ჩრდილოეთის ნაკადი 2

ანალენა ბერბოკი: რუსეთის მხრიდან აგრესიის შემთხვევაში ჩრდილოეთის ნაკადი 2 ვერ ამოქმედდება

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის, ანალენა ბერბოკის განცხადებით, გაზსადენი ჩრდილოეთის ნაკადი 2 მოცემულ მომენტში სერტიფიცერებული ვერ იქნება. ამის მიზეზად ბერბოკმა გერმანულ გამოცემა ZDF-თან ინტერვიუში, გაზსადენის ევროპული ენერგეტიკული კანონმდებლობის მოთხოვნებთან შეუსაბამობა დაასახელა.

ბერბოკმა აღნიშნა, რომ ოლაფ შოლცის კოალიციურმა მთავრობამ ზემოხსენებულ საკითხზე კოალიციაზე მოლაპარაკებების დროსაც იმსჯელა და პარტიები შეთანხმდნენ, რომ გაზსადენთან დაკავშირებით ევროპული ნორმებით იხელმძღვანელებენ. კონკრეტულად რას ითვალისწინებს შეთანხმება მინისტრს არ დაუკონკრეტებია.

გარდა ამისა, ბერბოკმა თქვა, რომ გაზსადენის პროექტზე გავლენას უკრაინაში არსებული მდგომარეობაც მოახდენს. მისი თქმით, რუსეთის მხრიდან უკრაინის წინააღმდეგ ახალი აგრესიის შემთხვევაში, პროექტი ამოქმედებას ვერ შეძლებს.

"შემდგომი ესკალაციის შემთხვევაში, ეს გაზსადენი ვეღარ ამოქმედდება" - თქვა ბერბოკმა ZDF-თან ინტერვიუს დროს.

აღსანიშნავია, რომ G7-ის სამიტის დასრულების შემდეგ, გაზსადენთან დაკავშირებით გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმაც ისაუბრა.

"სერიოზული შეცდომა იქნება იმის დაჯერება, რომ ევროპული ქვეყნის საზღვრების დარღვევა, პასუხის გარეშე დარჩება" - თქვა შოლცმა.

ჩრდილოეთის ნაკადი 2-ის მშენებლობა სექტემბერში დასრულდა. 8 ნოემბერს გაზპრომმა გამოცხადა, რომ პროექტი გაშვებისთვის მზად არის. იმავე დღეს გერმანიაში მისი სერტიფიცირების პროცესის განხილვა დაიწყო. ექსპერტების შეფასებით პროცესი შეიძლება მაისამდე გაიწელოს, რადგან ის ევროკომისიამაც უნდა განიხილოს.

კომენტარები