აშშ-რუსეთი

აშშ-ს სენატორების კანონპროექტით უკრაინაში შეჭრის შემთხვევაში სანქციები პუტინს შეეხება

ვლადიმირ პუტინი

ამერიკელმა სენატორებმა წარადგინეს სანქციების კანონპროექტი, რომლებიც შესაძლოა, უკრაინაში შეჭრის ან კონფლიქტის შემდგომი ესკალაციის შემთხვევაში რუსეთს დაუწესდეს. 

შემოთავაზებულ სანქციებს შორისაა პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინისთვის ასევე რუსეთის პრემიერმინისტრისთვის, საგარეო საქმეთა და თავდაცვის მინისტრებისთვის და სამხედრო მეთაურებისთვის აშშ-ში შესვლის აკრძალვა და აქტივების გაყინვა. 

კანონპროექტის მიხედვით, უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემთხვევაში აშშ-ს პრეზიდენტმა 30 დღის ვადაში უნდა დაუწესოს სანქციები მინიმუმ სამ მსხვილ რუსულ ბანკს. ასევე პროექტი სთავაზობს აშშ-ს შემოიღოს სანქციები რუსეთის საგარეო ვალის და ჩრდილოეთის ნაკადი 2-ის მილსადენის წინააღმდეგ.

გარდა ამისა კანონპროექტის მიხედვით, ნახევარი წლის ვადაში სახაზინო დეპარტამენტმა, სახელმწიფო დეპარტამენტმა და სადაზვერვო სამსახურებმა უნდა მოამზადონ დეტალური ანგარიში ვლადიმირ პუტინის, მისი ნათესავების და მასთან დაახლოებული ბიზნესმენების ქონების შესახებ, რათა მათ სანქციები დაუწესდეთ.

კანონპროექტი ასევე ითვალისწინებს უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გაზრდას.

დოკუმენტი სენატორ რობერტ მენენდესის ხელმძღვანელობით 26-მა სენატორმა წარადგინა. გამოცემა The Washington Post-ის მიხედვით, თეთრი სახლი მხარს უჭერს სანქციების ამ პაკეტს.

უკრაინის საზღვრებთან რუსი სამხედროების თავმოყრის გამო აშშ რუსეთს უპრეცედენტო, მკაცრი სანქციებით ემუქრება. აშშ-ს პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ვლადიმირ პუტინთან ვიდეოშეხვედრა 2021 წლის 7 დეკემბერს გამართა. შეხვედრაზე ბაიდენმა პუტინს უთხრა, რომ უკრაინაში ესკალაციის შემთხვევაში  რუსეთს ძლიერი ზომებით უპასუხებენ. აშშ-ს პრეზიდენტის თქმით, მან პუტინი გააფრთხილა, რომ თუ რუსეთი უკრაინაში შეიჭრება ის "საშინელ ფასს გადაიხდის" და რუსეთისთვის ეკონომიკური შედეგები დამანგრეველი იქნება.

უკრაინის საზღვრებთან, კიევისა და ვაშინგტონის ცნობებით, ასიათასამდე რუსი სამხედროა თავმოყრილი. გრძელდება შეიარაღებული ძალების ამ ტერიტორიაზე უჩვეულო თავმოყრა და გადაადგილება. არსებობს შიში, რომ რუსეთი უკრაინაში შეჭრისთვის ემზადება. 

The Washington Post-ის ინფორმაციით, რუსეთი, შესაძლოა, უკრაინაზე 175 000-კაციან თავდასხმას გეგმავდეს.

უკრაინის დაზვერვის სამსახურის მეთაურმა, გენერალ-ბრიგადირმა კირილო ბუდანოვმა the Military Times-თან საუბარში თქვა, რომ რუსეთის ფედერაცია უკრაინაში შეჭრას 2022 წლის იანვრის დასასრულისთვის, ან თებერვლის დასაწყისითვის აპირებს. შიშობენ, რომ თავდასხმა იგეგმება ბელარუსის ტერიტორიიდანაც. ვრცლად ბელარუსის როლზე რუსეთის ჰიბრიდულ ომში წაიკითხეთ აქ – ბელარუსი რუსეთის ჰიბრიდულ ომში – ვასალიტეტი XXI საუკუნეში.

პარალელურად დაძაბულია NATO-სა და რუსეთის ურთიერთობა. 17 დეკემბერს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გამოაქვეყნა აშშ-სთან და NATO-სთან უსაფრთხოების გარანტიებზე მოლაპარაკების პროექტი. რუსეთი ჩრდილოატლანტიკურ ალიანსსა და აშშ-ს, ფაქტობრივად, ჯარებისა და შეიარაღების 1997 წლის მაისის განლაგებაზე დაბრუნებას სთხოვს, ანუ იმ დროინდელ პოზიციებზე დაბრუნებას სანამ აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებს NATO-ში მიიღებდნენ. ასევე, მოსკოვი კიდევ ერთხელ ითხოვს ალიანსის გაფართოების შეჩერებასა და მასში უკრაინის გაწევრიანების დაუშვებლობას უსვამს ხაზს. პროექტის მიხედვით, NATO-მ უნდა შეაჩეროს სამხედრო საქმიანობა უკრაინაში, აღმოსავლეთ ევროპაში, კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში.

ვრცლად უკრაინის საზღვრებთან არსებული დაძაბულობისა და ომის შესაძლებლობის შესახებ წაიკითხეთ აქ – უკრაინა ახალი ომის მოლოდინში – დასავლეთს ძილის დრო არ აქვს.

კომენტარები