ჩრდილოეთის ნაკადი 2

გერმანიის თავდაცვის მინისტრი: ნუ გავრევთ Nord Stream 2-ის გაზსადენს რუსეთ-უკრაინის კონფლიქტში

გერმანიის თავდაცვის მინისტრი, ქრისტინ ლამბრეხტი

გერმანიის თავდაცვის მინისტრმა, ქრისტინ ლამბრეხტმა თქვა, რომ ბალტიის ზღვაში გამავალი, რუსეთ-გერმანიის მაკავშირებელი გაზსადენი – Nord Stream 2 რუსეთ-უკრაინის კონფლიქტში არ უნდა გარიონ. 

"[Nord Stream 2] ამ [რუსეთ-უკრაინის] კონფლიქტში არ უნდა გავრიოთ", – თქვა გერმანიის თავდაცვის მინისტრმა Rundfunk Berlin-Brandenburg-ისთვის მიცემულ ინტერვიუში.

"ჩვენ ეს კონფლიქტი უნდა გადავჭრათ და უნდა გადავჭრათ მოლაპარაკებებით. ეს არის შესაძლებლობა, რომელიც ახლა გაგვაჩნია და უნდა გამოვიყენოთ, [კონფლიქტთან] იმ პროექტების [Nord Stream 2-ის] დაკავშირების ნაცვლად, რომელთაც არაფერი აქვთ საერთო ამ კონფლიქტთან", – თქვა ლამბრეხტმა rbb-სთან. 

პარალელურად, ამერიკელმა სენატორებმა წარადგინეს სანქციების კანონპროექტი, რომელიც შესაძლოა, უკრაინაში შეჭრის ან კონფლიქტის შემდგომი ესკალაციის შემთხვევაში რუსეთის წინააღმდეგ ამოქმედდეს. საპასუხო ქმედებების სია მოიცავს ჩრდილოეთის ნაკადი 2-ზე სანქციების დაწესებასაც.

ბალტიის ზღვაში გამავალი ჩრდილოეთის ნაკადი 2-ის მშენებლობა გასულ წელს დასრულდა, თუმცა ბუნებრივი აირის მიწოდება ჯერ არ დაწყებულა. გაზსადენის სერტიფიცირების პროცესი დროებით შეჩერებულია.

პროექტს ეწინააღმდეგებოდა უკრაინა, რომლის ტერიტორიაზეც აქამდე ევროპაში ბუნებრივი აირის იმპორტიორი ერთ-ერთი მთავარი გაზსადენი გადიოდა. ამას გარდა, ჩრდილოეთის ნაკადი 2-ის პროექტი აჩენს შიშებს, რომ ევროკავშირის ქვეყნები და განსაკუთრებით გერმანია რუსეთზე ენერგოდამოკიდებულები გახდებიან.

"ეს პროექტი არღვევს ევროკავშირის ენერგოპოლიტიკის პრინციპებს, საფრთხეს უქმნის უკრაინასა და პოლონეთის ეკონომიკურ და სტრატეგიულ მდგომარეობას. ბაიდენი ეწინააღმდეგება ამ პროექტს". – ამობდა აშშ-ს სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი 2021 წლის მარტში.

2021 წლის ივლისში გერმანიამ და აშშ-მ მაღწიეს შეთანხმებას, რომ ამერიკა დაუშვებდა გაზსადენის შენებას ისე, რომ დამატებითი სანქციები არ დაეწესებინა, სანაცვლოდ კი გერმანია კიდევ 10 წლით გაახანგრძლივებდა რუსეთსა და უკრაინაზე ბუნებრივი აირის ტრანზიტის კონტრაქტს, რომელსაც ვადა 2024 წელს გასდის.


უკრაინის საზღვრებთან, კიევისა და ვაშინგტონის ცნობებით, ასიათასამდე რუსი სამხედროა თავმოყრილი. გრძელდება შეიარაღებული ძალების ამ ტერიტორიაზე უჩვეულო თავმოყრა და გადაადგილება. არსებობს შიში, რომ რუსეთი უკრაინაში შეჭრისთვის ემზადება. დასავლეთი რუსეთს უპრეცედენტო სანქციებით ემუქრება.

The Washington Post-ის ინფორმაციით, რუსეთი, შესაძლოა, უკრაინაზე 175 000-კაციან თავდასხმას გეგმავდეს.

უკრაინის დაზვერვის სამსახურის მეთაურმა, გენერალ-ბრიგადირმა კირილო ბუდანოვმა the Military Times-თან საუბარში თქვა, რომ რუსეთის ფედერაცია უკრაინაში შეჭრას 2022 წლის იანვრის დასასრულისთვის, ან თებერვლის დასაწყისითვის აპირებს. შიშობენ, რომ თავდასხმა იგეგმება ბელარუსის ტერიტორიიდანაც. ვრცლად ბელარუსის როლზე რუსეთის ჰიბრიდულ ომში წაიკითხეთ აქ – ბელარუსი რუსეთის ჰიბრიდულ ომში – ვასალიტეტი XXI საუკუნეში.

პარალელურად დაძაბულია NATO-სა და რუსეთის ურთიერთობა. 17 დეკემბერს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გამოაქვეყნა აშშ-სთან და NATO-სთან უსაფრთხოების გარანტიებზე მოლაპარაკების პროექტი. რუსეთი ჩრდილოატლანტიკურ ალიანსსა და აშშ-ს, ფაქტობრივად, ჯარებისა და შეიარაღების 1997 წლის მაისის განლაგებაზე დაბრუნებას სთხოვს, ანუ იმ დროინდელ პოზიციებზე დაბრუნებას სანამ აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებს NATO-ში მიიღებდნენ. ასევე, მოსკოვი კიდევ ერთხელ ითხოვს ალიანსის გაფართოების შეჩერებასა და მასში უკრაინის გაწევრიანების დაუშვებლობას უსვამს ხაზს. პროექტის მიხედვით, NATO-მ უნდა შეაჩეროს სამხედრო საქმიანობა უკრაინაში, აღმოსავლეთ ევროპაში, კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში.

ვრცლად უკრაინის საზღვრებთან არსებული დაძაბულობისა და ომის შესაძლებლობის შესახებ წაიკითხეთ აქ – უკრაინა ახალი ომის მოლოდინში – დასავლეთს ძილის დრო არ აქვს.

კომენტარები