დაძაბულობა უკრაინის საზღვრებთან

WP: აშშ-ს დაზვერვის ცნობით, რუსეთი უკრაინაზე თავდასხმას 175 000 სამხედროთი გეგმავს

The Washington Post-ის ცნობით, აშშ-ს დაზვერვაში დაადგინეს, რომ კრემლი გეგმავს უკრაინაზე ფართომასშტაბურ თავდასხმას, რომელშიც 175 000 სამხედრო იქნება ჩართული. 

"რუსეთის გეგმები ითვალისწინებს უკრაინაზე სამხედრო თავდასხმას 2022 წლის დასაწყისში, ორჯერ უფრო დიდი სამხედრო ძალით, ვიდრე ეს ბოლო გაზაფხულზე, უკრაინის საზღვრებთან რუსეთის ვარჯიშების დროს ვიხილეთ. გეგმა მოიცავს ბატალიონის 100 ტაქტიკური ჯგუფის ფართო მოძრაობას, სავარაუდოდ, 175 000 სამხედროს ჩართულობით, ჯავშანტექნიკით, არტილერიითა და აღჭურვილობით", – ანონიმურად თქვა Washington Post-თან აშშ-ს ოფიციალურმა პირმა.

უკრაინული ინფორმაციით, მათ საზღვრებთან 94 000-მდე რუსი სამხედრო იყო განლაგებული, აშშ-ს დაზვერვის ბოლო ცნობებით კი, მათი რიცხვი 70 000-მდეა. თუმცა, ამერიკული ცნობების მიხედვით, მოსალოდნელია მათი რაოდენობის 175 000-მდე გაზრდა. მათი აზით, რუსეთის სამხედრო შენაერთების ინტენსიური გადაადგილება ემსახურება "მათი მიზნების ბურუსით მოცვასა და გაურკვევლობის შექმნას". 

აშშ-ს ოფიციალური წარმომადგენლის თქმით, მათი ინფორმაცია სატელიტების ბოლო სურათებს ეყრდნობა. 

მოსკოვმა ვაშინგტონის ყურადღება წელს რეზერვისტების მოულოდნელი მობილიზაციითა და უკრაინის მიმართ გაზრდილი რიტორიკით მიიპყრო.

ამერიკის დაზვერვის დოკუმენტებში ნახსენებია, რომ, შესაძლოა, რუსი სამხედროები აღჭურვილობის ნაწილს სავარჯიშო პოლიგონებზე ტოვებდნენ, რათა უკრაინაზე თავდასხმა სწრაფად წარიმართოს.

უკრაინის მთავრობის წარმომადგენელმა ამერიკულ მედიასთან საუბარში თქვა, რომ წელს, უკრაინის საზღვრებთან აქამდე ჩატარებული რუსული სამხედრო ვარჯიშები, მათ ძალებს თავდასხმის რეპეტიციაში დაეხმარა. 

"რუსმა სამხედროებმა, ჩვენი სახელმწიფოს საზღვრებთან შეიმუშავეს დამრტყმელი ჯგუფების საკითხები, სამობილიზაციო ზომები, ჯგუფების ლოჯისტიკური დახმარება და მნიშვნელოვანი სამხედრო კონტინგენტების გადაადგილება, საჰაერო გზის ჩათვლით", – თქვა ანონიმურად უკრაინელმა ოფიციალურმა პირმა. 

აშშ-ს წარმომადგენლის თქმით, ბოლო თვეში გაზრდილია რუსული და მათ მიერ კონტროლირებული მედიების პროპაგანდაც, უკრაინისა და NATO-ს წინააღმდეგ, რათა პოტენციური რუსული სამხედრო აგრესია მომავალში მათ დააბრალონ. 


უკრაინის საზღვრებთან, კიევისა და ვაშინგტონის ცნობებით, ათიათასობით რუსი სამხედროა თავმოყრილი. გრძელდება შეიარაღებული ძალების ამ ტერიტორიაზე უჩვეულო თავმოყრა და გადაადგილება. არსებობს შიში, რომ რუსეთი უკრაინაში შეჭრისთვის ემზადება. 

უკრაინის დაზვერვის სამსახურის მეთაურმა, გენერალ-ბრიგადირმა კირილო ბუდანოვმა the Military Times-თან საუბარში თქვა, რომ რუსეთის ფედერაცია უკრაინაში შეჭრას 2022 წლის იანვრის დასასრულისთვის, ან თებერვლის დასაწყისითვის აპირებს. შიშობენ, რომ თავდასხმა იგეგმება ბელარუსის ტერიტორიიდანაც. 

ვრცლად უკრაინის საზღვრებთან არსებული დაძაბულობისა და ომის შესაძლებლობის შესახებ წაიკითხეთ აქ – უკრაინა ახალი ომის მოლოდინში – დასავლეთს ძილის დრო არ აქვს.

კომენტარები