გადასხა. ОДКБ-ს წევრი სახელმწიფოების თანახმად, მთლიანობაში ყაზახეთში 2 000-მდე სამშვიდობო გაიგზავნა. 

10 იანვარს უსაფრთხოების კომიტეტმა განაცხადა, რომ ქვეყანაში სიტუაცია სტაბილურია და კონტროლის ქვეშაა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დაკავებულია 10 000-მდე ადამიანი. საპროტესტო აქციების ფონზე დაპირისპირების შედეგად დაღუპულები არიან როგორც სამართალდამცველები, ასევე – დემონსტრანტები. არსებული ინფორმაციით, მოვლენებს ორივე მხარეს 160-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. მთელ ქვეყანაში სანაგნებო მდგომარეობა იყო გამოცხადებული. პრეზიდენტის ბრძანებით, სამხედროებს დემონსტრანტებისთვის გაფრთხილების გარეშე სროლა შეეძლოთ.

კომენტარები