უკრაინის საზღვაო და შეიარაღებული ძალების ცნობით, მაისის ბოლოს რუსეთის როსტოვის ოლქში ნოვოშახტინსკის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე უკრაინამ იერიში "ნეპტუნის" ტიპის ხომალდსაწინააღმდეგო სარაკეტო სისტემით მიიტანა.
"31 მაისის ღამით საზღვაო ძალებისა და უკრაინის შეიარაღებული ძალების დანაყოფებმა კიდევ ერთხელ მიიტანეს ზუსტი დარტყმა მტრის სტრატეგიულ ობიექტზე. იერიშის შედეგად მწყობრიდან გამოვიდა ნავთობპროდუქტების საცავები და ნავთობის დისტილაციის ორი ატმოსფერულ-ვაკუუმური დანადგარი, რომელთაგანაც თითოეულს ყოველწლიურად 2.5 მილიონი ტონის წარმადობა აქვს." – განაცხადა უკრაინის სამხედრო-საზღვაო ძალებმა Telegram-ზე.
ნოვოშახტინსკის ქარხანა რეგიონის საწვავის ინფრასტრუქტურის მთავარი შემადგენელი ნაწილია და ის მნიშვნელოვან როლს თამაშობს საწვავით რუსული ძალების მომარაგების მხრივ. "დარტყმამ მნიშვნელოვნად შეამცირა საჯარისო დაჯგუფებების ლოჯისტიკური მხარდაჭერის კუთხით მტრის შესაძლებლობები." – განაცხადა უკრაინულმა მხარემ.
მანამდე უკრაინის გენშტაბმა დაადასტურა, რომ 31 მაისის ღამის საათებში უკრაინამ ნოვოშახტინსკის ნავთობქარხანაზე იერიში მიიტანა და ნედლი ნავთობის სადისტილაციო ორ დანადგარს დაარტყა, რის შედეგადაც ობიექტზე ხანძარი გაჩნდა.




