3+3 ფორმატი

ლავროვი: თურქ, აზერბაიჯანელ, სომეხ მეგობრებს ვთხოვეთ თბილისისთვის 3+3-ის სარგებელი აეხსნათ

სერგეი ლავროვი

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა 3+3 ფორმატში საქართველოს ჩართვის შესაძლებლობაზე 14 იანვარს გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა.

ლავროვის თქმით, 3+3 ფორმატი საქართველოს პოლიტიკურ პოზიციებთან დაკავშირებით არაფერს დაავალდებულებს და თურქ, აზერბაიჯანელ და სომეხ კოლეგებს სთხოვეს ქართული მხარისთვის აეხსნათ ამ შეხვედრების სარგებელი.

"ჩვენ დავუკავშირდით ჩვენს თურქ და აზერბაიჯანელ მეგობრებს, სომხეთს თხოვნით, რომ ჩვენი ქართველი მეზობლებისთვის მაინც აეხსნათ სარგებელი მათთვის და ყველა ჩვენგანისთვის, ამ ფორმატში ჩართვით. ასეთი ჩართულობა მათ არ დაავალდებულებს იმაზე, რაც მათ პოლიტიკურ პოზიციებს ეხება", – თქვა სერგეი ლავროვმა. 

"3+3 ფორმატში დაწყებული პროცესი ბევრად უფრო მნიშვნელოვანია [ვიდრე ჟენევის დისკუსიების ფორმატი და არაოფიციალური ორმხრივი კონტაქტი], ჩემი აზრით, რადგან ამ ფორმატში განიხილება მთელი ამ რეგიონის პერსპექტივები", – დაამატა ლავროვმა. 

გასულ დღეებში, საქართველოს ელჩმა თურქეთში, გიორგი ჯანჯღავამ თქვა, რომ საქართველო არ მიიღებს მონაწილეობას 3+3-ის თურქეთში გამართულ შეხვედრაში.


3+3 ფორმატის პირველი შეხვედრა გასული წლის 10 დეკემბერს მოსკოვში გაიმართა და მას ქართული მხარე არ დასწრებია. მიუხედავად იმისა, რომ შეხვედრას თბილისის დელეგაცია არ დაესწრო, მხარეების სხდომის ოთახში აღმართული იყო საქართველოს დროშაც, რაც დაგმო საქართველოს საგარეო უწყებამ. 

პირველი შეხვედრის შემდეგ, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გამოაქვეყნა განცხადება, რომელშიც ნათქვამი იყო, რომ 3+3 პლატფორმაში საქართველოსთვის კარი ღია რჩება.

პირველი შეხვედრის შემდეგ, გავრცელდა ინფორმაცია, რომ მომდევნო სხდომა შესაძლოა თურქეთში ჩატარებულიყო. რუსულ მედიასთან ისაუბრა თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მევლუთ ჩავუშოღლუმ და თქვა, რომ 3+3-ის მომდევნო შეხვედრის ჩატარებას თურქეთში ელოდნენ და იმედოვნებდნენ საქართველოს მხარის ჩართვასაც.

2020 წლის მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის შემდეგ, თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა წამოაყენა ექვსი ერის პლატფორმის, იგივე ე.წ. 3+3 ფორმატის შექმნის იდეა. ეს გულისხმობს თურქეთის, აზერბაიჯანის, სომხეთის, საქართველოს, რუსეთისა და ირანის კოოპერაციას რეგიონში სტაბილურობისა და მშვიდობის დასამყარებლად. 

ერდოღანმა ეს ინიციატივა კიდევ ერთხელ გაიმეორა 2021 წლის ივნისში, აზერბაიჯანში ვიზიტის დროს და თქვა, რომ კავკასიის რეგიონში მშვიდობის დამყარება რეგიონული კოოპერაციითაა შესაძლებელი და ეს მთელი მსოფლიოსთვის სასიკეთო იქნება.

2021 წლის მარტში, დავით ზალკალიანსა და თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრ მევლუთ ჩავუშოღლუს შორის გამართულ შეხვედრაზე განხილვის ერთ-ერთი საგანი 3+3 ფორმატიც იყო. შეხვედრის შემდეგ მევლუთ ჩავუშოღლუმ თქვა, რომ მას ესმოდა თბილისის ფრთხილი პოზიცია ამ რეგიონალურ იდეასთან დაკავშირებით და ხაზი გაუსვა თურქეთის მხარდაჭერას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მიმართ. 

კომენტარები