საპროტესტო აქციები ყაზახეთში

გაერო ყაზახეთს ცისფერი ჩაფხუტების უნებართვო გამოყენებისთვის აკრიტიკებს

ყაზახი სამხედროები გაერო-ს ცისფერი ჩაფხუტებით 6 იანვარს, ქალაქ ალმათიში
AP News

გაერო-ში ყაზახეთს საპროტესტო აქციების დროს სამხედროების მიერ გაერო-ს სამშვიდობო მისიებისთვის განკუთვნილი ცისფერი ჩაფხუტების უნებართვო გამოყენებას აკრიტიკებენ.

ყაზახეთის საპროტესტო აქციების დროს გავრცელდა ფოტოები, რომლებშიც ყაზახეთის სამთავრობო ძალებს გაერო-ს სამშვიდოების ცისფერი ჩაფხუტები ეხურათ. 

გაერო-ს ცისფერი ჩაფხუტის გამოყენება მხოლოდ ამ ორგანიზაციის უშიშროების საბჭოს დამტკიცებული სპეციალური სამშვიდობო მისიის წარმომადგენლებისთვისაა ნებადართული.

"გაერო-სთვის სამხედროების ან პოლიციის გამომყოფმა ნებისმიერმა ქვეყანამ, გაერო-ს ემბლემა მხოლოდ მაშინ უნდა გამოიყენოს, როდესაც მანდატით გათვალისწინებულ სამშვიდობო მისიას ასრულებენ. ჩვენი შეშფოთება პირდაპირ შევატყობინეთ გაერო-ს ყაზახეთში მყოფ მუდმივ მისიას და მათ დაგვარწმუნეს, რომ ეს პრობლემა მოაგვარეს", – ამბობს გაეროს სპიკერი, სტეფან დიუჟარიკი.

ყაზახი სამხედრო გაერო-ს ცისფერი ჩაფხუტით. 6 იანვარი, ალმათი.
ვლადიმირ ტრიტიაკოვი/AP News

ყაზახეთში საპროტესტო აქციები მანგისთაუს ოლქში 2 იანვარს დაიწყო. პროტესტის თავდაპირველი მიზეზი საწვავის ფასის გაძვირება გახდა, თუმცა მალევე აქციებმა ანტისამთავრობო ხასიათი მიიღეს. აქციები გაიმართა ქვეყნის დიდ ქალაქებშიც, მათ შორის, აყთაუში, ალმათიში და დედაქალაქ ნურ-სულთანშიც.

მასობრივი საპროტესტო აქციების ფონზე მთავრობა გადადგა. გადაწყვეტილება ქვეყნის პრეზიდენტმა, ყასიმ-ჟომართ თოყაევმა მიიღო. თოყაევი დემონსტრანტებს ცვლილებებს დაჰპირდა, თუმცა ამისდა მიუხედავად საპროტესტო ტალღა არ შეწყვეტილა და დემონსტრაციები რამდენიმე დღე გრძელდებოდა.

5 იანვარს მასობრივი საპროტესტო აქციების და არეულობის ფონზე, თოყაევმა კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციას (ОДКБ) "ტერორისტული საფრთხის" დაძლევისთვის სამშვიდობო ძალების გამოგზავა სთხოვა. რუსეთმა ყაზახეთში საჰაერო სდესანტო ძალების ქვედანაყოფი გადასხა. ОДКБ-ს წევრი სახელმწიფოების თანახმად, მთლიანობაში ყაზახეთში 2 000-მდე სამშვიდობო გაიგზავნა. 

10 იანვარს უსაფრთხოების კომიტეტმა განაცხადა, რომ ქვეყანაში სიტუაცია სტაბილურია და კონტროლის ქვეშაა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დაკავებულია 10 000-მდე ადამიანი. საპროტესტო აქციების ფონზე დაპირისპირების შედეგად დაღუპულები არიან როგორც სამართალდამცველები, ასევე – დემონსტრანტები. არსებული ინფორმაციით, მოვლენებს ორივე მხარეს 160-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. მთელ ქვეყანაში სანაგნებო მდგომარეობა იყო გამოცხადებული. პრეზიდენტის ბრძანებით, სამხედროებს დემონსტრანტებისთვის გაფრთხილების გარეშე სროლა შეეძლოთ.

ყაზახეთის მოვლენებსა და შიდა პოლიტიკურ დაპირსპირებებზე შეგიძლიათ წაიკითხოთ აქ – არეულობა ყაზახეთში – ფერადი რევოლუციის მცდელობა თუ სამეფო კარის თამაშები ყაზახურად.

კომენტარები